ქართული სპორტი ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერად გაერთიანდა

15 იანვარი 2016

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და კალათბურთის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, 14 იანვარს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი მატჩი გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა, ვეტერანმა კალათბურთელებმა, ვეტერანმა და მოქმედმა სპორტსმენებმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებმა, სხვადასხვა ფედერაციების წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა.

კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტნის მხარდასაჭერად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ კალათბურთის ფედერაციასთან ერთად სპორტის სამყარო გააერთიანა.

ზაზას მხარდასაჭერ საკალათბურთო მატჩში მსოფლიოს, ევროპის და საქართველოს ჩემპიონებმა ითამაშეს, მათ შორის მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონმა ჭიდაობაში, საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმატარიელ ხეჩიკაშვილმა მოადგილეებთან აკაკი ლოდიასთან, შალვა გოგოლაძესთან და რევაზ ჯაველიძესთან ერთად, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს 8-გზის ფალავანმა ალექსი დავითაშვილმა, მსოფლიოს ჩემპიონმა ჭიდაობაში რამაზ ნოზაძემ, ევროპის ჩემპიონმა დავით მარსაგიშვილმა, კანოეს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქაცარავამ, ვეტერანმა კალათბურთელებმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ნიკოლოზ დერიუგინმა, პაატა გურასპაულმა, ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა და სხვებმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურები - პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და ვიცე-პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ტყვიის სროლაში ნინო სალუქვაძე, ასევე სხვადასხვა სპორტული ფედერაციების - ფეხბურთის, რაგბის, ძალოსნობის, კარატეს, უშუს, ხელბურთის, ფიგურული ციგურაობის და სხვა წარმომადგენლები, ვეტერანი კალათბურთელები, ქომაგები, ჟურნალისტები. ვეტერანთა გუნდის მწვრთნელი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე გახლდათ, ხოლო სამინისტროს გუნდის ახალგაზრდული დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კანდელაკი.

მატჩი ფრედ - 47:47 დასრულდა, გაიმარჯვა ზაზა ფაჩულიასადმი საქართველოს სპორტის სამყაროს სოლიდარობამ.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია NBA-ში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონს ატარებს და ახლოსაა ისტორიულ მიღწევასთან - მონაწილეობას მიიღოს ყველა ვარსკვლავის მატჩში, რომელიც 14 თებერვალს, ტორონტოში გაიმართება. ხმის მიცემის პროცედურა დეკემბრიდან მიმდინარეობს და დღევანდელი მატჩიც სწორედ პროცესის გააქტიურებისთვის ჩატარდება. ხმის მიცემის პროცედურა 18 იანვარს შეწყდება.

თამაშის თანაორგანიზატორი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან და კალათბურთის ფედერაციასთან ერთად, დეველოპერული კომპანია " Royal Group" იყო, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ზაზა ფაჩულიას მხარდამჭერ აქციებს მართავს.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური