ძიუდოს მწვრთნელთა საერთაშორისო სემინარი

21 იანვარი 2016

თბილისში, სპორტკომპლექს „არენაში," ძიუდოს ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და ოლიმპიური სოლიდარობის ხელშეწყობით ტარდება ძიუდოს მწვრთნელთა 10 -დღიანი სემინარი და სასერთიფიკატო გამოცდები.

24-მა ქართველმა მწვრთნელებმა ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის ათკვირიანი თეორიული კურსი ინტერნეტით გაიარეს, თბილისში კი შემაჯამებელი გამოცდა ჩააბარეს. ამის შემდეგ, უცხოეთიდან მოწვეული ლექტორ-სპეციალისტების ხელმძღვანელობით, სემინარის მონაწილეები თეორიიდან პრაქტიკაზე გადავიდნენ და 24 იანვარს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაც მოუწევთ. წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ შესაბამისი დიპლომი და სერთიფიკატი.

თბილისურ შემაჯამებელ სემინარს უძღვებიან ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის რექტორი ენვიკ გალეა, უნგრეთის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის პროფესორი კოზლა ტიბორი, ლექტორები _ დანიელ ლასკაუ და მარკ ჰუიზინგა. სემინარის ხელმძღვანელებს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტთან, დავით ქევხიშვილთან ერთად შეხვდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი. სტუმარ-მასპინძლებმა ისაუბრეს სემინარის მნიშვნელობაზე, ტექნიკურ საკითხებზე. გამოითქვა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.