"რიო-2016" : 220 ათასი ბილეთი ორ დღეში

25 იანვარი 2016

რიო დე ჟანეიორის 2016 ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, მხოლოდ ორი დღის განმავლობაში 21-22 იანვარს გაიყიდა ოლიმპიურ შეჯიბრებებზე დასასწრები 220 ათასი ბილეთი. როგორც ვარაუდობენ, უშუალოდ ბრაზილიის მოქალაქეებისთვის გამოყოფილი შედარებით იაფი ნახევარი მილიონი ბილეთი რამდენიმე დღეში სრულად იქნება რეალიზებული. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა მძლეოსნობის ფეხბურთის, ცურვის, კალათბურთის, ძიუდოს, ხელბურთის, პლაჟის ფრენბურთის, ოლიმპიადის საზეიმო გახსნისა და დახურვის ცერემონიის ბილეთებზე. საორგანიზაციო კომიტეტი, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან შეთანხმებით, შეეცადა მაქსიმალურად დააკმაყოფილოს სპორტის ადგილობრივი გულშემატკივრების იტერესი და ამავე დროს გათვალისწინებულია ფასების ხელმისაწვდომობაც.

მთლიანობაში ნავარაუდევია 7,5 მილიონი ბილეთის რეალიზაცია. შედარებით ძვირია ბილეთები ოლიმპიადის საზღვარგარეთელი სტუმრებისთვის. მაგალითად, მძლეოსნობაზე დასასწრები ბილეთების ფასია 100-400 დოლარი, ფეხბურთის ფინალური ეტაპის მატჩების ბილეთები 100-180 დოლარი ღირს, პლაჟის ფრენბურთის სამედლო მატჩებისა - 400-700 დოლარი. თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიებზე დასწრების მსურველებს 640-3000 დოლარის გადახდა მოუწევთ.