სად გაიმართება მეორე ევროპული თამაშები?

26 იანვარი 2016

ეს კითხვა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ჰოლანდიამ გასული წლის ივნისში დაარღვია ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებთან (ეოკ-ი) მიღწეული წინასწარი შეთანხმება და ფინანსური პრობლემების მომიზეზებით, უარი განაცხადა თამაშების მასპინძლობაზე (შეჯიბრებები ჰოლანდიის ექვს ქალაქში უნდა გამართულიყო, გახსნისა და დახურვის "მოკრძალებული, მაგრამ შთამბეჭდავი"ცერემონიალი კი _ ამსტერდამის ოლიმპიურ სტადიონზე). მერე გამოჩნდნენ სხვა კანდიდატები, მათ შორის _ გლაზგო, მინსკი, პოზნანი, სტამბული და სხვ. საქმე იქითკენ მიდიოდა, რომ 2015 წლის ბოლოსთვის ეოკ-ს უნდა დაესახელებინა მეორე თამაშების კანდიდატი ქალაქები, მათგან საუკეთესოსთვის კი ოფიციალურად გადაეცა ეს უფლება. პროცესი კვლავ გაიწელა და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. აზერბაიჯანს პირველი თამაშების მასპინძელობა მილიარდობით დოლარი დაუჯდა და ამან არაერთი პოტენციური მსურველი დააფრთხო. მეორეს მხრივ, რამდენიმე შესაძლო კანდიდატი თავად ეოკ-მა დაიწუნა.

ეოკ-ის პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი იმედოვნებს, რომ წლეულს მაისში ყველა პროცედურა დასრულდება და მეორე ევროპული თამაშების მასპინძლის ვინაობა ოფიციალურად დასახელდება. თითქმის გადაწყვეტილია, რომ თამაშები სოჭში ან ყაზანში გაიმართება. რუსეთმა ადრევე გამოთქვა ამგვარი სურვილი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუშალა დოპინგის მასობრივ გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის მიმართ წაყენებულმა მეტად სერიოზულმა ბრალდებებმა. მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ დაადგინა, რომ დოპინგტესტების გაყალბებაში არა მარტო მძლეოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელები, არამედ რუსეთის სპორტის სამინისტროს მაღალჩინოსნებიც მონაწილეობდნენ და ამას სისტემური ხასიათი ჰქონდა. ამ სკანდალს მკაცრად გამოეხმაურა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია, რომელმაც წამოაყენა წინადადება დიდი შეჯიბრებებიდან რუსი სპორტსმენების მოკვეთის თაობაზე.

მოკლედ, ევროპის ოლიმპიური კომიტეტები მოლოდინის რეჟიმშია, რადგანაც ამ ვითარებაში, სანამ დოპინგსკანდალთან დაკავშირებული ვნებათაღელვა არ ჩაცხრება, რუსეთისთვის ევროპული თამაშების მასპინძლის სტატუსის მინიჭება არაერთ კითხვას გააჩენდა. თავის მხრივ, რუსთის ოლიმპიური კომიტეტი ეოკ-ს მიმართავს წინადადებით, რომ მეორე თამაშების ყველა შეჯიბრებას დიდი ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირის სტატუსი მიენიჭოს. ამგვარ გადაწყვეტილებას კი ეოკ-ი მხოლოდ საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებთან შეთანხმებით თუ მიიღებს.

"რუსეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, _ აცხადებს პატრიკ ჰიკი, _ ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ჩვენს რუს კოლეგებთან. ველოდებით, რომ ყველაფერი გაირკვევა და ეს მოხდება 20 მაისამდე, ვიდრე ეოკ-ის სემინარი გაიმართებას."