ოლიმპიურ კომიტეტსა და "ავერსს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა

25 იანვარი 2012

ქართველ ოლიმპიელებს საჭიროების შემთხვევაში, უფასო სამედიცინო მომსახურებას კომპანია "ავერსი" გაუწევს.

ამასთან დაკავშირებით ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და "ავერსს" შორის ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

თანამშრომლობისა და სპონსორობის შესახებ ხელშეკრულებას ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა და საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ მოაწერეს ხელი.

ღონისძიებას, რომელიც "ავერსის" კლინიკაში გაიმართა, ვეტერანი სპორტსმენებიც ესწრებოდნენ.

მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენების სამედიცინო უზრუნველყოფის შესახებ პირველი ხელშეკრულება კომპანია "ავერსსა" და ოლიმპიურ კომიტეტს შორის 2009 წელს გაფორმდა. გასული სამი წლის განმავლობაში სპორტსმენებმა 311 770 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურებით ისარგებლეს და 140 820 ლარის ღირებულების მედიკამენტები გადაეცათ.

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, გია ნაცვლიშვილის განცხადებით, სპორტსმენების ჯანმრთელობაზე ზრუნვით "ავერსს" სპორტის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს, რისთვისაც მადლობას იმსახურებს.

მადლიერების ნიშნად, ოლიმპიურმა კომიტეტმა კომპანია "ავერსის" ხელმძღვანელი პაატა კურტანიძე 2011 წლის საუკეთესო მეცენატად დაასახელა და გია ნაცვლიშვილმა
შესაბამისი ჯილდოც გადასცა.