ლტოლვილი სპორტსმენების ოლიმპიური პერსპექტივა

01 თებერვალი 2016

ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშების ცეცხლი, დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, საბერძნეთში აინთება. ეს მოხდება 2016 წლის 21 აპრილს, ქალაქ ოლიმპიაში, ზევსის ტაძართან. ოლიმპიაში, სპეციალური ლინზების მეშვეობით, მზის სხივებით ცეცხლის ანთების იდეა ეკუთვნის თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ფუძემდებელს, ფრანგ ბარონს პიერ დე კუბერტენს. ეს რიტუალი პირველად შესრულდა ზაფხულის IX (1928, ამსტერდამი) ოლიმპიადის წინ. იქიდან მოყოლებული, ოლმპიური ცეცხლის ანთება და ცეცხლოვანი ესტაფეტა თამაშების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნაწილია. 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ცეცხლი საბერძნეთში ერთ კვირას დარჩება, 27 აპრილს კი ათენის მარმარილოს სტადიონიდან გეზს ლოზანისკენ აიღებს. 2 მაისს ლოზანაში განთავსებულ საერთაშორისო ოლიმპიურ მუზეუმში ცეცხლს ჩაიბარებს რიო-2016-ის საორგანიზაციო კომიტეტი. ესტაფეტის ბრაზილიური ნაწილი 3 მაისს დედაქალაქ ბრაზილიიდან დაიწყება.

სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა ათენში ლტოლვილთა ბანაკი მოინახულა

მანამდე, ერთკვირიანი ბერძნული ესტაფეტის ფარგლებში, ოლიმპიურ ჩირაღდანს მიიტანენ ელეონასში მდებარე ლტოლვილთა ბანაკში, სადაც უმთავრესად ავღანელი და ირანელი დევნილები ცხოვრობენ. რამდენიმე დევნილს ესტაფეტაშიც ჩართავენ და ეს იქნება სიმბოლური აქტი. ამის შესახებ ელეონასის ბანაკის მონახულებისას განაცხადა სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბხმა.

ირანელი ლტოლვილი სპორტსმენი რაჰელე ასემანი (მარჯვნივ) რიოში სოკ-ის დროშით გამოვა

უფრო ადრე, შარშან ოქტომბერში, სოკ-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მაღალი კლასის ლტოლვილი სპორტსმენები მიწვეულნი იქნებიან რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე. ეს ინფორმაცია Yთომას ბახმა ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სტუმრობისას გაახმოვანა და აღნიშნა, რომ სოკ-ს სურს მსოფლიოს ყურადღება მიაპყროს ომისა და მშვიდობის პრობლემას: "სამშობლოდან დევნილი სპორტსმენები, რომლებიც მათგან დამოუკდებელი მიზეზების გამო ამჟამად არ მიეკუთვნებიან რომელიმე ეროვნულ გუნდს, რიოში ოლიმპიური დროშით გამოვლენ და სხვებთან ერთად თანაბარ პირობებში იასპარეზებენ."

მაგალითად, ოლიმპიადაზე ტაეკვონდოს ტურნირში მონაწილეთა შორის იქნება ირანელი რაჰელე ასემანი, რომელმაც ლიცენზია ცოტა ხნის წინ მოიპოვა. ასემანი ამჟამად ბელგიაში ცხოვრობს და ვარჯიშობს, პარალელურად _ ფოსტალიონად მუშაობს. აგრეთვე, პოტენციურ ოლიმპიელებად ითვლებიან სირიელი მოცურავე გოგონა (ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს) და კონგოელი ძიუდოისტი. როგორც ვარაუდობენ, რიოში სოკ-ის დროშით და პატრონაჟით ათამდე ლტოლვილი სპორტსმენი გამოვა.

სოკ-მა შესაბამისი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისთვის და ლტოლვილთა მხარდაჭერის სპეციალური პროგრამებისთვის 2 მილიონი დოლარი გამოყო.