ნინო სალუქვაძე - 47

01 თებერვალი 2016

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დაბადების დღეს ულოცავს ტყვიის სროლაში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონსა და ორგზის პრიზიორს, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტს ქალბატონ ნინო სალუქვაძეს და უსურვებს მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ახალ სპორტულ წარმატებებს.

ნინო სალუქვაძე დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში. 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი სპორტული პისტოლეტით სროლაში და მეორე პრიზიორი პნევმატური პისტოლეტით სროლაში. 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი სპორტული პისტოლეტით სროლაში. ბარსელონის (1992), ატლანტის (1996), სიდნეის (2000), ათენის (2004), ლონდონის (2012) ოლიმპიური თამაშების მონაწილე (ამჟამად ემზადება თავისი მერვე ოლიმპიადისთვის). მსოფლიოს ჩემპიონი პირად პირველობაში (1989) და ექვსგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1986-87, 89-90 _ სპორტული + პნევმატური, 91), მეორე (2002) და მესამე (1986) პრიზიორი პირად შეჯიბრებაში. მსოფლიოს სუპერთასის ცხრაგზის მფლობელი (1989- 2010). ევროპის ხუთგზის ჩემპიონი პირად და გუნდურ ჩათვლაში (1989-90, 93), ორგზის მეორე (2005) და ორგზის მესამე (1999, 2003) პრიზიორი. დამყარებული აქვს 11 მსოფლიო რეკორდი. საქართველოს ორგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1988, 99). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების კავალერი.