ოლიმპიური კომიტეტისა და გაზეთ "ლელოს" ერთობლივი პროექტი

11 თებერვალი 2016

11 თებერვალს ამოქმედდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და გაზეთ "ლელოს" ერთობლივი პროექტი. ამ პროექტის ფარგლებში, "ლელოში" 2016 წლის აგვისტომდე, ხუთშაბათობით გამოქვეყნდება ორგვერდიანი ჩანართი: "საქართველო - ოლიმპიური რაკურსი."

გთავაზობთ ინტერვიუს სეოკ-ის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან, რომელიც "ლელოს" 11 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა.

ზაფხულის რიგით 31-ე ოლიმპიადა კარს მოგვადგა - იგი რიო დე ჟანეიროში 5-21 აგვისტოს ჩატარდება და თამაშებისთვის მზადებაც გადამწყვეტ ფაზაში შედის. საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ჯერჯერობით 14 სახელობით ლიცენზიას ითვლის, რაც არაა სახარბიელო შედეგი იმ ფონზე, რომ ამ ეტაპისთვის ცოტა მეტს ვგეგმავდით. თუმცა სალიცენზიო მარათონი მაისამდე ჯერ ისევ გრძელდება და იმედია, დარჩენილ დროში წინა თამაშების 35-კაციან მაჩვენებლს თუ არ გადავაჭარბებთ, არც ჩამოვრჩებით.  მით უმეტეს, რეიტინგის მიხედვით ჩვენს ხუთ ძიუდოისტს ასევე გარანტირებული აქვს ოლიმპიადის საგზური.

რა გაკეთდა დღემდე და რა იგეგმება საოლიმპიადოდ, ამაზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი გვესაუბრება.  

 - როგორ ემზადება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადისთვის, რას გეგმავთ თამაშებამდე დარჩენილ პერიოდში? 

 - პირველ რიგში გეტყვით, რომ ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობის მთავარი საზრუნავი იყო და არის ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებული გამოსვლა. კარგად გვესმის, რომ არა მხოლოდ ოლიმპიური კომიტეტის, არამედ მთელი ჩვენი სპორტული უწყებების და ორგანიზაციების ოთხწლიანი ნამოღვაწარი უპირველესად სწორედ ბრაზილიაში ნაჩვენები შედეგებით შეფასდება. ნაკრები გუნდების მომზადებაზე და სპორტულ შედეგზე პასუხისმგებლობა ძირითადად სპორტის ოლიმპიური სახეობების ფედერაციებს და ნაკრები გუნდების მწვრთნელებს ეკისრებათ, ჩვენ კი, მთავრობის თანადგომით, სპორტის სამინისტროსთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ წარმატების მოსაპოვებლად საუკეთესო პირობები შევუქმნათ. ჩვენი მიდგომა ასეთია: მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სპორტულ ფედერაციებს და ნაკრებ გუნდებს, ამავე დროს _ მათგანაც მოვითხოვოთ მაქსიმუმი.

 დაფინანსება ძირითადად ოლიმპიური პროგრამებით ხორციელდება. ჩვენი მოსვლისთანავე მოვახერხეთ, რომ ბიუჯეტში გაჩნდა ცალკე მუხლი და გამოიყოფა თანხები. ახალი ოლიმპიური ციკლის პირველივე წლიდან - 2013-დან ვამზადებთ სპორტსმენებს.  გავაანალიზეთ რეალური ვითარება, გამოიკვეთა პრობლემები, შედგა მოკლე და გრძელვადიანი გეგმა მთელი ოლიმპიური ციკლისთვის, რათა უდანაკარგოდ გაგვევლო მზადების თითოეული ეტაპი. ამ მიზნის მისაღწევად საქმეში ჩავრთეთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი, რათა არ ყოფილიყო ის პრობლემები, რაც ადრე აწუხებდათ, როცა არ ჰქონდათ შეკრებებზე, შეჯიბრებებზე წასვლის საშუალება. ეს პრობლემები ახლა მოხსნილია და ბიუჯეტში ჩადებული ის 90 მილიონი ლარი დიდი წარმატებაა. 3 წლის განმავლობაში სპორტის ბიუჯეტის 30-მილიონიანი ზრდა იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო დაინტერესებულია სპორტის განვითარებით.

გუნდების დაფინანსების კუთხით არანაირი პრობლემა არ გვაქვს. თუ დავინახეთ, რომ კონკრეტულ სპორტსმენს ლიცენზიის მოპოვების მცირე შანსი მაინც აქვს, მას ვაფინანსებთ. მაგალითად, როგორც კი ჩოგბურთის ფედერაციამ ნიკოლოზ ბასილაშვილის დახმარების თხოვნით მოგვმართა, მაშინვე დავიწყეთ მისი დაფინანსება. ის რეიტინგში 117-ეა, საგზურის მოსაპოვებლად კი 100-ეულში მოხვედრაა საჭირო. ვიმედოვნებთ, ის მოიპოვებს ლიცენზიას.

ასევე ვეხმარებით სხვა სახეობებსაც. მაგალითად, ფარიკაობაში სანდრო ბაზაძეს ვაფინანსებთ, ვისაც შარშანაც ვეხმარებოდით - გავუკეთეთ შეკრება და გავუშვით ტურნირებზე. წლეულსაც ასე იქნება ბოლო სალიცენზიო შეჯიბრებისთვის მოსამზადებლად. ზოგს სპორტსმენს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და ამაზეც მზად ვართ. ასევე მზად ვართ, ნებისმიერ წუთს დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ჩვენთვის წამყვან სპორტის სახეობებს - ძიუდოს, თავისუფალსა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობებს, ძალოსნობას თუ სხვას.

- დაახლოებით რამდენი ლიცენზიის მოპოვების გეიმედებათ, ვაჯობებთ წინა ოლიმპიადას?

- დეკემბერში, როცა სესია ჩავატარეთ, მაშინაც ვთქვით, რომ იმ პერიოდში წინა თამაშებთან შედარებით უფრო მეტი ლიცენზია გვქონდა. ეს გვაძლევს იმედს, რომ, ბრაზილიაში, ალბათ, 30-35 სპორტსმენი გვეყოლება. ანუ დაახლოებით იმავე რაოდენობის გუნდი გვეყოლება, რაც ლონდონში. შეიძლება ცოტა მეტი იყოს ან - პირიქით, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ძირითადი ბირთვი უკვე გამოკვეთილია. ასევე ცნობილია სპორტის ის სახეობები, სადაც შეიძლება, წარმატების პრეტენზია გვქონდეს - ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ამ ბოლოს ძალოსნობაც დაემატა _ ძალიან მნიშვნელოვანია ლაშა ტალახაძის გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატზე. ძალიან სასიხარულო იყო მშვილდოსანთა გამოსვლა, სადაც ქალთა ნაკრებმა გუნდური საგზური მოიპოვა და სამივე მათგანი იასპარეზებს თამაშებზე. ორი სპორტსმენი გვეყოლება ტანვარჯიშულ სახეობებში.

ლიცენზიების მოსაპოვებლად მუშაობა ისევ გრძელდება. ველოდებით მძლეოსნობისგან, სადაც ერთი საგზური უკვე გვაქვს. გვეიმედება ცურვა, კრივი და კიდევ რამდენიმე სახეობა.

- იმ სახეობების წამოსაწევად, დასახმარებლად თუ იგეგმება რამე დამატებითი ღონისძიება, სადაც მოულოდნელი ჩავარდნა გვქონდა?

- თქვენ, ალბათ, უპირველესად, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას გულისხმობთ, სადაც ჯერ არც ერთი ლიცენზია არ გვაქვს. ეს ძალიან გასაკვირი და დამაფიქრებელია. იმედია, აქ სამ ლიცენზიას მაინც ავიღებთ, ჩვენ კი ყველანაირად ვეხმარებით და ხელს ვუწყობთ.

- გარკვეული სიძნელეების მოუხედავად, ქართულ სპორტში წინსვლაც შეინიშნება, რადგან საგრძნობი პროგრესია ძალოსნობაში, კრივში, მშვილდოსნობაში, სხვა სახეობებში ახალგაზრდებშიც გვაქვს სერიოზული წარმატებები ანუ წარმატებულ სახეობათა გეოგრაფია იზრდება.

- ეგ იმიტომ, რომ იზრდება ყურადღება სპორტისადმი. თუნდაც ევროპული ფესტივალისთვის მზადებაში სახელმწიფომ აქტიური მონაწილეობა მიიღო და შეგვემატა კარგი ბაზები, ეს ყველაფერი კი შედეგს იღებს. ყველა სახეობას სჭირდება პოპულარობა და აქტივობა, ამას კი მოაქვს ის, რომ გაჩნდა მოტივაცია, მეტი ბავშვი ინტერესდება ამ სახეობებით. ცხადია, მუშაობა ამ კუთხით კიდევ უფრო უნდა გავაუმჯობესოთ და მოვუმატოთ. რაც თბილისში გაკეთდა, ეს ყველაფერი რაიონებშიც უნდა გავიდეს, იქაც უნდა აშენდეს ბაზები, რაც უკვე დაგეგმილია. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეროვნული გუნდები შევსებას ძირითადად რაიონებიდან უნდა იღებდეს.

- თუმცა ფედერაციებში თანამედროვე მართვა, მენეჯმენტი მაინც დიდი პრობლემაა, როგორც მსაჯთა და მწვრთნელთა გადამზადება. ამ კუთხით თუ იგეგმება მუშაობა?

- გეთანხმებით, რომ ეს მართლაც დიდი პრობლემაა. საერთო ჯამში, ქვეყანაში სპორტში დაახლოებით 4 200 მწვრთნელ-მასწავლებელია დასაქმებული, აქედან ნახევარს კი არ აქვს სპეციალური განათლება. სკოლებში, ფაქტობრივად მოშლილია სპორტი. არადა, კანონში გაწერილია, რომ, კვირაში, მინიმუმ, 4 საათი მაინც უნდა ეთმობოდეს, მაგრამ საკითხავია, რა ხარისხით სრულდება - უნდა ვაღიაროთ, ამ კუთხით სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს. აქსიომაა, რომ სპეციალისტებს მომზადება სჭირდებათ. მწვრთნელი უნდა ერკვეოდეს მოზარდთან დაკავშირებულ ელემენტარულ საკითხებში - კვება, წონის კლება, მედიცინა, საერთო განვითარება, უნდა ფლობდეს სპეციალურ ცოდნას და არა მხოლოდ ილეთები შეასწავლოს. ვიმეორებ - ამას მომზადება სჭირდება, რასაც ემსახურება სპორტის უნივერსიტეტი და კოლეჯი, რომელებიც უკვე ამუშავდა. ეს საშუალებას გვაძლევს, მომავალში თანდათან, ეტაპობრივად გავზარდოთ ამ დარგის სპეციალისტთა რაოდენობა.

ზოგადად, სპორტს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ უცხოეთის ბევრ ქვეყანაში სპორტის მასწავლებელი ნებისმიერი საგნის მასწავლებელზე ორჯერ მეტ ანაზღაურებას იღებს. ამ კუთხით ჩვენც უნდა ვიმუშაოთ და გავზარდოთ სპეციალისტების მოტივაცია. როცა მწვრთნელს ჯანმრთელს ბავშვს ვაბარებთ, სულაც არ გვინდა, არასწორი წვრთნის შედეგად მან რამე დაიზინოს, ტრავმა მიიღოს და ასე შემდეგ. პირიქით - კიდევ უფრო უნდა გაჯანსაღდეს. სწორედ ამიტომ აღვადგინეთ უნივერსიტეტი და კოლეჯი.

რაც შეეხება მწვრთნელთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებას, მენეჯმენტის გაუმჯობესებას, ამ მიზნით ყოველწლიურად დაახლოებით 4-5 სხვადასხვა სახის პროგრამას ვაფინანსებთ, რაც ოლიმპიური სოლიდარობის ფონდიდან წამოსული თანხებით ხდება. ანალოგიური სემინარები უკვე ჩატარდა თავისუფალ ჭიდაობაში, ტყვიის სროლაში, ახლახანს - ძიუდოში. ძალიან საინტერესო პროგრამა განვახორციელეთ კალათბურთში, რომელსაც 60 000 დოლარით დავეხმარეთ. ერთი სიტყვით, ვისაც კვალიფიკაციის ამაღლება და უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა აინტერესებს, ამისთვის ყოველთვის მზად ვართ და იქით ვთხოვთ ფედერაციებს, რომ შემოიტანონ თავიანთი წინადადებები, რაშიც აუცილებლად დავეხმარებით.

- როგორ მიმდინარეობს ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციული საკითხების მოგვარება, როგორიცაა დელეგაციის ჩაცმა-დახურვა, გამგზავრება და ასე შემდეგ?

- ამ საკითხებზე წელიწადზე მეტია, ვმუშაობთ. ერთ თვეში უკვე ჩამოგვივა ოლიმპიური ფორმა, რომელსაც ისევ წამყვანი იაპონური ფირმა "მიზუნო" გვიმზადებს. ცივილურ სააღლუმო ტანსაცმელის თაობაზე მოლაპარაკება გვაქვს ქართულ კომპანია "სამოსელი პირველთან." თუ ვნახავთ, რომ მათ ვერ შეძლეს დაკვეთის შესრულება, მაშინ არაა გამორიცხული, კონკურსი გამოვაცხადოთ და ამ გზით შევარჩიოთ ახალი პარტნიორი. ვნახოთ, ეს საკითხი საბოლოოდ რამდენიმე კვირაში გადაწყდება.

გამგზავრებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტს ვამუშავებდით. საბოლოოდ გადაწყდა, რომ გავემგზავრებით გერმანული "ლუფტჰანზას" რეისით, მიუნხენის გავლით. ჩვენი დელეგაცია რიოში რამდენიმე ეტაპად გაემგზავრება იქიდან გამომდინარე, რომ სპორტსმენთა ნაწილი ადრე იწყებს შეჯიბრებას, ზოგიც - გვიან. უკანაც ასე, ნაწილ-ნაწილ გამოემგზავრებიან.

- რიო დე ჟანეიროში "ქართული სახლი" თუ იქნება?

- ამ კუთხით არ გადავდგით ნაბიჯები, რადგან ბრაზილია ჩვენგან ძალიან შორია და ძვირი ჯდება "ოლიმპიური სახლი". ამასთან, ბრაზილიასთან არც სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს. თუმცა საქართველოს წარმოსაჩენად გარკვეული აქტივობები იგეგმება, ოღონდ ეს ვერ იქნება ისეთი მასშტაბური, როგორიც სხვა დროს იყო.

- როგორ ვარაუდობთ, დაახლოებით რამდენი კაცი იქნება ოფიციალურ დელეგაციაში?

- დელეგაციის რაოდენობა სპორტსმენთა ოდენობაზეა დამოკიდებული. თუმცა იცით, რომ დელეგაციაში შედიან მოწვეული სტუმრები - ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და სპორტის მინისტრი. მათ უკვე დავუგზავნეთ მოსაწვევები. დელეგაციაში ასევე შედიან ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი. რაც შეეხება ოლიმპიურ სოფელს, ვფიქრობთ, რომ იქ დაახლოებით 70 კაცამდე გვეყოლება _ მისიის ხელმძღვანელობა, სპორტსმენები, მწვრთნელები, სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალი. 

- პროგნოზები ცოტა ძნელია, მაგრამ გაქვთ წინა ოლიმპიადის შედეგის გაუმჯობესების იმედი?

- ჩვენს დევიზს თუ მივყვებით - "უკეთ ვიდრე ლონდონში" და თან ჩვენი სპორტსმენების შარშანდელ გამოსვლებს გავიხსენებთ, რიო დე ჟანეიროში ლონდონზე უკეთესად უნდა გამოვიდეთ. ცხადია, ამაში იგულისხმება ოქროს ორი მედალი, რასაც სხვა სახეობებში სხვა სინჯის ჯილდოებიც დაემატება.

- წარმატებას რომელი სახეობებისგან ელოდებით?

- უპირველესად - ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ძალოსნობა. ეს ის სახეობებია, სადაც უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვება შეგვიძლია, თორემ წარმატება არც სხვა სახეობებშია გამორიცხული.

- დაბოლოს, დოპინგი, რამაც ბოლო წლებში ბევრი დააკარგინა ქართულ სპორტს. როგორ აპირებთ ამ სენთან ბრძოლას?

- ძალიან ცუდია, რომ ვიღაცები კიდევ ცდილობენ, ამ კუთხითY იმუშაონ და მოატყუონ სპორტსმენები. ვინც დოპინგს იღებს, მე ასეთებს "ჭუჭყიან სპორტსმენებს" ვეძახი. არაფრით არ შეიძლება ამის გაკეთება, რადგან სპორტსმენი სუფთა უნდა იყოს, არ უნდა მოატყუოს ქომაგი და არსებული წესებით უნდა ითამაშოს. დოპინგზე უკვე ძალიან გამახვილებულია ყურადღება და თქვენც ხედავთ, რუსეთში მთელი ნაკრებები ჩავარდნენ ამაზე.

შარშან წლის დასაწყისში ათზე მეტი სპორტსმენი იყო გამოვლენილი დოპინგის მიღებაში, რაც საქართველოსთვის დიდი ციფრია. ოლიმპიურ კომიტეტში მოსვლისთანავე დავიწყეთ დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა - არაერთხელ გვქონდა შეხვედრები მწვრთნელებთან, სპორტსმენებთან, სადაც მათ ვუხსნიდით, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება. ამ ბრძოლაში აუცილებელია თქვენი - მედიის ჩართვაც. კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო ყველანი, რომ არ მიიღონ დოპინგი და არ მოატყუონ საზოგადოება, თორემ უმკაცრესად დაისჯებიან - იცით, რომ საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს ახალი კოდექსით, პირველივე შემთხვევაში სპორტსმენს ეძლევა არა 2-წლიანი, არამედ უკვე 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ანუ ავტომატურად გამოტოვებს ოლიმპიადას. ამიტომ, როგორც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მწვრთნელებსაც, ექიმებსაც, თავად სპორტსმენებსაც, არ დაუშვან არანაირი შეცდომა და დაიცვან პატიოსანი თამაშის წესები.

ირაკლი თავაძე