საგანგაშო ცნობები

17 თებერვალი 2016

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება ქართველ მოჭიდავეთა დოპინგ-ტესტებში აკრძალული პრეპარატის კვალის აღმოჩენასთან დაკავშირებულ ამბებს და მედიაში გავრცელებულ საგანგაშო ცნობებს. მას შემდეგ, რაც საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო საერთაშორისო ლაბოლატორიიდან მიიღებს საბოლოო და დადასტურებულ ინფორმაციას, სეოკ-ი გეგმავს ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური პრესკონფერენციის მოწყობას და საგანგებო განცხადების გაკეთებას.

დოპინგის პრობლემატიკასთან დაკავშირებული საკითხები არაერთხელ გამხდარა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ფართო მსჯელობის საგანი. ამ თემას მიეძღვნა რამდენიმე წარმომადგენლობითი სემინარი და პრესკონფერენცია. დოპინგთან ბრძოლის გამკაცრებაზე და პევენციული ზომების გააქტიურების აუცილებლობაზე ასევე იმსჯელა სეოკ-ის საანგარიშო სესიამ, რომელიც 2015 წლის 25 დეკემბერს გაიმართა.

სესიის დელეგატებისთვის წარდგენილ დოკუმენტში ნათქვამია:

"გვინდა სპორტის ხელმძღვანელების, სპორტული ფედერაციების, მწვრთნელების, მედიკოსთა ჯგუფისა და ნაკრები გუნდების ყურადღება კიდევ ერთხელ მივაპყროთ მეტად მტკივნეულ საკითხს. ეს არის დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა.

საწვრთნელ შეკრებებზე და სალიცენზიო ტურნირებში მონაწილეობისას, უშუალოდ თამაშების მსვლელობისას თითოეულ სპორტსმენზე უნდა გაძლიერდეს კონტროლი, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი გაუგებრობა დოპინგთან დაკავშირებით. საკმაოდ ხშირად, მწვრთნელები და სპორტსმენები თავად იჩენენ ინიციატივას სამედიცინო პრეპარატების შერჩევა-გამოყენებაისას, რაც ყოვლად დაუშვებელია. ანტიდოპინგურმა სააგენტომ, სპორტული მედიცინის ასოციაციამ, ფედერაციებთან ერთად მკაცრი კონტროლი უნდა დააწესონ ოლიმპიური მზადების ფარმაკოლოგიურ უზრუნველყოფაზე, რომელიც უნდა განხორციელდეს ცენტრალიზებულად. ამასთან, ოლიმპიური ნაკრები გუნდების წევრები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ თანამედროვე, ნებადართული პრეპარატებით (ნატურალური დანამატებით). თამაშების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, სარისკო სპორტის სახეობებში უნდა მოხდეს სპორტსმენთა დოპინგ-ტესტზე შემოწმება, რაც სხვა ღონისძიებებთან ერთად, შესაძლებლობას მოგვცემს მაქსიმალურად ავიცილოთ ყველა ის საფრთხე, რაც დოპინგის გამოყენებას ეხება."