სალომე ფაჟავას ორი ოცნება: ახდენილი და ასახდენი

18 თებერვალი 2016

11 თებერვალს ამოქმედდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და გაზეთ "ლელოს" ერთობლივი პროექტი. ამ პროექტის ფარგლებში, "ლელოში" 2016 წლის აგვისტომდე, ხუთშაბათობით გამოქვეყნდება ორგვერდიანი ჩანართი: "საქართველო - ოლიმპიური რაკურსი."

გთავაზობთ ინტერვიუს რიო-2016-ის ლიზენზიანტთან, მხატვრულ ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავასთან,  რომელიც "ლელოს" 18 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა.

 სალომე ფაჟავას ორი ოცნება: ახდენილი და ასახდენი

დოსიე

დაიბადა - მოსკოვი, 1997 წლის 3 სექტემბერს

საცხოვრებელი ადგილი - თბილისი

სიმაღლე - 168 სმ

წონა - 47 კგ

სახეობა - მხატვრული ტანვარჯიში

კლუბი - ნელი სალაძის აკადემია

მწვრთნელები - ელისო ბედოშვილი და ლალი დოლიძე

ქორეოგრაფი - ინეზა მელაძე

შედეგები

2012 წ. ევროპის გუნდური ჩემპიონატი ახალგაზრდებში - ბრინჯაო

2013 წ. მსოფლიოს ჩემპიონატი - XX

2013 წ. ევროპის ჩემპიონატი - XVIII

2014 წ. მსოფლიოს ჩემპიონატი - XIII

2014 წ. ევროპის ჩემპიონატი - IX

2015 წ. მსოფლიოს ჩემპიონატი - IV

2015 წ. ევროპის პირველი თამაშები - ბრინჯაო (ლენტით)

2015 წ. მსოფლიოს თასი - ბრინჯაო (გურზებით)

შარშან სექტემბერში მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც გერმანულმა შტუტგარტმა უმასპინძლა, 57 ქვეყნის 120 სპორტსმენი (მათ შორის - ტიტულოვანი ტანმოვარჯიშეები: რუსები - იანა კუდრიავცევა, მარგარიტა მამუნი, ალექსანდრა სოლდატოვა, უკრაინელი ჰანა რიზატდინოვა, ბელარუსი მელიტინა სტანიუტა და სხვები) ეცილებოდა ერთმანეთს საპრიზო ადგილებსა და რიოს ოლიმპიური თამაშების საგზურებს. მრავალჭიდში  ნელი სალაძის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიის შეგირდმა სალომე ფაჟავამ  71.782 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა და 2016 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლებაც მოიპოვა.  საგულისხმოა ისიც, რომ ჩვენი ტანმოვარჯიშე მესამეადგილოსან მელიტინა სტანიუტას მხოლოდ 0.35 ქულით ჩამორჩა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ სახეობის მედალთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ. 

- შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატი ყველაზე დაძაბული შეჯიბრება იყო, რომლებშიც მანამდე მიასპარეზია, -მითხრა სალომემ. -  არც არის გასაკვირი, შტუტგარტში ხომ 2016 წლის ოლიმპიადის 15 ლიცენზია გათამაშდა. მიხარია, რომ მიზანს მივაღწიე და მწვრთნელების იმედები გავამართლე. ბოლო ორი წლის მაჩვენებლებიდან გამომდინარე, წარმატების იმედი მქონდა, მაგრამ ასეთ მაღალ შედეგს თუ ვაჩვენებდი, ნამდვილად არ მეგონა. საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ მეშვიდე ვიყავი, ფინალში რომ გამოვდიოდი, მთელი დარბაზი მიჭერდა მხარს, რამაც ენერგია და მოტივაცია გამიორმაგა. 

ჩემპიონატის ბოლომდე ორიოდე მონაწილის გამოსვლაღა იყო დარჩენილი, ტაბლოს რომ ავხედე.  თვალებს არ დავუჯერე - მესამე ვიყავი. მერე სტანიუტამ გამისწრო. მართალია, გული დამწყდა, რომ უმედლოდ დავრჩი, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რადგან ოლიმპიადის საგზური მოვიპოვე.

- ჩვენთვის ყველაზე მძიმე იყო საკვალიფიკაციო პაექრობები, - ჩაერია საუბარში საქართველოს მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ელისო ბედოშვილი. - სალომემ მრავალჭიდში 24 საუკეთესოს შორის დაიბევა ადგილი და ორი საგნით ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. საბოლოოდ კი რგოლით მე-7, გურზებით კი მე-5 ადგილები დაიკავა. ფინალში ოთხივე საგნით პროგრამები ზედმიწევნით ზუსტად შეასრულა, განსაკუთრებით გამორჩეული იყო რგოლით, სადაც მას ორიგინალური ილეთი ეკუთვნის. გურზებით ვარჯიშისას მთელი დარბაზი სალომესთან ერთად ცეკვავდა. ორივე დისციპლინაში 18-18 ქულაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩვენთვის საუკეთესო შედეგი იყო... 

სალომე ფაჟავამ მხატვრულ ტანვარჯიშში მეცადინეობა 2005 წელს დაიწყო მოსკოვში ირინა ანოსოვას ხელმძღვანელობით. 2008 წელს ოჯახი თბილისში დაბრუნდა და ნორჩმა ტანმოვარჯიშემ დაოსტატება ელისო ბედოშვილსა და ლალი დოლიძესთან განაგრძო. 2009 წლიდან თანატოლებში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია მრავალჭიდსა და ცალკეული საგნებით. 2009 წელს პირველად იასპარეზა საერთასორისო ტურნირზე ბულგარეთში. მრავალჭიდში მეორე იყო, ბურთითა და სახტუნაოთი კი ყველას აჯობა. მომდევნო წელს ესტონეთში „მის ვალენტინის" საერთაშორისო ტურნირზე იყოჩაღა. ახალგაზრდებში თურქეთის, იურმალის, იტალიის, ესპანეთის, ისრაელისა და პოლონეთის საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორია. 2012 წელს მოსკოვის გრან პრიზე გაბრიელა ხვედელიძესთან ერთად გუნდურში მესამე იყო, იტალიურ პეზაროში ხვედელიძესა და სოფიო ფარულავასთან ერთად მსგავს წარმატებას მიაღწია. ამ სამეულმა პენზის საერთაშორისო ტურნირზე მეორე, „თბილისის თასზე" კი პირველი ადგილი დაიკავა, ნიჟნი ნოვგოროდში ახალგაზრდების ევროპის გუნდურ პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2013 წლიდან ფაჟავა უფროსებში ასპარეზობს. ქართველ სპორტსმენთაგან იგი პირველი იყო, რომელმაც ევროპის პირველი თამაშების ლიცენზია მოიპოვა.  

-სალომე, მხატვრული ტანვარჯიში რატომ აირჩიე?

- ბავშვობისას ძალიან ცელქი ვიყავი და დედაჩემის მეგობარმა ჩემს მშობლებს უთხრა, მე მოვარჯულებო და მხატვრულ ტანვარჯიშზე მიმიყვანა.

- მორჯულდი?

- მწვრთნელმა თქვა, დაგიანებულიაო. სანამ უფროსები საუბრობდნენ, მე გოგონების ვარჯიშს ვუყურებდი. ძალიან მომეწონა  ნაირფერი ბურთები და ლენტები. უარის ამბავი რომ გავიგე, თვალებზე ცრემლი მომადგა, ეტყობა, ამან მწვრთნელს გული მოულბო და 10-დღიანი ვადა მომცა - თუ იყოჩაღებ, დაგტოვებო. შლიჯდომი გამიჭირდა ძალიან, მაგრამ მოვინდომე და ჯგუფშიც მიმიღეს. ორი წელიწადი თანატოლთა მნიშვნელოვან ტურნირებში არ მიასპარეზია, რადგან საქართველოს მოქალაქეობა მქონდა და შეჯიბრებებში გამოსვლის უფლებას არ მაძლევდნენ.

- ბოლოდროინდელი ტურნირებიდან განსაკუთრებით რომელი  დაგამახსოვრდა?

- რა თქმა უნდა, შტუტგარტის მსოფლიოს ჩემპიონატი - ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის ოცნება ავიხდინე, თუმცა ახალგაზრდებში 2012 წლის ევროპის პირველობის დავიწყებაც არ შემიძლია. მაშინ მე, გაბრიელა ხვედელიძემ და სოფიო ფარულავამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოვიპოვეთ მხატვრულ ტანვარჯიშში მნიშვნელოვანი შეჯიბრების გუნდური ბრინჯაოს მედალი.

- ყველაზე მეტად რომელმა შეჯიბრებამ დაგწყვიტა გული?

- შარშან ბაქოში ევროპის პირველ თამაშებში  ოთხივე საგნით ფინალურ ექვსეულში გამოსვლის უფლება მოვიპოვე. იქ კი ყველა ვარჯიში კარგად შევასრულე, მაგრამ არაობიექტური მსაჯობის გამო ბურთით, რგოლითა და გურზებით მე-4 ადგილები დავიკავე. განსაკუთრებით გურზებით გამოსვლაზე დამწყდა გული - სულ მცირე ბრინჯაოს მედალს მაინც ვიმსახურებდი.

- სამაგიეროდ, ლენტში ხომ იყავი მესამე?

- შეჯიბრება უკვე მთავრდებოდა, გულდაწყვეტილი მედალზე აღარც ვფიქრობდი. უბრალოდ, მინდოდა, ბოლო ვარჯიშიც კარგად შემესრულებინა. გამომივიდა კიდეც. ტაბლოს მხოლოდ მაშინ შევხედე, ასპარეზობის ბოლო მონაწილე რომ დარჩა. გამიკვირდა - მეორე ადგილზე ვიყავი. ხალიჩაზე მასპინძელი დურუნდა გავიდა. არბიტრებმა მის მიმართ აშკარა გულუხვობა გამოიჩინეს და საბოლოოდ მესამე ადგილზე აღმოვჩნდი. კარგი იყო, რომ უმედლოდ არ დავრჩი, მაგრამ წართმეულ ვერცხლზე მაინც დამწყდა გული.

- კერპი თუ გყავს?

- ევგენია კანაევა - ოლიმპიური თამაშების ორგზის გამარჯვებული, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, შესანიშნავი ადამიანი. განსაკუთრებით იმიტომ ვაფასებ, რომ გამოკვეთილი მონაცემებითა და ტალანტით არ გამოირჩეოდა, მაგრამ შრომისმოყვარეობით მიაღწია ყველაფერს, თავდადებული გარჯით შექმნა საკუთარი თავი.

- მხატვრული ტანვარჯიშის გარდა, რა გიზიდავს?

- ფიგურული სრიალი, ჩოგბურთი, ცურვა. მიყვარს მხატვრული ლიტერატურა, მაგრამ წიგნების კითხვას უმეტესად შეჯიბრებებზე გამგზავრებისას თვითმფრინავში თუ ვახერხებ, რადგან ვარჯიშების შემდეგ შინ ისეთი დაღლილი მივდივარ, ტელევიზორის ყურების თავიც არ მაქვს.

- ჰობი?

- ხატვა და მუსიკა.

- მხატვრული ტანმოვარჯიშეებს მკაცრი რეჟიმი და რაციონი აქვთ...

- ცდუნება ბევრია, მით უმეტეს, ბებია ისეთ გემრიელ კერძებს ამზადებს, რომ ძნელია თავი შეიკავო, მაგრამ ვცდილობ, რეჟიმი დავიცვა და მუდამ ფორმაში ვიყო. ცოტა საახალწლოდ  გამექცა წონა, თანაც ახალ დარბაზში გათბობა არ იყო და არ გვივარჯიშია. მერე თურქეთში ვიყავით შეკრებაზე. ახლა ყველა პრობლემა მოგვარდა: დარბაზში თბილა, ახალი ფიცარნაგი და ხალიჩა დაგვიგეს. ასეთი რამ პირველად მოხდა ჩვენთან მხატვრული ტანვარჯიშის ისტორიაში. ასე რომ, ყველა პირობა გვაქვს, ოლიმპიადისთვის კარგად მოვემზადოთ.

ელისო ბედოშვილი: ოლიმპიური თამაშებისთვის ლენტითა და ბურთით ვარჯიშში ახალ პროგრამებს ვამზადებთ. სალომეს ხასიათის შესაბამისი მუსიკები შევარჩიეთ, თავადაც მოსწონს. უწინდელზე უკეთესი ვარჯიშები გამოგვდის ორიგინალური ქორეოგრაფიით. რაც შეეხება გურზებითა და რგოლით ვარჯიშებს, სპეციალისტების თხოვნით ისინი არ შეგვიცვლია. ქომაგებსაც ძალიან მოსწონთ სალომეს გურზებით შესრულებული „რაჭული". კარგი პროგრამა აქვს რგოლშიც ორიგინალური ილეთით, რომელიც 0.4 ქულით ფასდება. ოლიმპიადამდე ვარჯიშებში, ალბათ, რამდენიმე ორიგინალურ ილეთს კიდევ ჩავამატებთ.

-ახალ პროგრამებს როდის გამოცდით?

სალომე ფაჟავა: 19 თებერვალს მოსკოვში გრან პრის გათამაშება იწყება და პირველი სტარტი იქ მექნება. შარშანაც მოსკოვის ტურნირით დავიწყე, გურზებში ბრინჯაო მოვიპოვე  და მერე წარმატებული სეზონიც გამომივიდა. ღმერთმა ქნას, წლეულსაც ასე იყოს.

-სხვა ტურნირები?

- ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპის ჩემპიონატი იქნება, რომელსაც 13-17 ივნისს ისრაელი უმასპინძლებს. ძალიან მინდა, რომ არბიტრებს იქაც დავამახსოვრო თავი და საპრიზო ადგილებისთვის ვიბრძოლო, რაც ოლიმპიადისთვის კარგი განაცხადი იქნება.  მსოფლიოს თასების ეტაპებსა და გრან პრიზეც მომიწევს გამოსვლა, თუმცა ჯერ არ ვიცი რომელში, რადგან ზუსტი გრაფიკის დადგენაში ის მიშლის ხელს, რომ წლეულს სკოლას ვამთავრებ და რვა გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი. სამწუხაროდ, თარიღები ემთხვევა.

- სწავლის გაგრძელებას სად აპირებ?

- წლეულს ეროვნულ გამოცდებზე ვერ გავალ, რადგან ოლიმპიური თამაშებისთვის საფუძვლიან მომზადებაში ხელი შემეშლება.

- რიოში რას გეგმავ?

- ცუდია, ოლიმპიადებზე ცალკეულ საგნებში მედლები რომ არ თამაშდება - მხოლოდ მრავალჭიდში ნაწილდება საპრიზო ადგილები. კონკურენცია დიდი იქნება, რაც სრულყოფილ ფსიქოლოგიურ მზადყოფნასაც მოითხოვს. ამიტომ არავინ იცის, რა მოხდება. ერთი ოცნება შარშან ავისრულე, ახლა მეორე ოცნების ასრულების ჯერია - ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ასვლა...

ნელი სალაძე, ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი: ველოდით, რომ სალომე ფაჟავა ოლიმპიური თამაშების საგზურს მოიპოვებდა. საბედნიეროდ, მიზანს მივაღწიეთ, თანაც როგორი ღირსეული შედეგით. წელგამართულები ვართ. ვეცდებით, რიოდანაც თავაწეულები დავბრუნდეთ.

ვაჟა დანელია