ჩვენი დევიზია: რიოში უკეთ, ვიდრე ლონდონში

19 თებერვალი 2016

ჩვენი დევიზია: რიოში უკეთ, ვიდრე ლონდონში                 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობაზე, 2016 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ქართველი ოლიმპიელების სამზადისზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე სეოკ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ელგუჯა ბერიშვილს ინტერვიუ ჩამოართვა ჟურნალ "გზის" სპორტულმა მიმომხილველმა გოგი ფრანგიშვილმა.

გთავაზობთ ამ ინტერვიუს სრულ ტექსტს.

         1. ბატონო ელგუჯა, მოდით გავიხსენოთ განვლილი 2015 წელი და შევეცადოთ შევაჯამოთ მიღწეული თუ მიუღწეველი შედეგები. მათი გაანალიზებით ალბათ მეტ-ნაკლებად უფრო გამოჩნდება ის შანსები, რომლის იმედიც შეიძლება გვქონდეს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.

 - მიუხედავად იმისა, რომ ოთხწლეულის უმთარესი სპორტული შეჯიბრება, ზაფხულის ოლიმპიური  თამაშები ჯერ კიდევ წინ არის, 2015 წელი გამორჩეული იყო სწორედ ოლიმპიური თვალსაზრისით. თბილისმა წარმატებით უმასპინძლა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, ბაქოში კი გაიმართა პირველი ევროპული თამაშები. ორივე ეს შეჯიბრება ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ეგიდით ჩატარდა. მომავალ ოლიმპიადასთან მიმართებაში, ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა სწორედ ევროპული თამაშების შედეგები. მით უმეტეს, იქ ძიუდოში, თავისუფალ და ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში პარალელურად ევროპის ჩემპიონატის მედლებიც გათამაშდა. ბაქოში საქართველო წარმოდგენილი იყო 104 სპორტსმენით. ისინი გამოვიდნენ სპორტის 13 სახეობის 17 დისციპლინაში. საერთაშორისო ოლიმპიური ორგანიზაციების ეგიდით გამართულ არც ერთ ადრინდელ შეჯიბრებაში ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაცია არასოდეს არ გვყოლია. ჩვენი გუნდი ბაქოში საკმაოდ წარმატებულად გამოვიდა - 16 მედალი მოიპოვა და ამ ნიშნით 50 ქვეყანას შორის მე-14 შედეგი აჩვენა, თუმცა ხარისხობრივი მაჩვენებელი შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო. ჩვენ საბოლოო ცხრილში 21-ე ადგილზე გავედით, ყოფილი საბჭოელებიდან მხოლოდ თამაშების მასპინძელმა აზერბაიჯანმა, ბელორუსმა და უკრაინამ გაგვასწრეს, თავად კი უკან მოვიტოვეთ ხორვატია, შვედეთი, ფინეთი, საბერძნეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი და სხვა სპორტული ქვეყნები. როგორც მოსალოდნელი იყო, ბაქოში ყველაზე უკეთ გამოვიდნენ ჩვენი ძიუდოისტები. მათ ანგარიშზეა ორი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო, რაც უდაოდ მაღალი შედეგია. თავისუფალ ჭიდაობაში ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო ავიღეთ.

გარდა ორთაბრძოლებისა, მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე წარმატების იმედი კიდევ რამდენიმე სახეობაში შეიძლება გვქონდეს. პირველ ყოვლისა, მშვილდოსნობას და მხატვრულ ტანვარჯიშს ვგულისხმობთ. ბაქოში პირველი მედალი (ვერცხლი შერეულ წყვილთა თანრიგში) მოგვიტანეს ჩვენმა მშვილდოსნებმა - გამოცდილმა ხათუნა ნარიმანიძემ და ახალბედა ლაშა ფხაკაძემ. ამ თამაშების ნამდვილი აღმოჩენა იყო უდავოდ ნიჭიერი და პერსპექტიული სპორტსმენი, 17 წლის სალომე ფაჟავა, რომელმაც ჯილდოდ ბრინჯაოს მედალი მიიღო. მოგვიანებით, ფაჟავამ მსოფლიოს ჩემპიონატზეც წარმატებით იასპარეზა, მრავალჭიდში მეოთხე შედეგი აჩვენა და ოლიმპიური ლიცენზიაც აიღო. ასევე მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლით მიიღო ლიცენზია ჩვენმა მშვილდოსანმა ქალთა ნაკრებმა. დღეისათვის ჩვენ სულ 19 ლიცენზიანტი გვყავს სპორტის 8 სახეობაში. მათ შორის არის ჩვენი 5 ძიუდოისტი, რომლებიც ლიდერობენ თავიანთ წონით კატეგორიებში. ცხადია, ველოდებით, რომ რიოში სრული გუნდით - 7 ძიუდოისტით წარვსდგებით. ისიც უნდა ვთქვათ, რომ 2014 წელთან შედარებით, შარშანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე სუსტად გამოვედით - მხოლოდ ვარლამ ლიპარტელიანმა და ადამ ოქრუაშვილმა შეძლეს მედლების (ბრინჯაო) მოპოვება, თუმცა სეზონის მიწურულს კვლავ გაიბრწყინა ავთანდილ ჭრიკიშვილმა, როცა ტოკიოს ძიგარო კანოს პრესტიჟული ტურნირი მოიგო, ახლახანს კი პარიზის ტურნირზეც იმარჯვა. ძიუდოისტებთან ერთან, ოლიმპიადაზე კარგად გამოსვლის ყველა წინაპირობა აქვთ თავისუფალი სტილის მოჭიდავეებს. შარშან მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, რომელიც წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს. ბრინჯაოს მედლები მიიღეს სანდრო ამინაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა, კიდევ ერთი ლიცენზია ერგო ელიზბარ ოდიკაძეს.

ძალზე წარმატებული სეზონი ჰქონდათ ჩვენს ძალოსნებს. თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა ირაკლი თურმანიძემ, მოგვიანებით კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ერგო ლაშა ტალახაძეს, რომელიც ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ პირველად გამოვიდა დიდ სარბიელზე და ერთბაშად პოდიუმზე აღმოჩნდა. პირველ ყოვლისა, სწორედ ტალახაძის დამსახურებაა, რომ საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს რიოს 3 ლიცენზია ერგო.  

2007 წლის შემდეგ პირველად  მოხდა, რომ ოლიმპიურ სახეობაში ჩვენმა ორმა სპორტსმენმა შეძლო მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვება. რაც შეეხება 2015 წლის ზოგად სტატისტიკას, ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე სულ მოპოვებულია 26 მედალი: მსოფლიოს ჩემპიონატებზე - 2 ოქრო და 6 ბრინჯაო, ევროპის ჩემპიონატებზე - 3 ოქრო, 10 ვერცხლი და 5 ბრინჯაო.

ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვების შანსი გვაქვს ჩოგბურთში წყალში ხტომაში, ფარიკაობაში, კრივში, ცურვაში და კიდევ რამდენიმე სახეობაში. რა თქმა უნდა, ოლიმპიურ ლიცენზიებს ველოდებით ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ლიცენზიანტთა რაოდენობა თავისთავად მნიშვნელოვანია, თუმცა მთავარი მაინც პოტენციურ მედალოსანთა სიმრავლეა.

      2. ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების იმედი მსოფლიო არენაზე  ყოველთვის გვქონდა, მაგრამ ბოლო პერიოდში მათ აშკარად უკლეს. თუ ხართ საქმის კურსში, რა არის ამის მიზეზი?

 - გეთანხმებით, რომ აქ სერიოზული პრობლემებია. შედეგებს გადავხედოთ. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 2007 წლის შემდეგ არ გვყოლია მსოფლიოს ჩემპიონი, 2011 წლის შემდეგ - ევროპის ჩემპიონი. 2014-15 წლების ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე სულ ორი ბრინჯაო მოვიპოვეთ. ცუდია, რომ ასეთი მძიმე ვითარება გვაქვს ოლიმპიური თამაშების წინ და ზოგიერთ წონით კატეგორიაში სათუო ხდება ლიცენზიის მოპოვებაც კი. პროფესიული ანალიზი სპეციალისტების საქმეა. ჩვენ ფედერაციის ხელმძღვანელებისგან ველით პირუთვნელ დასკვნებს, ობიექტურ შეფასებებს და აუცილებელ ცვლილებებს.  ჯერჯერობით დამაიმედებელს ბევრს ვერაფერს ვხედავთ. დრო კიდევ არის, წინ რამდენიმე სალიცენზიო ტურნირი გველოდება, მათ შორის - ევროპის ჩემპიონატი. ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა საოლიმპიადოდ ულიცენზიოდ არ დავრჩეთ.

        3. ქართველი ათლეტების მონაგარი ოლიმპიურ თამაშებში ძირითადად ჭიდაობის სახეობებზე მოდის - თავისუფალი, ბერძნულ-რომაული და ძიუდო. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგაც პრაქტიკულად სწორედ ამ სახეობებში დავეუფლეთ ოლიმპიურ ოქრო-ვერცხლს. საინტერესოა, განვლილი სამწლიანი ციკლი, ლონდონიდან დღემდე, როგორი იყო ჩვენი წამყვანი ფალავნებისათვის?

 - ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ ჩვენს გუნდებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ბოლო ოლიმპიადაში მონაწილეთა ერთი ჯგუფი საერთოდ ჩამოშორდა დიდ სპორტს, ზოგიერთებმა კი დათმეს ლიდერის პოზიციები და მათი ადგილი ახალგაზრდებმა დაიკავეს. ეს ბუნებრივი პროცესია. რაც შეეხება ბოლო წლების წამყვან ფალავნებს, შედარებით სტაბილურად გამოდიან ჩვენი ძიუდოისტები, მათ შორის - ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ადამ ოქრუაშვილი, ამირან პაპინაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი. რამდენიმე წონაში მძაფრი კონკურენციაა, ზოგიერთში კი - პრობლემებია. ვფიქრობ, ასევე ბრძოლისუნარიანი გუნდი გვეყოლება თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც გამოკვეთილი ლიდერია მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, რომელიც, როგორც წესი, დიდ ტურნირებზე პრიზიორთა შორის ხვდება. ბოლო წლებში დაწინაურდნენ ელიზბარ ოდიკაძე, სანდრო ამინაშვილი, გენო პეტრიაშვილი. საქართველოს წლევანდელ ჩემპიონატზე გაიმარჯვა ევროპის ორგზის ჩემპიონმა დავით მარსაგიშვილმა, რომელიც თავის წონაში ასევე ლიდერობაზე აცხადებს პრეტენზიას. მოკლედ, კონკურენცია იზრდება და ნაკრების მწვრთნელებს შემადგენლობის შერჩევისას სერიოზული დაფიქრება მართებთ. რაც შეეხება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას, როგორც უკვე გითხარით, აქ საქმე გცილებით რთულადაა. ლაშა გაბოძე ერთადერთია, ვინც შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლის (ბრინჯაო) მოპოვება შეძლო. ცუდი ის არის, რომ გაბოძის წონით კატეგორიაში (80 კგ) ოლიმპიური მედლები არ თამაშდება, თორემ ახლა ერთი ლიცენზიანტი მაინც გვეყოლებოდა.

      4. ბრიტანული ოლიმპიადა ქართველ გულშემატკივრებს, სამწუხაროდ, მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილის ეფექტური ფანდებით, გონივრული ჭიდაობითა და 20 წლის ბიჭის ოქროს მედლით დაგვამახსოვრდა. ერთი ოქრო პეკინურ სამ ოქროსთან შედარებით, რა თქმა უნდა, არადამაკმაყოფილებელი შედეგია.  აშკარად ჩანდა, რომ ჩვენ ოლიმპიურ მოძრაობას ახალი სისხლის გადასხმა ჭირდებოდა და საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს მსოფლიოს ხუთგზისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი და მისი თანამოაზრეები ჩაუდგნენ სათავეში, მათ შორის - თქვენც. ამიტომაც კარგად გემახსოვრებათ ის პროექტები და ჩანაფიქრები, რომლის განხორციელებაც მოასწარით ან პირიქით, ვერ მოასწარით განვლილ პერიოდში.

 - თქვენ წინა ოლიმპიადა გაიხსენეთ. მართალია, ლონდონში მხოლოდ ერთი ჩემპიონი გვყავდა, მაგრამ რაოდენობრივი მაჩვენებლით დამოუკიდებლობის წლებში ყველაზე მეტი - შვიდი მედალი სწორედ ლონდონში ავიღეთ. გეთანხმებით, რომ ოქროს მედალს სულ სხვა ფასი აქვს და მომავალ ოლიმპიადაზე ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ხარისხობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესება იქნება. ეს არ არის ადვილი საქმე, თუმცა ქართულ სპორტს საამისო პოტენციალი ნამდვილად გააჩნია. ყველაფერი, რასაც ოლიმპიური კომიტეტის ახალი ხელმძღვანელობა ამ სამი წლის განმავლობაში აკეთებდა და ოლიმპიადამდე დარჩენილ დროში გეგმავს, უპირველესად სწორედ ამ მთავარ მიზანს ემსახურება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ არა მარტო თავად კომიტეტის, არამედ მთელი ქართული სპორტის ნამოღვაწარი რიოში ნაჩვენები შედეგებით შეფასდება. კომიტეტში მოსვლის პირველი დღეებიდანვე ინტენსიური და საფუძვლიანი შეხვედრები გავმართეთ სპორტის ოლიმპიური სახეობების ფედერაციების ხელმძღვანელებთან, მწვრთნელთა კორპუსთან. ეს ის ხალხია, რომლებიც უშაულოდ არიან პასუხისმგებელი ნაკრები გუნდების მომზადებაზე და სპორტულ შედეგზე. ჩვენ ვართ პარტნიორები, ვაკეთებთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, სადაც განაწილებულია ფუნქციები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. ჩვენ ერთად გავაანალიზეთ რეალური ვითარება, გამოიკვეთა პრობლემები, შედგა მოკლე და გრძელვადიანი გეგმა მთელი ოლიმპიური ციკლისთვის. საქმეში ჩავრთეთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი. იმ დროდან მოყოლებული, ოლიმპიური კომიტეტი, სპორტის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად არის ჩართული მზადების პროცესში, რათა მაქსიმალურად ვუპასუხოთ გამოწვევებს, გავითვალისწინოთ ცალკეული სპორტული ფედერაციების, ნაკრები გუნდების მწვრთნელების და თავად სპორტსმენების საჭიროებები, ოპერატიულად გადავწყვითოთ პრობლემები, უდანაკარგოდ გავიაროთ მზადების თითოეული ეტაპი. ოლიმპიური კომიტეტის მთლიანი ბიუჯეტის უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწორედ საოლიმპიადო პროგრამებს ხმარდება. ჩვენი მიდგომა ასეთია: მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სპორტულ ფედერაციებს, ნაკრებ გუნდებს, ამავე დროს - მათგანაც მოვითხოვოთ მაქსიმუმი.

     5. დღეს ოლიმპიური თამაშების მნიშვნელობა და პრესტიჟი მთელ მსოფლიოში იმდენად გაიზარდა, რომ მონსტრი სახელმწიფოები და არა მარტო ისინი, მილიონობით დოლარს ხარჯავენ ჩემპიონ-პრიზიორების მოსამზადებლად. ვეჭვობ, რომ საქართველოს ამის საშუალება ჰქონდეს. მაშ, რა ვქნათ, რის ხარჯზე, რა მექანიზმებით, საშუალებებით მივაღწიოთ წარმატებას? თუ შეიძლება ითქვას, რა თანხების მობილიზებას ახერხებთ და როგორ ანაწილებთ მათ სპორტის სახეობების მიხედვით?

 - წამყვან სპორტულ ქვეყნებს, ცხადია, ვერ გავეჯიბრებით, მაგრამ ქართული სპორტის დაფინანსებაში პროგრესი აშკარა და ხელშესახებია. რაც 15-17 წლის წინ მთლიანად სპორტის განვითარებისთვის იხარჯებოდა, დღეს ამდენს (და ზოგჯერ მეტსაც) სპორტის ერთი წამყვანი სახეობა ხარჯავს. სპორტში ფული ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი ის არის, რამდენად ეფექტურად ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ფინანსურ რესურსს. ვიმეორებ, ქვეყანაში დიდი სპორტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრები იხარჯება, რომელიც ოქროში, ვერცხლსა და ბრინჯაოში უნდა "კონვერტირდებოდეს." ასეთია გულშემატკივრისა და ქვეყნის დაკვეთა, რომელიც შესრულებულად მხოლოდ მაშინ ჩაითვლება, როცა დიდი შეჯიბრებებიდან შესაბამისი რაოდენობისა და ხარისხის მედლებით დაბრუნდები.

ერთის მხრივ, სპორტის ბიუჯეტი განუხრელად უნდა იზრდებოდეს, იმავდროულად ყოველი წლის ბოლოს მკაცრად უნდა მოვკითხოთ ცალკეულ სპორტულ ფედერაციას თუ ორგანიზაციას _ როგორ შესრულდა ურთიერთშეთანხმების პირობები, რა შედეგი გამოიღო საბიუჯეტო ინვესტიციამ. მომდევნო წელს სწორედ ამ შედეგების მიხედვით უნდა განისაზღვროს ახალი ბიუჯეტი.

რაც შეეხება ბიუჯეტის განაწილებას, ამ საქმეს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და იქ შექმნილი სპეციალური კომისის არეგულირებს. ოლიმპიური კომიტეტის მთავარი დონორიც სახელმწიფოა. ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი, რასაკვირველია, სპორტის ტრადიციულ და წარმატებულ სახეობებს ხმარდება, თუმცა უყურადრებოდ არც სხვები რჩებიან. ოლიმპიურ 2016 წელს ჩვენს კომიტეტს ოლიმპიური პროგრამებისთვის (ამაში შედის არა მხოლოდ ოლიმპიური ნაკრები გუნდების ხელშეწყობა, არამედ დელეგაციის ეკიპირება, გამგზავრება და ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებული არაერთი სხვა ხარჯი) დაახლოებით ოთხ მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი.

6. რაღაი თანხებზე ჩამოვარდა სიტყვა, აქვე ერთსაც გკითხავთ. ბოლო წლებში საქართველოში და კერძოდ თბილისში რამდენიმე მასშტაბური საერთაშორისო შეჯიბრება ჩატარდა. 2009-ში ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, 2013-ში ასევე კონტინენტის ჩემპიონატი თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 2015-ში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი და ევროპის სუპერთასი ფეხბურთში. ასეთი მასშტაბების ღონისძიებების მასპინძლობა, რა თქმა უნდა, ძალზე პრესტიჟულია, თუმცა ისინი ერთობ სოლიდურ ხარჯებთანაცაა დაკავშირებული. მაგალითად „თბილისი-2015" ჩვენ დედაქალაქს დაახლოებით 100 მილიონი ლარი დაუჯდა, ხოლო საფეხბურთო ევროთასი - 10 მილიონზე მეტი. შედარებისათვის აქვე აღვნიშნავ, რომ 2015 წელს სპორტის სამინისტროს მთლიანად  ქართული სპორტისათვის 70 მილიონი ლარი ჰქონდა გამოყოფილი. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ასეთი ძვირადღირებული ღონისძიებების მასპინძლობა?   

 - თქვენს მიერ ჩამოთვლილ შეჯიბრებებთან დაკავშირებული ხარჯები გაწეულია სხვადასხვა წყაროებიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულმა სპორტმა დამატებით მიიღო რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიცია. ეს მნიშვნელოვანი შეჯიბრებები რომ არა, სპორტში 2015 წელს მხოლოდ ის ნახსენები 70 მილიონი დაიხარჯებოდა. სხვა საკითხია, ყოველთვის გამართლებული არის თუ არა მასპინძლობის ხარჯები და საერთოდ, რა პრინციპით ვმოქმედებთ ასეთ დროს. წლის განმავლობაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში იმდენი ჩემპიონატი და ტურნირი ტარდება, რომ თუ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ იტყვიან, კარს ავუტალახებთ, ადრე თუ გვიან, მასპინძლობის უფლება ჩვენც გადმოგვეცემა. სწორედ აქ გვმართებს ზომიერება, რაციონალიზმი და პრაგმატიზმი, რათა ამ ყველაფერმა კამპანიური ხასიათი არ მიიღოს. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შემთხვევაში, შემიძლია თამამად გითხრათ, ინვესტიცია გმართლებული იყო ერთი მარტივი მიზეზის გამო (სხვა მიზეზებზე რომ არაფერი ვთქვათ): იმ მილიონების უმეტესი ნაწილი ახალი სპორტული ბაზების მშენებლობას და უკვე არსებული ობიექტების რემონტს, მათს აღჭურვას მოხმარდა. ეს ახალი და განახლებული თანამედროვე სპორტული კომპლექსები დიდი ხნის განმავლობაში მოემსახურება ქართულ სპორტს, ჩვენს ახალგაზრდობას. მაშასადამე, ეს არის ქართული სპორტის მომავალში ჩადებული ინვესტიცია.

 7. რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, პრაქტიკულად ყველა ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების დროს არის ერთი ვაი-უშველებელი და ომი. რატომ, რა ხდება? დავიჯერო ყველა ნიჭიერი და საქმიანი პრეტენდენტი ახლა გამოჩნდა? მადლი ღმერთს, დღეისათვის მე მგონი მოჭიდავეების, ძიუდოისტების, კალათბურთელებისა თუ სხვათა საძმო დაწყნარდა. თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ამ ფედერაციების არჩევანმა?

 - თავისთავად იმაში ცუდი არაფერია, როცა ღია კონკურენციის პირობებში ფედერაციის პრეზიდენტობისთვის რამდენიმე კანდიდატი იბრძვის. პრობლემა მაშინ იწყება, როცა ეს ბრძოლა სცილდება დადგენილი სამართლებრივი თუ ეთიკური ნორმების ფარგლებს და, ასე ვთქვათ, სამკვდრო-სასიცოცხლო ხასიათს იძენს. ამგვარი ბრძოლის კლასიკური მაგალითია ჭიდაობის ფედერაციის შარშანდელი რიგგარეშე არჩევნები. საქმე იქამდე მივიდა, რომ დაპირისპირებული მხარეეები, ნაცვლად რეალურ პრობლემებზე მსჯელობისა და გამოსავალის ძიებისა, ლანძღვა-გინებასა და ლაყე კვერცხების სროლაზე გადავიდნენ. განსაკუთრებით საგანგაშო ის იყო, რომ გარკვეული დაინტერესებული ჯგუფების პროვოცირებით, ამ პროცესში ჩართულნი აღმოჩნდნენ მოქმედი სპორტსმენები, ქვეყნის ნაკრები გუნდების წევრები, რომლებიც ვარჯიშის ნაცვლად გაუგებარ აქციებში მონაწილეობდნენ. შარშანდელის შემდეგ, თითქოს ვითარება მეტ-ნაკლებად დარეგულირდა, სხვა ფედერაციებშიც ერთგვარი სიმშვიდეა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამგვარი რეციდივების უარყოფითი შედეგები ასე ჩქარა არ იკურნება და კულუარული დაპირისპირება დიდხანს გრძელდება. მთავარია, ამ პროცესებმა ჩვენს სპორტს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მოუტანოს.

ოლიმპიურ კომიტეტს ამ თემასთან დაკავშირებით არაერთხელ გამოუხატავს თავისი მკაფიო პოზიცია. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, არა მარტო სპორტულ არენაზე, არამედ მის მიღმაც დავიცვათ პატიოსანი თამაშის წესები. ეს  განსაკუთრებით აქტუალურია სწორედ 2016 წელს, როცა უმეტეს სპორტულ ორგანიზაციებში უნდა გაიმართოს საანგარიშო-საარჩევნო ყრილობები.

    8. კიდევ ერთი საჭირბოროტო საკითხის შესახებ მინდა გკითხოთ, მსაჯობა. სამწუხაროდ ყველა მსაჯი ვერ ან არ უძლებს ცდუნებას და ამის გამო არც თუ ისე იშვიათად იჩაგრებიან სპორტსმენები, განსაკუთრებით ორთაბრძოლების სახეობებში და მათ შორის ჩვენი მოჭიდავეებიც. ამასთან ერთად, მე რამდენადაც ვიცი, ჩვენ თითო-ოროლა არბიტრი თუ გვეყოლება რიოში. როგორ აპირებთ ამ პრობლემასთან ბრძოლას წლევანდელ ოლიმპიადაზე?

 - ჩვენ ერთის მხრივ უნდა მოვერიდოთ ცუდი შედეგების მხოლოდ ცუდ მსაჯობაზე გადაბრალებას, მეორეს მხრივ კი უნდა ვაღიაროთ, რომ თანამედროვე სპორტში, მათ შორის ოლიმპიადებზე, მსაჯობის ობიექტურობასთან დაკავშირებით არსებობს სერიოზული პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციაში დამკვიდრებული ზღვარსგადასული კორუფციის გამო, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა და ამ ორგანიზაციას სხვა ხალხი მართავს, სისტემური პრობლემები ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის. ადრე შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო ძიუდოში, მაგრამ დღეს აქაც ვხვდება არაობიექტური მსაჯობის შემთხვევები. ეს არის რეალობა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთულია, თუმცა - აუცილებელი.

უკვე გადაწყვეტილია, რომ რიო დე ჟანეიროში მოჭიდავეთა ოლიმპიურ ტურნირს ორი ქართველი მსაჯი მოემსახურება - ედიშერ მაჩაიძე და თემო ყაზარაშვილი. თუ არ ვცდები, ამგვარი რამ ოლიმპიადაზე პირველად მოხდება. ძიუდოშიც გვყავს რამდენიმე კვალიფიციური მსაჯი, რომელთაგანაც ოლიმპიადაზე, ალბათ, ვლადიმერ ნუცუბიძე გაემგზავრება. შარშან ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ ბატუტზე ხტომაში საუკეთესო მსაჯად აღიარა რუსუდან ხოფერია, რომელიც ასევე იმსაჯებს ბრაზილიაში.

      9.სპორტის გუნდური სახეობებიდან ოლიმპიური საგზურის მოპოვებას მე პირადად ჯერ კალათბურთელებისაგან ველოდი. შემდეგ წყალბურთელებისაგან, თუმცა სამწუხაროდ ორივე შემთხვევაში ჩემი იმედები ფუჭი გამოდგა. ეს საკითხი ალბათ თქვენც გაწუხებთ. რა გეგმები, ჩანაფიქრები გაქვთ გუნდურ სახეობებთან დაკავშირებით?

 - რა თქმა უნდა, რომელიმე გუნდურ სახეობაში ოლიმპიადის ფინალური ტურნირის საგზურის მოპოვება ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი სპორტისთვის. ეს იქნება თვისობრივად ახალი ვითარება. ერთ ოლიმპიურ ციკლში ამის გაკეთება რთულია, თუმცა კალათბურთის მაგალითზე გამოჩნდა, რომ მიზანთან ახლოს ვიყავით. ერთჯერადი ინექცია საკმარისი არ არის. სასურველი საბოლოო შედეგის მისაღებად აუცილებელია გრძელვადიანი და მაღალბიუჯეტიანი პროექტის ამოქმედება. იმედი მაქვს, რომ მომავალ ოლიმპიურ ციკლში ჩვენს სპორტს ამის საშუალება ექნება.

      10. ნინო სალუქვაძე ქართულ სპორტში უნიკალური მოვლენაა. ეს ოლიმპიადა მისთვის მერვე იქნება. გამოცდილება სოლიდური აქვს, მაგრამ რიოს თამაშებისთვის ის უკვე 40 წელს კარგა გვარიანად გადაცილებულიც იქნება. საინტერესოა, როგორ აფასებთ მის შანსებს?

 - ნინო იმდენად მაღალი კლასის სპორტსმენია, რომ გულშემატკივარიც და ჩვენც მისგან ყოველთვის ველოდებით მაღალ შედეგს. გამონაკლისი არც მომავალი ოლიმპიადაა.

     11. ჩვენი დელეგაცია ოლიმპიადებზე ყოველთვის ამაყობდა „ქართული სახლით". ამჯერად რას შესთავაზებს „ქართული სახლი" რიოში ჩასულ სტუმრებს და ვინ უხელმძღვანელებს მას?

 - ამჯერად ამ პროექტზე უარი ვთქვით. რიოში "ქართული სახლი" არ გვექნება. ჩვენი ბიუჯეტი მთლიანად ოლიმპიური გუნდის მზადებას მოხმარდება.

      12. ბოლო კითხვა, რაღა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი და საინტერესოა. რას ელით ამ ოლიმპიური თამაშებისაგან? 

 - ველით კარგ შედეგს, წარმატებულ გამოსვლას, ოლიმპიურ მედლებს. ბრაზილიაში გამგზავრებამდე, ფედერაციების ხელმძღვანელებთან და მწვრთნელებთან რამდენიმე საქმიან შეხვედრას ვგეგმავთ, მათ შორის - სეოკ-ის აღმასკომის ფორმატში. ამ შეხვედრებზე, რა თქმა უნდა, საოლიმპიადო პროგნოზებზეც ვიმსჯელებთ და ამის მერე შეგვეძლება უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ მოსალოდნელ შედეგებზე.  ისე კი, ჩვენი დევიზი უცვლელი რჩება: რიოში უკეთ, ვიდრე ლონდონში.