ოზურგეთში ოლიმპიური სახლი გაიხსნა

20 მაისი 2016

19 მაისს ოზურგეთში საზეიმოდ გაიხსნა ოლიმპიური სახლი - თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი სპორტული კომპლექსი, რომელიც აერთიანებს საცურაო აუზს, სატრენაჟორო დარბაზს და საუნას. აქვე განთავსებულია სპორტული მუზეუმი და ბიბლიოთეკა. სამომავლოდ ოლიმპიურ სახლში მოეწყობა კრივის რინგი და ძალოსნობის ფიცარნაგი.

ცერემონიალში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე, ოზურგეთის საკრებულოს თავჯდომარე გელა კობალაძე, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, სეოკ-ის გურიის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა ლომაძე, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე, მსოფლიო ჩემპიონი მუხრან ვახტანგაძე, ოლიმპიური ჩემპიონები -საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მანუჩარ კვირკველია და ვახტანგ ბლაგიძე, ევროპის თასის მფლობელი ავთანდილ მაისურაძე, გურიის სპორტული საზოგადოებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლები, მოსწავლე ახალგაზრდები.

ღონისძიება გახსნა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „გურიამ," ქართული სიმღერები შეასრულა ანსამბლმა „სამი ძმანი გურულები". მოეწყო საყმაწვილო ოლიმპიური ენციკლოპედიის - „მოგზაურობა ოლიმპეთში" (ავტორი - მწერალი ირაკლი ლომოური) პრეზენტაცია. ეს გამოცემა საჩუქრად გადაეცა გურიის რეგიონის ყველა საჯარო და კერძო სკოლას. ლერი ხაბელოვმა ოლიმპიური სახლის ბიბლიოთეკას გადასცა პაატა ნაცვლიშვილის ხუთტომეული „ხუთი რგოლი საქართველოსთვის". პრეზენტაცია დასრულდა სახალისო ვიქტორინით. მოსწავლეები, რომლებმაც ოლიმპიურ თემატიკაზე დასმულ კითხვებს სწორი პასუხი გასცეს, დაჯილდოვდნენ ჩემპიონების ავტოგრაფიანი საყმაწვილო ენციკლოპედიით.

სპორტში გაწეული ღვაწლისათვის სეოკ-ის პრეზიდენტმა სპეციალური ოლიმპიური მედლებით დააჯილდოვა ბეგლარ სიორაძე, გელა კობალაძე, ზაზა სიორიძე და ლაშა ლომაძე. სეოკ-ის დიპლომები გადაეცათ გურიის რეგიონის სპორტის დამსახურებულ მუშაკებს.