ოლიმპიური დღე რეგიონებში

24 ივნისი 2016

საერთაშორისო ოლიმპიური დღე (23 ივნისი) ფართოდ აღინიშნა საქართველოს რეგიონებში. მთავარი ღონისძიება, როგორც უკვე ვწერდით, გაიმართა ქუთაისში. იმერეთის თორმეტივე რეგიონში ასევე მოეწყო ოლიმპიური გარბენები (სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე -რეზო რობაქიძე).

23 ივნისი საინტერესო სპორტული აქტივობებით აღინიშნა სამეგრელოშიც. როგორც სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით კილასონიამ შეგვატყობინა, ოლიმპიური დღის შეჯიბრებების ორგანიზებაში ადგილობრივ სპორტულ აქტივთან ერთად ჩართულნი იყვნენ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები. აბაშაში, ფოთში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ზუგდიდში, მარტვილში, ხობში და სენაკში გამართულ შეჯიბრებებში 500-მდე სხვადასხვა ასაკის ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაც გადაეცათ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერთიფიკაატები, ამ დღისთვის დამზადებული მაისურები, თასები და დიპლომები. ოლიმპიური დღის ფარგლებში საენაკსა და მარტვილში მოეწყო აგრეთვე მატჩები 7-კაცა რაგბიში და ლელობურთში.

ცაგერის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის (უფროსი - გიორგი კვირიკაშვილი) ორგანიზებით ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება. ცაგერის მთავარი ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართა საინტერესო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდა სპორტის მოყვარულები, სპორტსმენები, საზოგადოების წარმომადგენლები. მოეწყო დისკუსია ოლიმპიურ თემატიკაზე, შემდეგ კი შეკრებილებმა დაათვალიერეს დიდების მუზეუმის სპორტული კუთხე. გადაწყდა, რომ ცაგერში ჩამოყალიბდება ოლიმპიური კლუბი, რომელიც ხელს შეუწყობს ოლიმპიური მოძრაობის პოპულარიზაციას.