ოლიმპიელების შეხვედრა ელჩთან

31 ივლისი 2016

გასული კვირადღე ქართველ ოლიმპიელთა ნაწილმა - ტყვიის მსროლელებმა, მშვილდოსნებმა, მძლეოსნებმა ვარჯიშს დაუთმეს და საწვრთნელ სპორტულ ბაზებს მიაშურეს, დანარჩენებმა კი ძირითადად დასვენებისთვის გამოიყენეს.

დღე კი იმით დაიწყო, რომ ოლიმპიურ სოფელს ესტუმრა და ქართველ ოლიმპიელებს შეხვდა ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოთარ ბერძენიშვილი. მას თან ახლდნენ საელჩოს თანამშრომლები - კოტე საბიაშვილი და ლუკა აბშილავა. საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა სტუმრებს წარუდგინა ჩვენი სპორტსმენები, დელეგაციის სხვა წევრები.

თავის მისასალმებელ სიტყვაში ელჩმა ხაზი გაუსვა ოლიმპიური თამაშების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და წარმატებული გამოსვლა უსურვა ქართველ ოლიმპიელებს: "თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი მისია გაკისრიათ. დღეს თქვენ ხართ საქართველოს ელჩები, რადგანაც ყველაზე დიდ სპორტულ ფორუმზე წარმოადგენთ ჩვენს ქვეყანას. მიხარია, რომ ჩვენს გუნდში ამდენი ტიტულიანი სპორტსმენია, რომლებმაც ბევრჯერ გვასახელეს. დარწმუნებული ვარ, ამ ოლიმპიადაზეც არაერთი თქვენთაგანი მოიპოვებს მედალს და ჩვენ ყველანი ერთად აღვნიშნავთ და ვიამაყებთ თქვენი ოლიმპიური მიღწევებით. პირადად მე და მთელი ჩვენი საელჩო გვიგულეთ თქვენს მხურვალე გულშემატკივართა რიგებში. როგორც იცით, მალე რიო დე ჟანეიროში თქვენს მხარდასაჭერად ჩამობრაძანდება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, როგორი მხარდაჭერა აქვს სპორტს და სპორტსმენებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან."

ელგუჯა ბერიშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს კეთილი სურვილებისთვის და ოთარ ბერძენიშვილს საჩუქრად გადასცა ოლიმპიელების ავტოგრაფებით დამშვენებული ქართული დელეგაციის საპრეზენტაციო წიგნი. სამახსოვრო საჩუქარი მიიღო მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ, რომელსაც 23 წელი შეუსრულდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ვიცე-პრეზიდენტები - ნონო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ადმინისტრაციის სხვა წევრები.

მოგვიანებით, ქართული დელეგაციის 25-კაციანი ჯგუფი გაემგზავრა კორკოვადუს მთაზე, სადაც აღმართულია ქრისტეს 38-მეტრიანი ქანდაკება.