ცხელი ზამთარი

01 აგვისტო 2016

მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიაში კალენდარული ზამთარია, პირველ აგვისტოს რიოში საკმაოდ ცხელოდა - ტემპერატურამ 28 გრადუსს მიაღწია. საქართველოს ოლიმპიელთა პირველი ჯგუფის ოლიმპიადის დედაქალაქში ჩასვლის შემდეგ, დღევანდელი დღე ყველაზე ცხელი გამოდგა. ამას სპორტსმენებისთვის, ცხადია, ხელი არ შეუშლია - ისინი ჩვეული გრაფიკით განაგრძობენ წვრთნას და როგორც თავად ამბობენ, აქ ყველა პირობაა მაღალ დონეზე მომზადებისთვის. ოლიმპიურ სოფელში მოქმედებს უახლესი ტრენაჟორებით აღჭურვილი ფიტნეს-კლუბი, რამდენიმე ღია საცურაო აუზი და ნაირგვარი სპორტული მოედნები, ველოტრასა და სარბენი ბილიკები. სასადილო კი ლამის 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ერთდროულად სამი ათასამდე ოლიმპიელს ემსახურება. სოფელთან ერთი ხელის გაწვდენაზეა უმეტესი სავარჯიშო არენები. ჩვენს ოლიმპიელებს სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას უწევს ქართველ მედიკოსთა ოთხკაციანი ჯგუფი პროფესორ ზურაბ კახაბრიშვილის ხელმძღვანელობით. ფაქტობრივად, დასკვნით საწვრთნელ შეკრებას სწორედ რიოში გადიან სპორტის 9 სახეობის წარმომადგენლები, რომლებსაც ამ დღეებში დანარჩენებიც შემოუერთდებიან.

ფარიკაობის მწვრთნელი მერაბ ბაზაძე ამბობს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და მომავალ უმნიშვნელოვანეს სტარტს იმედის თვალით უყურებს. მის შვილს სანდრო ბაზაძეს 10 აგვისტოს უწევს შეჯიბრება. ხმლით მოფარიკავეები მეთექვსმეტედფინალიდან იწყებენ და იმავე დღეს გაითამაშებენ ოლიმპიურ მედლებს. სანდრომ ოლიმპიადამდე ჯერ სალიცენზიო ტურნირებში გამოიჩინა თავი, მერე კი რამდენიმე საერთაშორისო შეჯიბრებაში უძლიერეს მეტოქეებს ტოლი არ დაუდო. უშიშარი მებრძოლია და ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, საკმაო გამოცდილება დაუგროვდა.

"მსოფლიო რეიტინგის სათავეში მდგომი რამდენიმე მოფარიკავე ოცდაათ წელ არის გადაცილებული, - ამბობს სანდრო ბაზაძე, - მათთან ბრძოლაში ჩემი მთავარი იარაღი სისწრაფე იქნება. მეტოქის ტიტულებს არ ვუფრთხი და ვეცდები ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთო... ხმლით მოფარიკავეთა უმეტესობა უკვე ადგილზეა. დარბაზში ვხვდებით და ვარჯიშისას ერთმანეთს სპარინგ-პარტნიორობას ვუწევთ. აქ ყველანაირი პირობა გვაქვს მოსამზადებლად. დილით სოფელში ვვარჯიშობ ტრენაჟორებზე. კვებაც კარგია, გარემოც სასიამოვნოა - სპორტული."

სანდროსთვის ეს არის სადებიუტო ოლიმპიადა, ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა კი თავისი მესამე ოლიმპიური სტარტისთვის ემზადება. წინა ორივე ოლიმპიადაზე ფინალში გავიდა - პეკინში მეექვსე იყო, ლონდონში - მეშვიდე: "განწყობა, როგორც ყოველთვის, საბრძოლოა. კორკოვადუს მთაზე გუშინდელი ექსსკურსია იყო შთამბეჭდავი და პოზიტიური. ოლიმპიური სოფლით კმაყოფილი ვარ, შეიძლება რაღაცეები ყოფილიყო უკეთ ორგანიზებული მასპინძლების მხრიდან, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად არის. ჩემი მთავარი საქმეა ვარჯიში, ვარჯიში, ვარჯიში... იმისათვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო, საჭიროა ყოველდღიური მძიმე შრომა."

დღეს მხატვრულ ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავას მორიგი ვარჯიში ჰქონდა, რომელსაც სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი ესწრებოდნენ. მსუბუქად დაიტვირთნენ ძიუდოისტები, ისვენებდნენ ტყვიის მსროლელები, რომლებიც 2 აგვისტოს, საქართველოს დროშის აწევის ცერემონიალის შემდეგ, რიოს სასროლო ცენტრში გადაინაცვლებენ და ვარჯიშებს განაახლებენ.

ბოლოს კი ძიუდოისტ ესტერ სტამს მოვუსმინოთ: "ხუთი დღეა, რაც აქ ვართ. ოლიმპიურ სოფელში კარგად ვგრძნობთ თავს. იყო ლაპარაკი იმაზე, რომ სოფელი არ იყო მზად სპორტსმენების დასახვედრად. ეს მთლად სწორი არ აღმოჩნდა. თუ რაიმე პრობლემა იყო, პირველივე დღეს მოგვარდა. მომწონს აქ ყოფნა. რაც შეეხება თამაშებს, იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო რეიტინგში არ ვარ მოწინავე ადგილზე, ჩემგან განსაკუთრებულ შედეგს არავინ ელოდება. ეს ჩემთვის ხელსაყრელც არის - სიქოლოგური ტვირთი არ მაწევს. ისე კი, საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ."