საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ოლიმპიელებთან
წილი ნაყარია
დღეს, შუადღისას, 31-ე ოლიმპიური თამაშების გახსნიდან ერთი დღით ადრე რიოს ოლიმპიურ სოფელს ესტუმრა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლითურთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად.
ემოციური და უშუალო გამოდგა პრეზიდენტისა და ქართველ ოლიმპიელთა შეხვედრა, რომელიც ჩვენი დელეგაციის ოფისში გაიმართა. თავდაპირველად საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა, სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა ქვეყნის პირველ პირს წარუდგინა ჩვენი სპორტსმენები, მწვრთნელები, ადმინისტრაციული ჯგუფის წევრები, ასევე მიაწოდა ინფორმაცია წინასაოლიმპიადო სამზადისის შესახებ.
პრეზიდენტი მარგველაშვილი შეკრებილებს გულითადად მიესალმა, ოლიმპიური თამაშების განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ჩვენს ოლიმპიელებს წარმატებული სტარტი უსურვა: „რიოში, ოლიმპიურ სოფელში უკვე აღიმართა საქართველოს დროშა, რაც თითოეული ქართველის გულს ახარებს. მე თქვენში ვხედავ ძალიან შემართებულ განწყობას. დარწმუნებული ვარ, რომ აქ ოლიმპიადის დღეებში არაერთხელ აიწევა ჩვენი დროშა. მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს, ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ იმყოფება _ სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ექიმებს, საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს, ჟურნალისტებს. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, ვინც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეხედავს ჩვენი ოლლიმპიელების გამოსვლას და მათთან ერთად იმღერებს საქართველოს ჰიმნს."
სპორტსმენების სახელით პრეზიდენტს მიმართეს და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ, ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ და ჩვენი დელეგაციის მედროშემ, ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.
შეხვედრის დასასრულს ელგუჯა ბერიშვილმა პრეზიდენტს საჩუქრად გადასცა ქართველი ოლიმპიელების ავტოგრაფებით დამშვენებული ქართული დელეგაციის საპრეზენტაციო წიგნი.
შემდეგ სტუმარ-მასპინძლებმა სოფლის სასადილოში გადაინაცვლეს და ერთად ისადილეს. სწორედ სასადილოსკენ მიმავალ გზაზე შეხვდნენ ერთმანეთს გიორგი მარგველაშვილი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, რომელმაც სოფელში ფრანგული დელეგაცია მოინახულა. ორი ქვეყნის ლიდერებმა ფრანგ და ქართველ სპორტსმენებს წარმატებები უსურვეს.
გიორგი მარგველაშვილი 5 აგვისტოს ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიალს დაესწრება, მეორე დღეს კი ტყვიის მსროლელთა და ძიუდოისტთა შეჯიბრებების მონახულებას გეგმავს.
ამასობაში უკვე გაიმართა კენჭისყრა ძიუდოში და გაირკვა ჩვენი ძიუდოისტების პირველ და სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა. საქართველოს ვაჟთა ნაკრები სრული შვიდკაციანი შემადგენლობით გამოდის, ქალთა ტურნირში კი ერთი მონაწილე გვეყოლება.
ოლიმპიურ ტატამზე პირველი გამოვა ამირან პაპინაშვილი (60 კგ), რომელსაც პანამერიკული თამაშების ვერცხლის პრიზიორთან, კანადელი სერჯიო პესოასთან მოუწევს ბრძოლა. ქართველის ქვეჯგუფში ყველაზე ტიტულიანია მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონი, იაპონელი ნაოჰიშა ტაკატო. ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) პირველ წრეში სლოვენიელ ადრიან გომბოკს ეჭიდავება, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) _ კუბელ მაგდილ ესტრადასა და ჩეხ იარომირ იეზეკს შორის გამარჯვებულს.
პირველ წრეში ასევე ისვენებს ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ), რომელიც სასტარტო შეხვედრას იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორთან, ივან სილვა მორალესთან გამართავს. თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, სავარაუდოდ, ჭრიკიშვილს ფინალში იაპონელ მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონთან, ტაკანორი ნაგასესთან მოუწევს დაპირისპირება. ვარლამ ლიპარტელიანის (90 კგ) პირველი მეტოქე იქნება აზიის წლევანდელი ჩემპიონი, ტაჯიკი კომრონშოხ უსტოპირიონი, ბექა ღვინიაშვილისა (100 კგ) _ ბრიტანელი ბენჯამენ ფლეტჩერი. ადამ ოქრუაშვილსა (+100) იაპონელი ჰისაიოში ჰარასავა. ქალთა ტურნირში ჩვენი ესტერ სტამი მონღოლ ნარანჯარგალ ცენდ აიუშთან იჭიდავებს.
დღეს ასევე გამოვლინდა ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე. ქართველი ჩოგბურთელი ურუგვაელ პაბლო კუევასს ეთამაშება, რომელიც მე-11 ნომრად არის განთესილი.
ოლიმპიურ ტურნირში ქართველთაგან პირველნი ჩაებმებიან ჩვენი მშვილდოსანი ქალები. მათ 5 აგვისტოს, ოლიმპიადის საზეიმო გახსნის ცერემონიალის დაწყებამდე, სარეიტინგო რაუნდი ელით.