რიო 2016 - ქართულ ბრინჯაოს უზბეკი ძიუდოისტი გადაეღობა

06 აგვისტო 2016

საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს რიო 2016-ზე პირველ მედლამდე სულ ცოტა დააკლდა - ძიუდოისტმა ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) რეპეშაჟის ფინალში, უზბეკ დიორბეკ უროზბოევთან იუკოთი წააგო და საბოლოოდ მე-5 ადგილი დაიკავა.

პაპინაშვილი დამამშვიდებელ ეტაპზე ნახევარფინალიდან გადაერთო, რუსეთის ნაკრების წევრთან - ევროპის 3-გზის ჩემპიონ ბესლან მუდრანოვთან წაგების შემდეგ. ამ შეხვედრამდე საქართველოს ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა სამი მეტოქე ჩამოიშორა. პირველ წრეში კანადელ სერჯიო პესოას ვაზარით და იუკოთი აჯობა. შემდეგ ბულგარელ იანისლავ გერჩევს მოუგო 2 წუთში შესრულებული სუფთა გდებით. მეოთხედფინალში კი იპონითვე გაუსწორდა მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონს - იაპონელს ნაოჰისა ტაკატოს.

ძიუდოისტთა ფინალური ბლოკის შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც დაესწრო. ასევე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელები.

პაპინაშვილის გარდა, დღეს ოლიმპიადაზე დებიუტი ჰქონდა ტყვიის მსროლელ ცოტნე მაჭავარიანს, რომელმაც პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში 574 ქულა დააგროვა და 53 მონაწილეს შორის 29-ე ადგილი დაიკავა, რაც ფინალის საგზურის გასანაღდებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

კვალიფიკაციის გადასალახად მაჭავარიანს 6 ქულა დააკლდა.
6 აგვისტოს მოსინჯა ძალები მოცურავე ირაკლი რევიშვილმაც, რომლიც საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას რიოში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე შეურთდა. რევიშვილმა თავისუფალი ყაიდით ცურვაში 400-მეტრიანი დისტანცია 4.00.56 წუთში დაფარა და 50 მონაწილეს შორის 45-ე ადგილზე გავიდა.

7 აგვისტოს, ქართველ გულშემატკივრებს გაცილებით დატვირთული და საინტერესო დღე ელით. ძიუდოში, მამაკაცებს შორის 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან ჩემპიონ-პრიზიორები. საქართველოს სახელით კი ტატამზე ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი გავა.

ოლიმპიურ თამაშებს მარგველაშვილი სლოვენიელ ადრიან გომბოცთან დაჭიდებით გახსნის. გამარჯვების შემთხვევაში კი ებრაელი გოლან პოლაკისა და ზამბიელი მეთიუს პუნზას წყვილიდან გასულს შეხვდება.

მშვილდოსნები ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა და იულია ლობჟანიძე გუნდური პირველობის საწყის წრეში მექსიკის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ამ დისციპლინაში მედლები დღესვე უნდა გათამაშდეს. ასევე ერთ დღეში ჩაატიეს პნევმატური პისტოლეტიდან სროლა ქალთა შორის, სადაც საქმეში ოლიმპიური დელეგაციის რეკორდსმენი, მერვე თამაშების მონაწილე, სეოკ-ის ვიცე პრეზიდენტი ნინო სალუქვაძეც ჩაებმება.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველი წრის შეხვედრას ჩაატარებს ოლიმპიადაზე მე-11 ნომრად განთესილ ურუგვაელ პაბლო კუევასთან, ხოლო მოცურავე თეონა ბოსტაშვილი 100-მეტრიან დისტანციაზე ბრასით გაცურავს.

 

ლუკა ქარსალაძე