არსენ კასაბიევი ოლიმპიურ ვერცხლის მედალს მიიღებს

04 დეკემბერი 2016

დოპინგთან ბრძოლის ტექნოლოგიები თანდათან იხვეწება, მაღალ საფეხურზე ადის და ახალ შესაძლებლობებს იძენს. ამის ერთ-ერთ დამამტკიცებელ გარემოებად უნდა მივიჩნიოთ პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე აღებულ დოპინგ-სინჯებში მიკვლეული აკრძალული პრეპარატები, რომელმაც ოლიმპიელთა ერთი ნაწილის მიღწევები გააცამტვერა, მეორეს კი აღიარება და სიხარული მოუტანა. ასეთთა შორის აღმოჩნდა საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრი არსენ კასაბიევი, რომელმაც პეკინის ოლიმპიურ ფიცარნაგზე გამოსვლა მეოთხე ადგილით დაასრულა, დღეს კი, რვა წლის შემდეგ, ის ვერცხლის მედლის მფლობელად გამოცხადდა.

საქმე ის არის, რომ არსენ კასაბიევის წონაში (94 კგ) ჩემპიონი, ყაზახი ილია ილინი და ბრინჯაოს მედლის მფლობელი რუსი ჰაჯიმურატ აკაევი დოპინგის მიღებაში ამხილეს, რასაც დაუყოვნებლივ მოჰყვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება: ჩემპიონად იწოდებოდეს მეორეადგილოსანი პოლონელი შიმონ კოლეცკი, ვერცხლის მედლის მფლობელად გამოცხადდეს საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი არსენ კასაბიევი, ხოლო მესამე ადგილამდე აღზევდეს კუბელი იოანდრი ერნანდესი.

კასაბიევი დღეს პოლონეთის სახელით გამოდის, მისი მწვთნელი კი, როგორც შიმონ კოლეცკის, ისე ოლიმპიური ჩემპიონების - კახი კახიაშვილისა და გიორგი ასანიძისა, არის ვანო გრიქუროვი.

რამდენიმე დღის წინ, ასევე გადაისინჯა პეკინის ოლიმპიადის შედეგები თავისუფალ ჭიდაობაში. ფინალში გასული თაიმურაზი თიგიევი (96 კგ, ყაზახეთი) აკრძალული პრეპარატის მიღებაში დაადანაშაულეს და ვერცხლის მედალს მესამე ადგილზე გასული საქართველოს ნაკრების მაშინდელი წევრი გიორგი გოგშელიძე მიიღებს.