სეოკ-ის აღმასკომის სხდომა

06 დეკემბერი 2016

6 დეკემბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის 2016 წლის ბოლო სხდომა. პირველ საკითხად განიხილეს ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების (ტოკიო, 2020) პროგრამაში სპორტის ახალი სახეობების შეტანასთან დაკავშირებული საკითხები. 

როგორც ცნობილია, 2016 წლის აგვისტოში რიო დე ჟანეიროში გამართულმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 129-ე სესიამ მხარი დაუჭირა "ტოკიო-2020"-ის საორგანიზაციო კომიტეტის წინადადებას და სოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს რეკომენდაციას XXXII ოლიმპიური თამაშების პროგრამაში დამატებით სპორტის 5 სახეობის შეტანის თაობაზე. ამ ისტორიული გადაწყვეტილების თანახმად, 2020 წლის ოლიმპიადაზე დამატებით ვიხილავთ ბეისბოლი/სოფტბოლს, კარატეს, კლდეზე ცოცვას, სკეიტბორდინგსა და სერფინგს. ამ ხუთეულში გაერთიანდა გუნდური და ინდივიდუალური, ტრადიციული და შედარებით ახალი, ვაჟთა და ქალთა დისციპლინები. გადაწყვეტილების მიღებისას ასევე გაითვალისწინეს რეკომენდებული სახეობების კრეატიულობა და მზარდ პოპულარობა ახალგაზრდებში, მათ შორის - იაპონიაში. ამით სოკ-ი შეუდგა სტრატეგიული გეგმის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს ოლიმპიური თამაშების პროგრამის მოდერნიზაციას, ინოვაციური პროექტების სტიმულირებას და თამაშების მასპინძელი ქვეყნის ინიციატივის წახალისებას. ეს ცვლილებები არანაირად არ შეეხება 28 ძირითად ოლიმპიურ სახეობას, თანაც, შემდგომი ოლიმპიადის მასპინძელს არ დაეკისრება ვალდებულება თამაშების პროგრამაში შეინარჩუნოს ახალდამატებული დისციპლინები.

სოკ-ის რეკომენდაციის და მოქმედი წესდების შესაბამისად, შემოსული განაცხადების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა იმსჯელა ბეისბოლის, კარატეს, კლდეზე ცოცვის და სკეიტბორდინგის ფედერაციების სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებზე, აღიარა ისინი და დაადგინა, რომ ამ ფედერაციებს მიეცეთ უფლებამოსილება სპორტის ოლიმპიური სახეობებისთვის განსაზღვრული ფორმატით მიიღონ მონაწილეობა 2016 წლის 23 დეკემბერს დანიშნულ სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესიის მუშაობაში.

აღმასკომმა სეოკ-ის წესდების მოთხოვნათა შესაბამისად დაამტკიცა საანგარიშო-საარჩევნო სესიაზე ხმის უფლებით მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი, ჩვენს ქვეყანაში პოპულარული 5 არაოლიმპიური სახეობის ნუსხა. ასეთ სახეობებად განისაზღვრა ჭადრაკი, ქართული ჭიდაობა, სამბო, სუმო და მკლავჭიდი.

სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის წარდგინებით, აღმასკომის წევრებმა ასევე იმსჯელეს სესიაზე საარჩევნო ხმის უფლებით მოსაწვევ იმ პირთა პერსონალურ შემადგენლობაზე, რომლებსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვთ ქართული ოლიმპიური მოძრაობის წინაშე. წესდების შესაბამისად, შეირჩა ხუთი დელეგატი: ნონა გაფრინდაშვილი - სეოკ-ის პირველი პრეზიდენტი, ამჟამად - საპატიო პრეზიდენტი; ჯანსუღ ბაგრატიონი - სეოკ-ის პრეზიდენტი 1996-2004 წლებში, ამჟამად - საპატიო პრეზიდენტი; თენგიზ გაჩეჩილაძე - სეოკ-ის დაფუძნების საინიციატივო ჯგუფისა და საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, გაზეთ "ლელოს" საპატიო რედაქტორი; გურამ საღარაძე - თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, აქტიური სპორტული მოღვაწე; თამარ ბალავაძე - სეოკ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქართული ოლიმპიური მოძრაობის მემატიანე, ოლიმპიურ თემატიკაზე 50-ზე მეტი დოკუმენტური ფილმის და პოპულარული სატელევიზიო ოლიმპიური პროგრამების ავტორი.

სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ აღმასკომის წევრებს ინფორმაცია გააცნეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა და გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა.