კიდევ ერთი დიდი აღიარება

09 დეკემბერი 2016

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის  (IOC)  ორდენი მიენიჭა. ეს არის მთავარი საერთაშორისო ოლიმპიური ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო, რომელიც ოლიმპიური მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლებს გადაეცემათ.

ლერი ხაბელოვს ეს დიდი აღიარება პირადად მიულოცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა. ლოზანიდან გამოგზავნილ  წერილში ნათქვამია:

„ბატონო  პრეზიდენტო,

ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა გაცნობოთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც ლოზანაში 2016 წლის 6-8 დეკემბერს შეიკრიბა, ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თქვენ დაჯილდოებული ხართ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური ორდენით.

ვსარგებლობ შემთხვევით და გულითადად გილოცავთ ამ ჯილდოს.

პატივისცემით, თომას ბახი."

- მინდა მადლობა გადავუხადო  ბატონ თომას ბახს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრებს, რომლებმაც ასეთი მაღალი ჯილდოთი დააფასეს  ჩემი საქმიანობა ოლიმპიურ მოძრაობაში, - განაცხადა ლერი ხაბელოვმა, -  რა თქმა უნდა, ეს ასევე არის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმატებული მუშაობის აღიარება, დაფასება იმ  წვლილისა, რაც ჩვენ შეგვაქვს დიდ ოლიმპიურ მოძრაობაში.

 უფრო ადრე, 15 ნოემბერს   ლერი ხაბელოვი ასევე დაჯილდოვდა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის (ANOC)  ორდენით. ამ ჯილდოს გადაცემის ცერემონია გაიმართა ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ANOC-ის 21-ე გენერალურ ასამბლეაზე.