შეხვედრა რაგბის კავშირში

17 დეკემბერი 2016

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი შეხვდნენ საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელებს, აღმასკომის წევრებს. საუბრის მთავარი თემა იყო შვიდკაცა რაგბის განვითარება საქართველოში და ამ ახალი ოლიმპიური სახეობის პერსპექტივები.

ლერი ხაბელოვმა მასპინძლებს გააცნო ოლიმპიური კომიტეტის გეგმები შვიდკაცა რაგბათან მიმართებაში, ხაზი გაუსვა რაგბის განსაკუთრებულ პოპულარობას და აღნიშნა, რომსხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, სეოკ-ს სამომავლო ამოცანებში შედის სპორტის სათამაშო სახეობების ხელშეწყობა, რათა შევძლოთ ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება.

"როგორც თქვენ იცით, რიოს ოლიმპიადაზე საქართველო წარმოდგენილი იყო 40 სპორტსმენით, რაც სარეკორდო მაჩვენებელია, - განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა, - მაგრამ, სამწუხაროდ, ოლიმპიადებზე აქამდე არასოდეს გამოსულან ჩვენი გუნდები სათამაშო სახეობებში. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ გამოვასწოროთ ეს ხარვეზი და ერთობლივი ძალისხმევით მოვახერხოთ სალიცენზიო ბარიერის დაძლევა. ჩვენი აზრით, ამის გაკეთება, პირველ რიგში, სწორედ შვიდკაცა რაგბიში შეგვიძლია, თუმცა შანსი სხვებსაც აქვთ. ოლიმპიური კომიტეტი მზად არის რაგბის კავშირთან ერთად გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მოიძიოს ფინანსები და ყველანაირად შეუწყოს ხელი ამ ამოცანის შესრულებას."

როგორც ხაბელოვმა აღნიშნა, სალიცენზიო ტურნირებში წარმატების მოპოვება ძალზე რთული საქმე იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. იგივე აზრი გამოთქვეს რაგბის კავშირის ხელმძღვანელებმა, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს სტუმრებს საინტერესო მხარდამჭერი ინიციატივისთვის და დადასტურესსეოკ-თან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი.