პრეზენტაცია და ჯილდოების გადაცემის ცერემონიალი სეოკ-ში

20 დეკემბერი 2016

20 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში გაიმართა სეოკ-ის მიერ გამოცემული სამი წიგნის - "ქართველები რიოში," "ლაშა ტალახაძე," "ვლადიმერ ხინჩეგაშვილი" - პრეზენტაცია. ასევე მოეწყო სეოკ-ის პარტნიორი ორგანიზაციებისთვის დიპლომებისა და სპეციალური პრიზების გადაცემის ცერემონიალი.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ქართველი ოლიმპიელების წარმატებული გამოსვლა რიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ხაზი გაუსვა ამ წარმატებაში სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების, მათ შორის - სეოკ-ის პარტნიორების მიერ შეტანილ წვლილს.

რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებზე წიგნები გამოიცა სეოკ-ის მრავალწიგნიანი სერიის - "ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები" - ფარგლებში. უკვე გამოცემულია 36 წიგნი 36-ვე ოლიმპიურ ჩემპიონზე. ბოლო გამოცემების ავტორები არიან სპორტული ჟურნალისტები - ოთარ მაღლაკელიძე და ვასილ ბალახაძე. 136-გვერდიან ფოტოალბომში - "ქართველები რიოში" თავმოყრილია XXXI ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიელების ასპარეზობის ამსახველი ფოტოები, რომელთა უმეტესობა გადაღებულია ოლიმპიადაზე აკრედიტებული პროფესიონალი რეპორტიორების - თამარ ყულუმბეგაშვილის და ლაშა კუპრაშვილის მიერ.

შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ოთარ მაღლაკელიძემ და ვასილ ბალახაძემ.

სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა ისაუბრა ოლიმპიური კომიტეტის მიერ განხორციელებულ სააგიტაციო-საგანმანათლებლო საქმიანობაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე. აღნიშნა, რომ რიოს ოლიმპიურ ჩემპიონებზე ასევე შეიქმნება დოკუმენტური ფილმები.

ოლიმპიურმა ჩემპიონებმა - ლაშა ტალახაძემ და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მადლობა გადაუხადეს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებს, თავად წიგნების ავტორებს მათ მიმართ გამოჩენილი ყურადღებისათვის.

ბოლოს, ლერი ხაბელოვმა სეოკ-ის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს  გადასცა დიპლომები და სპეციალური პრიზები.

დაჯილდოებულთა შორის არიან:

1.   კომპანია "სვეტი"

2.   კომპანია "სოკარი"

3.   კომპანია "ავერსი"

4.   კომპანია "აუთდორ.ჯი"

5.   საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

6.   ბრაზილიაში საქართველოს საელჩო

7.   გაზეთ "ლელოს" რედაქცია

8.   ტელეკომპანია "SILK-TV"

9.   ვებგვერდ "მსოფლიო სპორტის" რედაქცია

10.  საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია

11.  საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია

12.  საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო

13.  კომპლექსი "ჯინო ფერედაისი" 

14.  ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი

15.  კომპანია "ოჯალეში  კლიმენტი კეკუტია"

16.  კომპანია "OMNESTOUR"-ი