ლერი ხაბელოვი სეოკ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

23 დეკემბერი 2016

უპრეცედენტოდ წარმომადგენლობითი გამოდგა 23 დეკემბერს სასტუმრო "რედისონში" გამართული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო სესია, რომელსაც ხმის უფლების მქონე 136 დელეგატიდან 135 დელეგატი დაესწრო. სესიის დელეგატთა შორის იყვნენ საქართველოს ყველა, 37-ვე სპორტის ოლიმპიურ სახეობათა ფედერაციების წარმომადგენლები, მათ შორის - ოლიმპიური თამაშების 17 ჩემპიონი, ანუ ამჟამად საქართველოში მცხოვრები ჩემპიონების თითქმის 80 პროცენტი.

სესიის დღის წესრიგში იყო ორი მთავარი საკითხი: სეოკ-ის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში და სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევნები.

სესიის დღის წესრიგისა და რეგლამენტის დამტკიცების შემდეგ, დელეგატებმა პატივი მიაგეს 2016 წელს გარდაცვლილ სპორტის მუშაკთა და სპორტსმენთა ხსოვნას.

სხდომის პირველი ნაწილის წამყვანმა, სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ოლიმპიურ სახეობათა ფედერაციების ახალარჩეულ ხელმძღვანელებს, ასევე იმ ფედერაციების წარმომადგენლებს, რომლებიც არჩეულნი არიან სხვადასხვა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების აღმასკომში და კომისიებში.

სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენად რიოს ოლიმპიადის ჩემპიონის, მსოფლიოსა და ოლიმპიური რეკორდსმენის ლაშა ტალახაძის არჩევის შესახებ.

ლაშას წლის საუკეთესო სპორტსმენის მოწმობა და ფულადი ჯილდო გადასცა ლერი ხაბელოვმა.

სეოკ-ის უმაღლესი ჯილდოთი - სეოკ-ის ორდენით დაჯილდოვდა  ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის დიდი მოამაგე, ცნობილი პუბლიცისტი არჩილ გოგელია.

სეოკ-ის წარდგინებით, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელობამ კონტინენტური ორგანიზაციის საპატიო ჯილდო მიანიჭა ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონს, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს კახი კახიაშვილს.

ელგუჯა ბერიშვილმა დელეგატებს შეახსენა სასიხარული ამბავი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენებით ლერი ხაბელოვის დაჯილდოების შესახებ.

როგორც ბერიშვილმა აღნიშნა, ასეთი რამ პრაქტიკაში იშვიათია - ერთსა და იმავე წელს მსოფლიოს ოლიმპიური მოძრაობის ორი მთავარი ჯილდოს ადრესატი ერთი და იგივე პიროვნება - ლერი ხაბელოვია.

დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით სესიის მონაწილეებს დაურიგდათ სეოკ-ის 2013-2016 წლების საქმიანობის ანგარიში. დელეგატები ასევე გაეცნენ ანგარიშის 15-წუთიან ვიდეო-ვერსიას. კლიპის დემონსტრირებისას ელგუჯა ბერიშვილმა დელეგატებს შეახსენა განვლილი ოთწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები, ქართველი სპორტსმენების მიერ მოპოვებული წარმატებები.

სეოკ-ის ანგარიშთან დაკავშირებით სიტყვით გამოდიდნენ ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი კონსტანტინე ლაშხი, სროლის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი თამაზ იმნაიშვილი, კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია,  სეოკ-ის აღმასკომის წევრი თამაზ თევზაძე, იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი რევაზ რობაქიძე, ოლიმპიური ფილატელიის ასოციაციის პრეზიდენტი, ჟურნალ "ოლიმპიელის" რედაქტორი პაატა ნაცვლიშვილი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონები - გურამ საღარაძე და ლუკა კურტანიძე, ფედერაცია "სპორტი ყველასათვის" პრეზიდენტი მაია აზარაშვილი, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი ლოდია.

გამომსვლელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მაღალი შეფასება მისცა სეოკ-ის საქმიანობას და ღიად დაუჭირა მხარი პრეზიდენტის პოსტზე ლერი ხაბელოვის ხელახალ არჩევას.

სხდომის ბოლო ნაწილს უძღვებოდა სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

სამკაციანი საარჩევნო კომისიის არჩევის შემდეგ, თავიანთი პროგრამები წარმოადგინეს პრეზიდენტობის კანდიდატებმა - ირაკლი მეძმარიაშვილმა და ლერი ხაბელოვმა.

ბოლოს გაიმართა კენჭისყრა, რომელიც ლერი ხაბელოვის გამარჯვებით დასრულდა. მას ხმა მისცა 78-მა დელეგატმა, მეძმარიაშვილმა კი 57 ხმა მიიღო.

სეოკ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დელეგატებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და ნდობისათვის, შემდეგ კი დაასახელა სეოკ-ის ხელმძღვანელთა და აღმასკომის წევრთა ვინაობა. პირველი ვიცე-პრეზიდენტად იმუშავებს ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტებად - ნონო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი, გენერალურ მდივნად - ემზარ ზენაიშვილი.

წესდების თანახმად, აღმასკომის შემადგენლობაში შევა 17 კაცი. ჯერჯერობით დასახელებულია 13 წევრი, აღმასკომის სრული შემადგენლობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ლერი ხაბელოვის სიტყვა სეოკ-ის სესიაზე:

ძვირფასო მეგობრებო!

ვეცდები ძალიან მოკლედ, რამდენიმე წუთში გითხრათ ჩემი სათქმელი.

პირველ ყოვლისა, მინდა დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

ბევრმა თქვენთაგანმა იცის, მაგრამ ამ ტრიბუნიდანაც ვიტყვი:  საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველ გუნდში გვქონდა საუბარი იმის თაობაზე, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარედ გავაგრძელებდი მუშაობას თუ მთლიანად ოლიმპიურ კომიტეტში გადავერთვებოდი. მე არჩევანი ოლიმპიური კომიტეტის სასარგებლოდ გავაკეთე. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ოლიმპიური მოძრაობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მეორეც - საშუალება მეძლევა, რომ ჩემი დროის უდიდესი ნაწილი ოლიმპიურ საქმეებს დავუთმო.

ოთხი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო სესია.

ეს წლები დატვირთული იყო მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენებით, საინტერესო სიახლეებით, დასამახსოვრებელი ღონისძიებებით.

იყო დიდი სპორტული მიღწევები, უმაღლესი დონის ტურნირებში მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვებები, ჩვენი სპორტის გულშემატკივრებისგან მიღებული პოზიტიური შეფასებები.

თვალშისაცემი წინსვლა გვაქვს ოლიმპიური მოძრაობის თითქმის ყველა მიმართულებით, რაც დასტურდება კონკრეტული ციფრებით და ფაქტებით.

ყველაფერი ეს ასახულია თქვენთვის დარიგებულ საანგარიშო კრებულში და შემაჯამებელ კლიპში, რომელიც ჩვენ ერთად ვნახეთ.

ამიტომაც ციფრებზე და სტატისტიკაზე ნაკლებს ვისაუბრებ, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ გასულ ოლიმპიურ ციკლში, გარდა ტრადიციულ ოლიმპიურ შეჯიბრებებში მონაწილეობისა, გეგმიური ოლიმპიური პროგრამების და პროექტებისა, ოლიმპიურ კომიტეტს დამატებით მოუწია სამი ძალზე მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულება:

პირველი: სეოკ-ის 25 წლისთავის საიუბილეო ღონისძიების გამართვა;

მეორე:  ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა;

და მესამე:  პირველ ევროპულ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წარდგენა.

სამივე ეს ღონისძიება მოითხოვდა განსაკუთრებულ ძალისხმევას, სხვადასხვა სახელისუფლებო და სპორტულ უწყებებთან, მათ შორის _ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ხანგრძლივ კოორდინირებულ მუშაობას, დიდ ადამიანურ და ფინანსურ რესურს.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სეოკ-მა წარმატებით გაართვა თავი სამივე ამოცანას.

რასაკვირველია, ოთხწლეულის მთავარი ამბავი მოხდა რიო დე ჟანეიროში, ზაფხულის 31-ე ოლიმპიურ თამაშებზე, საიდანაც ჩვენი დელეგაცია გამარჯვებული დაბრუნდა.

ეს გამარჯვება მოპოვებულია ჩვენი ერთობლივი შრომით, ამ პროცესში ჩართული ორგანიზაციების, მწვრთნელთა კორპუსის, თავად სპორტსმენების თავდადებით.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან, სპორტულ  ფედერაციებთან ერთად ჩვენ ვაკეთებთ მნიშვნელოვან საერთო საქმეს, სადაც წარმატებას განაპირობებს სწორედ პარტნიორობაზე და მაღალ პროფესიონალიზმზე, ურთიერთ პატივისცემაზე და ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა.

სწორედ ამგვარი თანამშრომლობის შედეგია წინსვლა ქართული სპორტისა, რომელსაც ყველა ხედავს და აღიარებს.

ჩვენ ასევე ვხედავთ ნაკლოვანებებს, რომლებიც თან ახლდა მნიშვნელოვანი ოლიმპიური შეჯიბრებებისთვის მზადების და მონაწილეობის პროცესს.

ჩვენ უნდა გავმართოთ ღია და ფართო დისკუსია ქართული სპორტის პრობლემატურ საკითხებზე, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ ეს პრობლემები.

პირადად მე და ოლიმპიური კომიტეტის მთელი შემადგენლობა მომართულნი ვართ იმისთვის, რომ ახალი ენერგიით და შემართებით ვაკეთოთ ჩვენი საქმე, განვახორციელოთ ახალი პროექტები, მხარი დავუჭიროთ საინტერესო ინიციატივებს, ახალ სიმაღლეზე ავიყვანოთ ოლიმპიური მოძრაობა.

ჩვენი საქმიანობის მთავარი მიმართულებები განსაზღვრულია ოლიმპიური ქარტიით და სეოკ-ის წესდებით.

 _ პირველ ყოვლისა, ეს არის მაღალი მიღწევების და მასობრივი სპორტის განვითარება;

_ ოლიმპიური ფასეულობების პოპულარიზაცია;

_ ოლიმპიური დელეგაციების ფორმირება და წარდგენა;

_ სპორტის მუშაკების და სხვადასხვა თაობის ილიმპიელების ინტერესების დაცვა;

_ სპორტში დოპინგის გამოყენების, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა;

_ და, რა თქმა უნდა, აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო და ადგილობრივ სპორტულ ორგანიზაციებთან, ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების სტრუქტურებთან, ბიზნეს-ჯგუფებთან.

ყველა ამ მიმართულებით საქმიანობის კიდევ უფრო გასააქტიურებლად ჩვენ გვაქვს მყარი რესურსი:

_ გვაქვს კომპეტენცია და გამოცდილება;

_ ცოდნა და უნარი;

_ ავტორიტეტი და გავლენა;

_ გვაქვს მტკიცე მხარდაჭერა ადგილობრივ და საერთაშორისო       დონეზე.

_ ჩვენ ზურგს გვიმაგრებს გაკეთებული საქმეები და თქვენთან ერთად განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები;

რასაკვირველია, ასევე გვაქვს კონკრეტული გეგმა მომავალი ოთხი წლისთვის, რომელიც ითვალისწინებს:

1. უკვე ნახსენები საწესდებო ამოცანების განხორციელებას;

2. სპორტული ფედერაციების, მწვრთნელების, სპორტსმენების მხარდაჭერის გაძლიერებას;

3. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული სპორტსმენების - მომავალი ოლიმპიელების მეურვეობას;

4. ოლიმპიური გუნდის წევრების კვალიფიციური სამედიცინო-სარეაბილიტაციო და ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფას;

5. საგანმანათლებლო ოლიმპიური პროგრამების გააქტიურებას;

6. სპორტში აუცილებელი რეფორმების ინიცირებას და გატარებას;

7. ოლიმპიური კომიტეტის შიდა სტრუქტურის განახლებას და მოდერნიზაციას;

8. საერთაშორისო ოლიმპიურ და სპორტულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გაღრმავებას;

9. ვეტერანი ოლიმპიელების, მწვრთნელების, სპორტის მუშაკების სოციალური დაცვის მექანიზმების გაფართოებას  (გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა კომპანია "ავერსთან");

10. სეოკ-ის პარტნიორთა და სპონსორთა ინსტიტუტის ფორმირებას.

უახლოეს მომავალში ვაპირებთ:

1. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად _

წარმომადგენლობითი სპორტული ფორუმის მოწყობას ქართული სპორტის აქტუალური საკითხების განსახილველად და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად;

2. პრიორიტეტული და წარმატებული სახეობების ფედერაციებთან ერთად -

დეტალური და დროში გაწერილი სამოქმედო გეგმის ამოქმედებას მომავალი ოლიმპიური შეჯიბრებების, მთ შორის - ახალგაზრდული ევროპული ფესტივალისა და მსოფლიო ოლიმპიადისთვის, მეორე ევროპული თამაშებისა და 32-ე ოლიმპიური თამაშებისთვის შეუფერხებელი მომზადების მიზნით.

3. სპორტის სათამაშო სახეობების წარმომადგენლებთან ერთად _

სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრას ოლიმპიური სალიცენზიო ბარიერის დასძლევად.

4. შესაბამისი ფედერაციების, ადგილობრივი და უცხოელი სპეცილისტების მონაწილეობით _

ზამთრის სპორტის ოლიმპიურ პრობლემატიკაზე ღონისძიებათა პაკეტის შემუშავებას შემდგომი სამთავრობო განხილვისა და პროგრამული მხარდაჭერისთვის;

6. ოლიმპიელთა ასოციაციასთან ერთად _

ყველა თაობის ქართველ ოლიმპიელთა დიდ შეკრებას პრობლემატურ საკითხებზე სამსჯელოდ;

7. ეროვნულ ანტიდოპინგურ სააგენტოსთან ერთად _ წარმომადგენლობითი საერთაშორისო ფორუმის მასპინძლობას ანტიდოპინგური ღონისძიებების გაძლიერების მიზნით;

8. საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსთან ერთად _

სასკოლო სპორტის განვითარების ხელსეწყობას, სკოლებში ოლიმპიური განათლების დანერგვას.

8. ასევე გეტყვით, რომ უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები ჩვენს დღევანდელ და მომავალ პარტნიორებთან, მათ შორის _ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან _ ოლიმპიური სოლიდარობის ფონდის ამოქმედების თაობაზე. 

ეს ფონდი საშუალებას მოგვცემს:

_ გავაძლიეროთ ჩვენი ვეტერანი ოლიმპიელების სოციალური დაცვა;

_ დამატებით დავაფინანსოთ მნიშვნელოვანი ოლიმპიური პროგრამები და გადაუდებელი საჭიროებები;

_ წავახალისოთ წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები.

ჩემს მიერ ჩამოთვლილი და სხვა სამომავლო ღონისძიებები მოემსახურება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპასუხისმგებლო ამოცანების შესრულებას და ოთხწლეულის მთავარ მიზანს: წარმატებულ გამოსვლას 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე.

ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ტოკიოში უკეთესი შედეგი გვექნება, ვიდრე ეს რიოში იყო.

ჩვენ ეს შეგვიძლია!!!

ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ!!!

გავაკეთებთ თქვენთან ერთად!!!

დიდი მადლობა ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის!!!