საბოლოო განაჩენის მოლოდინში

05 იანვარი 2017

მას შემდეგ, რაც სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დოპინგის მასობრივ გამოყენებასთან დაკავშირებით 2016 წლის 9 დეკემბერს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) დამოუკიდებელი კომისიის ანგარიშის მეორე ნაწილი გამოქვეყნდა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დისციპლინარული საქმე აღძრა რუსეთის 28 სპორტსმენის წინააღმდეგ. ასევე გამოცხადდა, რომ გადამოწმდება თითოეული იმ რუსი სპორტსმენის სინჯი, რომლებიც 2010, 2012 და 2014 წლების ზამთრისა და ზაფხულის ოლიმპიადებში გამოდიოდნენ.

ამას მოჰყვა რუსი მოთხილამურეების, სკელეტონისტების და ბიატლონისტების ერთი ჯგუფის დროებითი დისკვალიფიკაცია. ამ სიაში აღმოჩნდნენ სოჭის თამაშების ჩემპიონი სკელეტონში ალექსანდრ ტრეტიაკოვი და ბრინჯაოს პრიზიორი ელენა ნიკიტინა. სოკ-ის წყაროებზე დაყრდნობით, ზოგიერთი მედიასაშუალება ვარაუდობს, რომ ოლიმპიურ მედლებს ასევე ჩამოართმევენ რუს მოთხილამურეებს - ალექსანდრ ლეგკოვს და მაქსიმ ვილეგჟანინს. ლეგკოვმა სოჭში ოქროს და ვერცხლის მედლები მიიღო, ვილეგჟანინმა კი ვერცხლის სამი მედალი მოიპოვა.

სოკ-ის პრეზიდენტი თომას ბახი აცხადებს, რომ სოკ-ის საგამოძიებო კომისიის წევრები მზად არიან მოუსმინონ ყველა მხარეს, მათ შორის - დოპინგის მიღებაში მხილებულ რუს სპორტსმენებს, რათა დადგინდეს სრული სიმართლე 2014 წლის სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით.

"ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა რიჩარდ მაკლარენის ხელმძღვანელობით შექმნილი WADA-ს კომისიის შოკისმომგვრელი დასკვნა დოპინგთან მიმართებაში  რუსეთში არსებული მანიპულაციების შესახებ, - ნათქვამია თომას ბახის ოფიციალურ განცხადებაში, - ამან დააზიანა სპორტის ავტორიტეტი და ერთიანობა. ჩვენი რეაქციის კოორდინაციის მიზნით, სოკ-ში შეიქმნა ორი კომისია. ისინი პასუხისმგებლობით წარმართავენ პროცესს და გულისყურით მოუსმენენ თითოეულ მხარეს. ამის შემდეგ სოკ-ი მიიღებს ყველა საჭირო ზომას და შესაბამის სანქციებს."

როგორც სოკ-ის თავკაცი აღნიშნავს, "ბოლო ამბები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ცენტრალიზებული ანტისადოპინგო სისტემის გაძლიერების აუცილებლობას სწორედ WADA-ს ხელმძღვანელობით, რომელიც სპორტული ორგანიზაციებისა და მთავრობებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს."