სოკ-ის სანქციები

13 იანვარი 2017

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ანტისადოპინგი წესებზე დაყრდნობით და სოკ-ის სადისციპლინო კომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება პეკინისა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების მონაწილე 8 სპორტსმენის დისკვალიფიკაციის და მათი შედეგების ანულირების თაობაზე. ამის შესახებ ნათქვამია სოკ-ის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში. 

ახალი მეთოდოლოგიით ჩატარებული დოპინგ-სინჯების ანალიზის შედეგების მიხედვით, დისკვალიფიცირებულია 3 ჩინელი ძალოსანი ქალი, რომლებმაც პეკინის 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლები მიიღეს: სეისია ჩენი (48 კგ), ჩუნხონ ლიუ (69 კგ), ლეი ცაო (75 კგ). პეკინში მოპოვებული ბრინჯაოს მედლის ჩაბარება მოუწევს ბელორუს ბირთვის მკვრელს ნადეჟდა ოსტაპჩუკს. ასევე დისკვალიფიცირებულია მისი თანამემამულე დარია პლენჩიკი, რომელმაც პეკინში უროს მტყორცნელ ქალთა შეჯიბრებაში მეოთხე შედეგი აჩვენა. სოკ-ის "შავ" სიაში მოხვდნენ აგრეთვე ლონდონის 2012 წლის თამაშებში მონაწილე ძალოსნები - სიბელ სიმსეკი (თურქეთი. 63 კგ, IV ადგილი), ინტიგამ ზაიროვი (აზერბაიჯანი. 94 კგ, VI ადგილი) და ნორაირ ვარდანიანი (სომხეთი. 94 კგ, XI ადგილი).

 შესაბამის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს დაევალათ რაც შეიძლება სწრაფად დააბრუნონ დისკვალიფიცირებული სპორტსმენებისთვის ადრე გადაცემული მედლები, სამკერდე ნიშნები და დიპლომები. ძალოსნობისა და მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციები კი, არსებული წესების მიხედვით, ვალდებულნი არიან შესაბამისი ცვლილებები შეიტანონ 2008 და 2012 წლების ოლიმპიური თამაშების შედეგების ცხრილში, ასევე მიიღონ ნებისმიერი სხვა ზომები თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

სოკ-ის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სოკ-ის სტრატეგიულ ამოცანად რჩება დოპინგის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა, რათა მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზონ მხოლოდ "სუფთა" სპორტსმენებმა.