ევროპის XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაქო უმასპინძლებს

13 იანვარი 2017

2019 წელს ევროპის XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაქო უმასპინძლებს. ამის შესახებ აზერბაიჯანის დედაქალაქში ვიზიტისას განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა იანეზ კოსიანჩიჩმა, თუმცა ხელშეკრულება ჯერ არ არის ხელმოწერილი.

თავდაპირველად ფესტივალისთვის მასპინძლობა მინსკს უნდა გაეწია, მაგრამ მას შემდეგ, რაც შარშან ოქტომბერში ბელორუსიის დედაქალაქმა 2019 წლის მეორე ევროპული თამაშების ჩატარება ითავა, ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.

რაც შეეხება ბაქოს, ჩვენი მეზობლები დიდი ხანია წარმატებით მასპინძლობენ მნიშვნელოვან საერთაშორისო შეჯიბრებებს. შარშანწინ სწორედ ბაქომ მიიღო სადებიუტო ევროპული თამაშები, რომელშიც 50 ქვეყნის 6 ათასამდე სპორტსმენი გამოდიოდა სპორტის 20 სახეობაში. სხვათა შორის, ბაქო 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის პრედენდენტთა შორისაც იყო, მაგრამ პირველივე ტურში გამოეთიშა ბრძოლას. სამაგიეროდ, 2020 წელს ბაქოში გაიმართება ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი და ერთი მეოთხედფინალური შეხვედრა.

მანამდე კი, 2019 წელს, თბილისის შემდეგ ბაქო გახდება მეორე ამიერკავკასიური ქალაქი, რომელიც ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. ამის თაობაზე მხარეებს შორის ხელშეკრულებას, სავარაუდოდ, 26 იანვარს ლოზანაში, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების სხდომაზე მოეწერება ხელი. ეს ინფორმაცია დაადასტურა აზერბაიჯანის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ჩინგიზ ჰუსეინზადემ.
წლევანდელი ანალოგიური ფესტივალი 23-30 ივლისს უნგრულ გიორში ჩატარდება.