თანადგომა

17 იანვარი 2017

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სტუმრად იმყოფებოდა 14 წლის თავისუფალი სტილით მოჭიდავე აიდენის ბადიროვი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ გაიცნო „პალიტრა ტივის" ეთერში გასული სიუჟეტით.

აიდენისი ხელმოკლე ოჯახში იზრდება - ჯანმრთელობის პრობლემების გამო, დედა ვერ მუშაობს. ამიტომაც თავად დასაქმდა საკოლმეურნეო ბაზარში, თავისუფალ დროს კი ძირითადად სპორტს უთმობს. როგორც მწვრთნელები ამბობენ, აიდენიისს ყველა მონაცემი აქვს საიმისოდ, რომ სახელოვანი მოჭიდავე გახდეს. ის საქართველოს ჩემპიონია თავის ასაკობრივ ჯგუფში.

ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მხარში ამოუდგეს ახალგაზრდა სპორტსმენს, დაეხმაროს მის ოჯახს სოციალური პრობლემების მოგვარებაში. სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა აიდენის ბადიროვი ფულადი ჯილდოთი და სპორტული წიგნებით დაასაჩუქრა და წარმატებული სპორტული მომავალი უსურვა.

„ოლიმპიური კომიტეტი მოწადინებულია გვერდში დაუდგეს ნიჭიერ და მონდომებულ ახალგაზრდებს, მათ მაგალითზე კი ხელი შეუწყოს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას. იმედი გვაქვს, რომ აიდენისი მონდომებით ივარჯიშებს და წარმატებული სპორტსმენი გახდება. ჩვენ მზად ვართ, ამაში მაქსიმალურად დავეხმაროთ. ასევე, ჩვენი პარტნიორი კომპანიიის - „ავერსის" მეშვეობით სამედიცინო დახმარებას გავუწევთ აიდენისის ავადმყოფ დედას."- განაცხადა ლერი ხაბელოვმა.