ქართველ ფალავანთა ორი მედალი

23 იანვარი 2017

საქართველოს ბერძნულ-რომალი სტილის მოჭიდავეებმა თოთო ოქროსა და ვერცხლის მედალი მოიპოვეს მოსკოვში გამართულ ივან პოდუბნის სახელობის გრან-პრის გათამაშებაში -პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში, რომელიც წლეულს 58-ედ მოეწყო.

შეჯიბრების პირველ დღეს ვერცხლის მედალი ერგო რიოს ოლიმპიადის მონაწილეს რობერტ კობლიაშვილს (85 კგ). მან ფინალამდე სამ მეტოქეს აჯობა, გადამწყვეტ ბრძოლაში კი დამარცხდა რუსეთის სახელით მოასპარეზე ოლიმპიურ ჩემპიონთან, დავით ჩაკვეტაძესთან.

მოსკოვის ხალიჩაზე ასევე ოთხი ბრძოლა გამართა ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა, საქართველოს ოლიმპიური გუნდის წევრმა ზურაბ დათუნაშვილმა, რომელიც ადრე 75 კგ წონაში გამოდიოდა, ამჯერად კი 80 კგ წონით კატეგორიაში იჭიდავა. ზურაბმა ოთხივე შეხვედრა ქულებით მოიგო. განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა მისი ფინალური დაპირისპირება რუსეთის გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან, ადლან აკიევთან. ზურაბი ორი ქულით აგებდა, მაგრამ ბოლო წუთზე 2-ქულიანი გდება შეასრულა და ჯილდოდ ოქროს მედალი მიიღო. მოსკოვში კიდევ 5 ქართველი სპორტსმენი ასპარეზობდა, მაგრამ საპირზო ადგილამდე ვერც ერთმა ვერ მიაღწია.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელები ჩვენს სპორტსმენებს კიდევ რამდენიმე საერთაშორისო ტურნირზე გამოცდიან და ამის შემდეგ დადგინდება შემადგენლობა, რომელიც ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე გამოვა. კონტინენტის პირველობა 2-7 მაისს სერბეთში, ნოვი სადში ჩატარდება.