ზამთრის XIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველო 6 სპორტსმენით წარსდგება

25 იანვარი 2017

12-17 თებერვალსUთურქეთის ქალაქ ერზრუმში გაიმართება ევროპის ზამთრის XIII ახალგაზრდული ოლიმპიურ ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 39 ქვეყნის 1400-მდე სპორტსმენი. მათ შორის იქნება საქართველოს 6 წარმომადგენელი: სამთო მოთხილამურეები - ეკატერინე გოცირიძე, თამარ ბარბარაინი, ლაშა კურტანიძე

და გიორგი კურტანიძე, ფიგურულად მოციგურავე ნიკა ეგაძე და სნოუბორდისტი ბაქარ მუშკუდიანი.

16-კაციან ქართულ დელეგაციაში, რომელსაც სათავეში უდგანან სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, იქნებიან მწვრთნელები - ირაკლი ნასყიდაშვილი, ლაშა გავა, ლელა ჩოფიკაშვილი და ლევან მშვილდაძე, ფიგურული ციგურაობის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი, სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური. ოლიმპიურ მისიას სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია უხელმძღვანელებს.

ფესტივალის პროგრამაშია ზამთრის სპორტის 9 სახეობა: ბიათლონი, თხილამურებით რბოლა, სამთო თხილამურობა, სნოუბორდი, ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომა, ფიგურული ციგურაობა, ქერლინგი, ყინულის ჰოკეი და შორტ-ტრეკი.

ფესტივალის გახსნისა (12 თებერვალი) და დახურვის (17 თებერვალი) ცერემონიალები ადგილობრივ საფეხბურთო სტადიონზე გაიმართება, უშუალოდ შეჯიბრებები კი 13-17 თებერვალს ჩატარდება და ინტერნეტის მეშვეობით გადაიცემა. თურქეთის მთავრობამ ფესტივალის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის 15 მილიონი ევრო გამოყო, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კი საგანგებო ზომები მიიღო.

საქართველოს სპორტსმენთაგან ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებზე ერთადერთი მედალი მოპოვებული აქვს ვახტანგ მურვანიძეს, რომელმაც 1997 წელს სუნდსვალში (შვედეთი) ფიგურულ ციგურაობაში მეორე ადგილი დაიკავა. 2015 წელს გამართულ ბოლო ფესტივალზე ქართველთაგან საუკეთესო შედეგი აჩვენა ირაკლი მაისურაძემ - V ადგილი ფიგურულ ციგურაობაში.