ბრიფინგი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში

31 იანვარი 2017

2017 წლის 31 იანვარს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართა ბრიფინგი. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და კომიტეტის ადვოკატებმა დამსწრე ჟურნალისტებს მიაწოდეს ინფორმაცია 2016 წლის 23 დეკემბრის საანგარიშო-საარჩევნო სესიის ოქმის მოქმედების შეჩერების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების თაობაზე.

თავდაპირველად, ლერი ხაბელოვმა ხაზი გაუსვა ოლიმპიური კომიტეტის შეუფერხებელი მუშაობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ოლიმპიური პროექტების განსახორციელებლად, მომავალ შეჯიბრებებში წარმატებული გამოსვლის უზრუნველსაყოფად. როგორც მან აღნიშნა, კომიტეტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ყველა ვალდებულებას ასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მხარე ცდილობს სრულიად უსაფუძვლო ბრალდებებით ჩრდილი მიაყენოს ოლიმპიური კომიტეტის რეპუტაციას. ყველა ამ ბრალდებას და ცილისწამებას მალე გაეცემა პასუხი და, დარწმუნებულნი ვართ, ეს ასევე დადასტურდება სასამართლოს მომდევნო გადაწყვეტილებებით.

„მოგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რითაც დროებით შეჩერებულია 2016 წლის 23 დეკემბრის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის შედეგეგის მოქმედება, - განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, - ჩვენ ასევე ხელთ გვაქვს ყველა დოკუმენტაცია, რითაც ერთმნიშვნელოვნად დასტურდება საარჩევნო პროცესის სრული შესაბამისობა ჩვენს მოქმედ წესდებასთან. სხვათა შორის, ამ წესდების თითოეული მუხლი, თითოეული ჩანაწერი, დადგენილი წესის შესაბამისად, დამტკიცებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ," - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

სეოკ-ის საჩივრის კონკრეტულ მოტივებზე კომენტარი გააკეთეს კომიტეტის ადვოკატებმა. როგორც ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა აღნიშნა, ჩვენს საჩივარში დეტალურად არის განმარტებული ის გარემოებები, რომლებზე დაყრდობითაც სასამართლოს ყველა საფუძველი აქვს საიმისოდ, რომ ხელახლა შეაფასოს ოლიმპიური მოძრაობისთვის მიყენებული ზიანისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების რისკის თანაფარდობა და მიიღოს მართლზომიერი გადაწყვეტილება - გააუქმოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

„სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებით თუ მისი გამოყენების გარეშე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და აღმასკომის წევრთა მნიშვნელოვანი უმრავლესობა რჩება უცვლელი და უფლებამოსილი. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით ზიანი ადგება მხოლოდ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობას და მთლიანად ქართულ სპორტს.

მოგახსენებთ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას თანაბარწილად უნდა იქნეს დაცული როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის ინტერესები და ამ უკანასკნელისათვის რაიმე სახის უფლების შესაზღუდად, თუნდაც სასამართლოში დავის არსებობის დროს, შესაბამისი დასაბუთების, საკმარისი საფუძვლისა და გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, დაუშვებელია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. სასამართლო ვალდებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას არ გასცდეს მხარეთა ორმხრივი ინტერესების დაცვის მოთხოვნას და გაუმართლებელი ზიანი არ მიაყენოს მოპასუხის ინტერესს, რისი ნიშნები ამ ეტაპზე სახეზეა და ეს უნდა გამოსწორდეს," - განაცხადა ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა.

შემდეგ ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა სსსკ-ს 191-ე მუხლის პირველი ნაწილის განაწესზე, რომლის თანახმადაც მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ის გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის დარღვეული ან სადავო უფლებების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს. „დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ დავის ხასიათიდან გამომდინარე, მსგავსი რამ - არც უზრუნველყოფის ღონისძიებების აუცილებლობა და, მით უფრო, არც შესაძლო საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის არანაირი რისკი არ არსებობს. ამიტომაც მივიჩნევთ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არის უსაფუძვლო და უნდა გაუქმდეს, "- აცხადებს ადვიკატი.

როგორც ბრიფინგზე ითქვა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება მიიღება მოპასუხე მხარის მოსაზრებების წარდგენის გარეშე. სწორედ ამით ვხსნით სასამართლოს მსგავს გადაწყვეტილებას, რაც კომიტეტის მხრიდან დასაბუთებული საჩივრის წარდგენის შემდეგ მიგვაჩნია, რომ გაუქმდება.