შეხვედრა ცაგერის ბიბლიოთეკაში

31 იანვარი 2017

ცაგერის მთავარი ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილების სამკითხველო დარბაზში შედგა საინტერესო ღონისძიება, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის სამსახურის, ახალგაზრდული ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.

შეკრებილმა ახალგაზრდებმა მოისმინეს სამსახურის უფროსის გიორგი კვირიკაშვილის საუბარი ირაკლი ლომოურის წიგნის ,,მოგზაურობა ოლიმპეთში'' შესახებ.ეს არის სეოკ-ის მიერ გამოცემული საყმაწვილო ოლიმპიური ენციკლოპედია, რომელშიც საინტერესოდ, დიალოგის ფორმით არის გადმოცემული ოლიმპიური მოძრაობის მთავარი ამბები და მოვლენები.

ძველი საბერძნეთის ოლიმპიური მითებისა და ლეგენდების, ოლიმპიური თამაშების ისტორიის და დღევანდელობის, ოლიმპიზმის ფასეულობების და პრინციპების, გამოჩენილი სპორტსმენების, მათ შორის ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების შესახებ ინფორმაცია საინტერესო მოსასმენი იყო დამსწრე საზოგადოებისათვის.

წიგნების და ჟურნალ „ოლიმპიელის" რამდენიმე ეგზემპლარი გადაეცა ცაგერის მთავარ ბიბლიოთეკას, სადაც დაინტერესებულ მკითხველს საშუალება ექნება გაეცნოს ოლიმპიურ ლიტერატურას.

შეკრებილებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ყურადღებისა და თანადგომისათვის. სეოკ-ის ხელმძღვანელები და ცაგერის გამგეობა შეთანხმდნენ, რომ გაზაფხულზე გაიმართობა მასშტაბური შეხვედრა ადგილობრივ მოსწავლეებთან, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიური ჩემპიონები და სხვა სახელოვანი სპორტსმენები.