ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი 13 სექტემბერს ლიმაში დასახელდება

04 თებერვალი 2017

2017 წლის 13 სექტემბერს ცნობილი გახდება 2024 წლის ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქის ვინაობა. სამწლიანი დაძაბული ბრძოლის გამარჯვებულს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ-ი) 130-ე სესია პერუს დედაქალაქ ლიმაში დაასახელებს.

ამ ბრძოლას სამი კანდიდატი შემორჩა: პარიზი, ლოს-ანჯელესი და ბუდაპეშტი.

საგანაცხადო პროცედურების მესამე, დამამთავრებელი ეტაპის შესაბამისად, ამ ქალაქებმა 3 თებერვალს სოკ-ში  წარადგინეს საბოლოო საგარანტიო წერილები და სხვა აუცილებელი დოკუმენტები.

„კანდიდატი ქალაქებისთვის და ასევე სოკ-ისთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, - განაცხადა სოკ-ის შეფასების კომისიის თავმჯდობარემ ფრენკ ფრედერიქსმა, -  ახლა ჩვენ შეგვიძლია თითოეული პროექტი განვიხილოთ სრული მოცულობით."

ფრედერიქსი და მისი კომისიის წევრები აპრილ-მაისში მოინახულებენ სამივე კანდიდატ ქალაქს (23-25 აპრილს - ლოს-ანჯელესს, 10-12 მაისს -ბუდაპეშტს, 14-16 მაისს - პარიზს), 11-12 ივლისს კი დასკვნით ანგარიშს წარუდგენენ სოკ-ის წევრებს და ზაფხულის ოლიმპიურ სახეობათა საერთაშორისო ფედერაციებს.

პარიზმა და ლოს-ანჯელესმა აქამდე ორ-ორჯერ უმასპინძლეს ოლიმპიურ თამაშებს (პარიზმა - 1900 და 1924 წლებში, ლოს-ანჯელესმა - 1932 და 1984 წლებში), ბუდაპეშტმა კი, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჯერჯერობით ამის გაკეთება ვერ შეძლო.