ოლიმპიური კომიტეტების საპატიო პრეზიდენტების - ნონა გაფრინდაშვილისა და ჯანო ბაგრატიონის განცხადება

08 თებერვალი 2017

დიდად სამწუხაროა, რომ ეჭვქვეშ დადგა 2016 წლის დეკემბრში გამართული  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო სესიის შედეგები და სასამართლო განხილვის საგნადაც კი იქცა. დარწმუნებულნი ვართ, რომ სამოქალაქო სასამართლო ობიექტურად განიხილავს ამ საქმეს და მიიღებს საბოლოო სამართლიან გადაწყვეტილებას. 

როგორც მედიისთვის გაკეთებული განცხადებებიდან ირკვევა, სარჩელის ავტორს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, ირაკლი მეძმარიაშვილ მიზნად დაუსახავს არა მხოლოდ შარშანდელი სესიის შედეგების გაბათილება, არამედ სეოკ-ის ადრინდელი სესიების გადაწყვეტილებების რევიზიაც. მაგალითად, ამბობს, რომ ძველ დოკუმენტებს ამოვწევ და ყველას ვაჩვენებ, რა დარღვევებით ხდებოდა არჩევნები 25 წლის განმავლობაშიო.

ჩვენ, ორივენი ერთად, ჯამურად, 15 წელი ვხელმძღვანელობდით ოლიმპიურ კომიტეტს პოლიტიკური და სამოქალაქო დაპირისპირების რთულ წლებში. დღემდე ექვსჯერ გაიმართა სეოკ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, ოცდახუთამდე საანგარიშო სესია ჩატარდა,  მაგრამ მათი ლეგიტიმურობის საკითხი არასოდეს წამოჭრილა, მათ შორის, არც თავად ირაკლი მეძმარიაშვილის მხრიდან, რომელიც, როგორც სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე,  სეოკ-ის აღმასკომის წევრი და სესიების დელეგატი, თითქმის 10 წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ოლიმპიური კომიტეტის მუშაობაში.

ბატონ ირაკლის ასევე განუზრახავს დღესვე, ძირითადი სასამართლო პროცესის დაწყებამდე და საბოლოო ვერდიქტამდე მიმართოს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს  („მე სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად ვთარგმნი და გავუგზავნი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს - მათ უნდა იცოდნენ, რა ხდება ქვეყანაში." გაზეთი „ლელო." 2017 წლის 27 იანვარი).

სეოკ-ის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ჩვენი აზრით, სრულიად უსაფუძვლოდ, ეჭვქვეშ  დააყენა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მრავალწლიანი საქმიანობის ლეგიტიმურობა და საერთაშორისო სკანდალით ემუქრება იმ ორგანიზაციას, რომლის სათავეში მოსვლასაც თავად ცდილობს. 

ჩვენი საერთო ვალდებულებაა ვიზრუნოთ ქართული სპორტული საზოგადოების ერთიანობისთვის  და გავუფრთხილდეთ ოლიმპიური მოძრაობის მაღალ ავტორიტეტს. ეს ავტორიტეტი წლების განმავლობაში იქმნებოდა არაერთი ღირსეული ადამიანის უანგარო და თავდადებული შრომით. ამ საქმეში ჩვენც მიგვიძღვის   წვლილი და ამითაც არის განპირობებული ჩვენი განსაკუთრებული გულისტკივილი დღევანდელი ვითარების გამო.

სეოკ-ის საპატიო პრეზიდენტები:

ნონა გაფრინდაშვილი,

 ჯანო ბაგრატიონი