საქართველოს დელეგაციის გაცილება ზამთრის XIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე

10 თებერვალი 2017

10 თებერვალს ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართა ევროპის ზამთრის XIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის გაცილების ცერემონია. ჩვენს ოლიმპიელებს, მათს მწვრთნელებს, ფედერაციების ხელმძღვანელებს მიესალმნენ სეოკ-ის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

ლერი ხაბელოვმა ხაზი გაუსვა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მნიშვნელობას დიდი სპორტისკენ მიმავალ გზაზე, გაიხსენა წინა ამგვარ შეჯიბრებებში ჩვენი სპორტსმენების შედეგები და იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი გუნდის წევრები თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს აჩვენებენ : "თქვენთვის ეს იქნება პირველი მნიშვნელოვანი შეჯიბრება, შესაბამისად _ პირველი სერიოზული გამოცდა. გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ასახელოთ საკუთარი თავიც და ჩვენი ქვეყანაც." სეოკ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა მომავალ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც ერთი წლის შემდეგ სამხრეთ კორეაში, პიონჩანგში ჩატარდება. ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამის მეშვეობით სეოკ-მა ჩვენს 4სპორტსმენს უკვე დაუნიშნა სტიპენდია, თითოეულს _ თვეში 1 500 დოლარის ოდენობით. ისინი დიდი ოლიმპიადის პოტენციური ლიცენზიანტები არიან.

მინისტრმა ხეჩიკაშვილმა ისაუბრა საქართველოში ზამთრის სპორტის პერსპექტივებზე, ჩვენი ბუნებრივი პირობების მაქსიმალურად გამოყენების აუცილებლობაზე, ამასთან დაკავშირებით _ საქართველოს მთავრობის და სპორტული ორგანიზაციების სერიოზელ გეგმებზე. მან წარმატება უსურვა ჩვენს სპორტსმენებს.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელმა, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა წარადგინა სპორტსმენები და დელეგაციის სხვა წევრები. ფესტივალზე საქართველოს 6 წარმომადგენელი ეყოლება: სამთო მოთხილამურეები _ ეკატერინე გოცირიძე, თამარ ბარბარაინი, ლაშა კურტანიძე და გიორგი კურტანიძე, ფიგურულად მოციგურავე ნიკა ეგაძე და სნოუბორდისტი ბაქარ მუშკუდიანი. ჩვენი დელეგაციის მედროშე იქნება ლაშა კურტანიძე, ოლიმპიურ მისიას სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია უხელმძღვანელებს.

ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი 12-17 თებერვალსUთურქეთის ქალაქ ერზრუმში გაიმართება. ფესტივალის პროგრამაშია ზამთრის სპორტის 9 სახეობა: ბიათლონი, თხილამურებით რბოლა, სამთო თხილამურობა, სნოუბორდი, ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომა, ფიგურული ციგურაობა, ქერლინგი, ყინულის ჰოკეი და შორტ-ტრეკი.
ფესტივალის გახსნისა (12 თებერვალი) და დახურვის (17 თებერვალი) ცერემონიალები ადგილობრივ საფეხბურთო სტადიონზე გაიმართება, უშუალოდ შეჯიბრებები კი 13-17 თებერვალს ჩატარდება და ინტერნეტის მეშვეობით გადაიცემა. თურქეთის მთავრობამ ფესტივალის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის 15 მილიონი ევრო გამოყო, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კი საგანგებო ზომები მიიღო.

საქართველოს სპორტსმენთაგან ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებზე ერთადერთი მედალი მოპოვებული აქვს ვახტანგ მურვანიძეს, რომელმაც 1997 წელს სუნდსვალში (შვედეთი) ფიგურულ ციგურაობაში მეორე ადგილი დაიკავა. 2015 წელს გამართულ ბოლო ფესტივალზე ქართველთაგან საუკეთესო შედეგი აჩვენა ირაკლი მაისურაძემ _ V ადგილი ფიგურულ ციგურაობაში.