საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადება

11 თებერვალი 2017

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცხინვალში ჩასულმა რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა და და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს. ეს არ არის რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სპორტულ ორგანიზაციებს შორის კონტაქტის დამყარების პირველი მცდელობა, რაც ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, როგორც საერთაშორისო სპორტში დამკვიდრებული წესების დარღვევა. საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციები, მათ შორის - მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანება, წევრ ფედერაციებს უკრძალავენ გაეროს მიერ არაღიარებული ტერიტორიების სპორტულ სტრუქტურებთან თანამშრომლობას. 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი პროტესტს აცხადებს რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის ამგვარი ნაბიჯის გამო, რაც წარმოადგენს არა მხოლოდ საერთაშორისო ნორმების იგნორირებას, არამედ არის უპატივცემულობა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის და მთელი ქართული სპორტის მიმართ.

სეოკ-ი მომხდარის თაობაზე შესაბამის ინფორმაციას მიაწვდის საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებს.