ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის განმარტება

13 თებერვალი 2017

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის საანგარიშო-საარჩევნო სესის შედეგების გასაჩივრების გამო დაწყებულ სასამართლო დავასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი:

- ამ დღეებში არაერთმა ჟურნალისტმა მოგვმართა კომენტარისთვის. სრულიად ბუნებრივი და გასაგებია მედიის და ქართული საზოგადოების ინტერესი ამ პროცესის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ სათქმელი ბევრი გვაქვს, ამ ეტაპზე არ ვთვლით მიზანშეწონილად, ოპონენტის ყოველ უპასუხისმგებლო საჯარო გამოსვლას განცხადებით ვუპასუხოთ. მეორეს მხრივ, ჩვენ პატივს ვცემთ სასამართლოს უზენაესობას, ოლიმპიური კომიტეტის აქტიურობა კი შეიძლება აღქმულ-იქნას, როგორც სასამართლო პროცესზე რაიმე გავლენის მოხდენის მცდელობა.

რაც შეეხება, პროცესის იურიდიულ მხარეს, დეტალური და კვალიფიციური განმარტებების მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ჩვენს ადვოკატებს.

აქვე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ სასამართლოს განჩინების მიღებისთანავე, ჩვენ ღიად გამოვთქვით ჩვენი პოზიცია მოსარჩელე მხარის სრულიად უსაფუძვლო პრეტენზიების გამო. ამის მერე ადვოკატებთან ერთად მოვაწყვეთ ბრიფინგი, გავასაჩივრეთ სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაგებელთან ერთად წარვადგინეთ ყველა სჭირო დოკუმენტი, რომლებითაც ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ სესია წესდების სრული დაცვით ჩატარდა. დანარჩენი უკვე სასამართლოს საქმეა.