ჭიდაობის ფედერაციაში ნაკრების ახალი მწვრთნელები დაასახელდნენ

14 თებერვალი 2017

ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვთნელების ვინაობა გახდა ცნობილი. პრეზიდიუმმა დასახელებულ კანდიდატებს ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გიორგი იანტბელიძე უხელმძღვანელებს, ზურაბ ჭიღლაძე 23 წლამდე ახალგარდული ნაკრების უფროსი მწვრთნელი იქნება, ემზარ ბედინეიშვილი ახალგაზრდულ, ხოლო გიორგი კვინიკაძე ჭაბუკთა ნაკრებებს მოამზადებენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ბექა როყვა გახდა. 23 წლამდე ახალგაზრდული ნაკრების უფროსი მწვრთნელი ოთარ ტატიშვილი, ზაზა სილაგაძე ახალგაზრდული, ხვიჩა ქორიძე კი,ჭაბუკთა ნაკრებების მწვრთნელები იქნებიან.

მთავარი მწვრთნელები თავად დააკომპლექტებენ დამხმარე მწვთნელების შემადგენლობას. პრეზიდიუმის სხდომაზე ფედერაციის არსებული წესდების დასახვეწად და ნაკლოვანი მხარეების აღმოსაფხვრელად იურისტების,მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენების შემადგენლობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ, პრეზიდიუმის წევრებს განუცხადა რომ ფედერაცია მხარს ვერ დაუჭერს ქართველი მოჭიდავეების გადინებას და სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობას. მან ასევე სურვილი გამოთქვა, რომ უცხოეთის სახელით მოჭიდავე თანამემამულეები სამშობლოში დაბრუნდნენ და ჩვენი ქვეყნის სახელით იასპარეზონ.


www.wrestling.ge