ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი: ნიკა ეგაძის VI ადლილი მოკლე პროგრამის შემდეგ

14 თებერვალი 2017

400-ათასიანი ერზრუმი თავის დროზე შუა აზიისა და ირანულ-ინდური დერეფნის მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. დღეს ის თურქეთში გეოგრაფიულად ყველაზე მაღალ ადგილზე განთავსებული ქალაქი და ქვეყნის ზამთრის სპორტულ-ტურისტული ცენტრია.

სწორედ ერზრუმში, 25-ათასიან საფეხბურთო სტადიონზე 12 თებერვალს გაიხსნა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობს კონტინენტის 34 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი. ისინი მედლებისთვის იბრძოლებენ სპორტის 7 სახეობაში.

რიგით მე-13 ევროპულ ფესტივალში სპორტის სამ სახეობაში (სამთო თხილამურობა, სნოუბორდი, ფიგურული ციგურაობა) საქართველოდან 6 სპორტსმენი მონაწილეობს.

გასაგები მიზეზების გამო, უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული - სპორტულ არენებს, ოლიმპიურ სოფელს, ოფიციალურ სასტუმროებს იცავენ სამხედროებისა და პოლიციელების გაძლიერებული და სათანადოდD აღჭურვილი ჯგუფები.

მასპინძლები ყველაფერს აკეთებენ, რომ სპორტსმენებმა, დელეგაციების წევრებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. ჩვენი სპორტსმენები და მწვრთნელები ამბობენ, რომ სავარჯიშო და საშეჯიბრო არენები კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამასთანავე, როგორც წესი, ასეთი მასშტაბის სპორტულ ღონისძიებას თან ახლავს ხოლმე გარკვეული ხარვეზები ორგანიზაციულ-ტექნიკური კუთხით, რომლებმაც აქაც იჩინა თავი. ოლიმპიური სოფელი სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის ბაზაზეა განთავსებული. თავიდან კვების პრობლემები არ იყო, მაგრამ შემდეგ გარკვეულმა დაბრკოლებებმა იჩინა თავი, თუმცა ყველაფერი მოგვარდა.

უნდა აღვნიშნოთ ის დიდი ყურადღება, რომელიც ჩვენი დელეგაციის მიმართ გამოიჩინა ერზრუმში სპეციალურად მივლინებულმა ტრაბზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენელმა დავით ბეჟაშვილმა.

უკვე გათამაშდა პირველი მედლები. ქართველმა სპორტსმენებმა ორ სახეობაში სცადეს ძალები, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, წარმატებებზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია. ერზრუმის სტარტები დაოსტატების გზაზე მხოლოდ პირველი ნაბიჯებია.

ფიგურული ციგურაობა:

ნიკა ეგაძე (ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე) - მოკლე პროგრამის შემდეგ-მე-6 ადგილი- 53:71.

სამთო თხილამურობა (სლალომი-გიგანტი):

გიორგი კურტანიძე - 31-ე ადგილი;

ლაშა კურტანიძე - დისკვალიფიკაცია I დაშვების შემდეგ;

ეკატერინე გოცირიძე - 46-ე ადგილი;

თამარ ბარბარიანი - 47-ე ადგილი.

 

სეოკ-ის პრეს-სამსახური