თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საჩივარი

15 თებერვალი 2017

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა ბრიფინგი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებას მიეძღვნა.

მედიის წარმომადგენლებს შესავალი სიტყვით მიმართა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.  „თქვენ გახსოვთ ჩვენი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს განჩინებამდე  კომენტარს არ გავაკეთებდით. რაკი განჩინება უკვე ხელთა გვაქვს, გვინდა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გაგაცნოთ. მანამდე გეტყვით, რომ  ბოლო პერიოდში რაც იწერება ზოგიერთი სააგენტოს მიერ და გადაიცემა ტელევიზიებით, მე მინდა გითხრათ, რომ არცერთ გამოხტომაზე, დაგეგმილ და გადახდილ, შეკვეთილ სტატიებზე ჯერჯერობით რეაგირებას არ ვახდენთ და ოლიმპიური სიმშვიდით თვალყურს ვადევნებთ მოვლენებს."  მერე ლერი ხაბელოვმა სიტყვა გადასცა სეოკ-ის ადვოკატს ირაკლი ყანდაშვილს.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საჩივარი და გააუქმა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიება, რომლის მიხედვითაც შეჩერებულ იქნა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის საანგარიშო ყრილობის შედეგების რეგისტრაცია, მათ შორის ხელმძღვანელის არჩევნების შედეგების ნაწილში",- განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.

 ადვოკატის განმარტებით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დღეის მდგომარეობით სამართლებრივად უფლებამოსილია და ეჭვის გამოთქმის უფლებაც არავის აქვს  2016 წლის 23 დეკემბრის საარჩევნო საანგარიშო სესიი კანონიერებასა და ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.