წარმატება 20 წლის შემდეგ

15 თებერვალი 2017

თურქეთის ქალაქ ერზრუმში მიმდინარე ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალის მესამე საშეჯიბრო დღე წარმატებული აღმოჩნდა ჩვენთვის.

ზამთრის კონტინენტალურ ფესტივალში 80-მდე ქართველმა სპორტსმენმა 12-ჯერ მიიღეს მონაწილეობა. დღემდე მხოლოდ ერთი ვერცხლის მედალი იყო ჩვენს ყულაბაში. ეს მედალი მოციგურავე ვახტანგ მურვანიძე 1997 წელს შვეციის ქალაქ სუნდსვალში მოიპოვა.

და აი, ზუსტად 20 წლის შემდეგ საქართველოს მეორე მედალი მოუტანა ნიკა ეგაძემ - ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ ფიგურულ სრიალში.

სავალდებულო პროგრამის შემდეგ ნიკა მე-6 ადგილზე იყო და მედლის აღებაც პრობლემატური ჩანდა, მით უმეტეს, ნიკას საშეჯიბრო გამოცდილება თითქმის არ ჰქონდა.

თავისუფალ პროგრამაში 14 მონაწილეს შორის ნიკა მე-9 გამოვიდა ყინულზე. 4-წუთიან პროგრამას მართლაც კარგად გაართვა თავი, განსაკუთრებით კი - ხტომებში, ზოგადად კი მისი პროგრამის ტექნიკური მხარე საკმაოდ მაღალი იყო.

უძლიერესი ხუთეულის გამოსვლისას ნერვებმა უმტყუნა თურქ, ბელორუს, ფრანგ და ესტონელ სპორტსმენებს, რომლებიც ცნობილი მწვრთნელების მეთვალყურეობით ვარჯიშობენ. ტექნიკურ ნაწილში ისინი აშკარად ჩამორჩებოდნენ ნიკას და ქართველმა სპორტსმენმა სრულიად დამსახურებულად მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ამას ყველანი ერთხმად აღიარებდნენ.

„თქვენ ძალიან კარგი ბიჭი გყავთ, მიხედეთ მას, მისგან მაღალი კლასის პროფესიონალი დადგება,"- ეს სიტყვები ეკუთვნის ფიგურული სრიალის სანკტ-პეტერბურგის მსოფლიოში ცნობილი სკოლის დამფუძნებელს და ხელმძღვანელს, მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების მრავალი ჩემპიონისა და პრიზიორის აღმზრდელს ალექსეი მიშინს.

„ ჩვენთვის ნიკა აღმოჩენაა, ყოჩაღ, მას კარგი მომავალი აქვს- განსაკუთრებით შთამბეჭდავია მისი ტექნიკური არსენალი"- გვეუბნება ბელორუსიის ფიგურული სრიალის ფედერაციის პრეზიდენტი ნიკოლაი ანანიევი. გვილოცავდნენ იტალიელი, თურქი, ესტონელი სპეციალისტები.

ეს წელი წარმატებულად დაიწყო ფიგურულ ციგურაობაში: ჯერ იყო მორის ყვითელაშვილის მე-6 ადგილი ევროპის ჩემპიონატზე, ახლა კი - ნიკა ეგაძის შთამბეჭდავი გამოსვლა ერზრუმში.განსაკუთრებული მადლობა უნდა ვუთხრათ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტს მარიამ გიორგობიანს, რომელიც ბევრს აკეთებს სპორტის ამ სახეობის განვითარებისათვის. დიდი მადლობა ნიკა ეგაძის პირად მწვრთნელს ლელა ჩოფიკაშვილს. მადლიერება უნდა გამოვხატოთ აჭარის სპორტის მესვეურების, განსაკუთრებით კი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების მიმართ, სადაც დიდ ყურადღებასა და სითბოს იჩენენ ნიკასა და მისი მწვთნელების მიმართ.

რა თქმა უნდა მადლობა უნდა ვუთხრათ ნიკას მშობლებს და სკოლის ხელმძღვანელობას , რომლებიც მაქსიმალურად უწყობენ ხელს ნიკას სპორტულ დაოსტატებაში.

მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ტურნირის მსაჯთა კორპუსში საქართველოს ჰყავდა ავტორიტეტული და თავისი საქმის კარგი სპეციალისტი - სალომე ჩიგოგიძე.

15 თებერვალს სნოუბორდში იასპარეზა ბაქარ მუშკუდიანმა. ის სამთო თხილამურებით იყო გატაცებული, სნოუბორდში კი ამ სახეობის დიდი ენთუზიასტის ლევან მშვილდაძის რეკომენდაციით გადავიდა. ერზრუმში ნიკას შედარებით უკეთ გამოუვიდა საკვალიფიკაციო სრიალი, მეორე ეტაპი კი ვერ დაძლია. საბოლოოდ, მან 18 მონაწილეს შორის მე-10 ადგილი დაიკავა და სარეიტინგო ქულებიც მოიპოვა.

სეოკ-ის პრესსამსახური