შეხვედრა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეებთან

20 თებერვალი 2017

20 თებერვალს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართა შეხვედრა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიდან დაბრუნებული საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრებთან. მათ მიესალმნენ და წარმატება მიულოცეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ფესტივალზე საქართველოს 6 წარმომადგენელი გამოვიდა: სამთო მოთხილამურეები - ეკატერინე გოცირიძე, თამარ ბარბარიანი, ლაშა კურტანიძე და გიორგი კურტანიძე, ფიგურულად მოციგურავე ნიკა ეგაძე და სნოუბორდისტი ბაქარ მუშკუდიანი. 

ამათგან ყველაზე უკეთ იასპარეზა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა 14 წლის მოციგურავე ნიკა ეგაძე. მოკლე პროგრამის შემდეგ ნიკა მეექვსე ადგილზე იყო, თავისუფალ პროგრამაში კი უფრო დამაჯერებლად გამოვიდა და საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავა, რაც ფესტივალის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილისთვის პირველი მნიშვნელოვანი სპორტული მიღწევაა.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ნიკა ეგაძეს, მის მწვრთნელს და ფიგურული ციგურაობის ფედერაციას მიულოცა ევროპული მედალი და ხაზი გაუსვა თვალშისაცემ პროგრესს, რაც სპორტის ამ სახეობაში შეინიშნება: "ჩვენი მოციგურავეებისთვის  წლევანდელი სეზონი წარმატებული გამოდგა. ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონატზე მორის ყვითელაშვილმა მეექვსე ადგილი დაიკავა, რაც უთუოდ აღსანიშნავი შედეგია, თან ეს შედეგი ნაჩვენებია მოახლოებული ზამთრის ოლიმპიადის წინ. ერზრუმში კი ნიკა ეგაძემ გვასახელა. 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპულ ფესტივალზე პირველი ჯილდო მოვიპოვეთ. ეს მეორე მედალია. აქედანაც ჩანს, თუ რაოდენ რთულია ამ შეჯიბრების პრიზიორთა შორის მოხვედრა."

ლერი ხაბელოვმა ნიკა ეგაძეს და მის მწვრთნელს ლელა ჩოფიკაშვილს ფულადი ჯილდო და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. საჩუქრები მიიღეს აგრეთვე ჩვენი გუნდის სხვა წევრებმა.

როგორც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მარიამ გიორგობიანმა აღნიშნა, ერთობლივმა ნაყოფიერმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და გამოჩნდნენ ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც კიდევ არაერთხელ გაგვახარებენ. მანვე სეოკ-ისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე დააყენა საკითხი თბილისში თანამედროვე საციგურაო სპორტული კომპლექსის აშენების აუცილებლობაზე. ეს საკითხი ასევე განიხილა სეოკ-ის აღმასკომმა, რომლის წევრებიც წლეულს პირველად შეიკრიბნენ.

ჩვენი გუნდის სხვა წევრების შედეგები:

სნოუბორდი

ბაქარ მუშკუდიანი - მე-10 ადგილი.

სამთო თხილამურობა:

ეკატერინე გოცირიძე - სლალომი - 37-ე ადგილი, სლალომი-გიგანტი - 46-ე;

თამარ ბარბარიანი - სლალომი - 38-ე, სლალომი-გიგანტი - 47-ე;

ლაშა კურტანიძე - სლალომი - მე-18, სლალომი-გიგანტი - 31-ე;

გიორგი კურტანიძე - სლალომი - 23-ე, სლალომი-გიგანტი (დისკვ.).

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი იყო სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, ოლიმპიურ მისიას კი სეოკ-ის სპორტულმა დირექტორმა გიორგი ესაკიამ უხელმძღვანელა.

სეოკ-ის აღმასკომის დასტურით, სეოკ-ში შეკრებილთა თანდასწრებით მოეწყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოგზავნილ ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ოფიციალური მიწვევის დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია.

 ზამთრის ოლიმპიადა ერთი წლის შემდეგ სამხრეთ კორეაში, პიონჩანგში ჩატარდება. დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ სეოკ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა მომავალი თამაშების მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი სპორტსმენები სამხრეთ კორეაში წინა თამაშებზე უკეთ გამოვლენ.  ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამის მეშვეობით სეოკ-მა  ჩვენს 4 სპორტსმენს უკვე დაუნიშნა სტიპენდია, თითოეულს - თვეში 1 500 დოლარის ოდენობით. ისინი დიდი ოლიმპიადის პოტენციური ლიცენზიანტები არიან.