სასკოლო ოლიმპიადა : სტარტი თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში

24 თებერვალი 2017

მოსწავლე ახალგაზრდობის ფიზიკური აღზრდის პრობლემები საქართველოს მთავრობის ყურადღების ცენტრში მოექცა და დაიგეგმა მთელი რიგი ღონისძიებები საიმისოდ, რომ  ქვეყნის საჯარო სკოლებში და სხვა სასწავლო დაწესებულებებში განსაკუთრებული ადგილი დაეთმოს მოსწავლეთა ჩართვას მასობრივ სპორტულ ღონისძიებებში. მთავრობის ამ ინიციატივას ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა თბილისის 51-ე საჯარო სკოლა, სადაც 24 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნა  სასკოლო ოლიმპიადა, რომელიც  სპორტის 12 სახებაში ჩატარდება და გამარჯვებულები ერთი თვის შემდეგ გამოვლინდებიან. სასკოლო ოლიმპიადის ორგანიზებაში ჩართულნი არიან სპორტული ორგანიზაციები, რომლებსაც მხარს უჭერენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

51-ე სკოლაში სასკოლო ოლიმპიადის გახსნას დასწრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი,  ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილდა გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, საქართველოს ძალოსნობის ფედერციის და ოლიმპიელთა კლუბის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე  და  სხვა საპატიო სტუმრები.

 ელგუჯა ბერიშვილმა  სასკოლო ოლიმპიადის მონაწილეებს წარმატებები უსურვა, 51-ე სკოლის ბიბლიოთეკას კი საჩუქრად გადასცა ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოცემული სპორტული ლიტერატურა.