საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით

27 თებერვალი 2017

2017 წლის 27 თებერვალს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში  საერთაშორისო  ოლიმპიური კომიტეტის გიდით   ჩატარდ სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსების (ASMC) პირველი სემინარი.

პროგრამის დირექტორმა, სეოკ-ის საერთაშორისო სამსახურის უფროსმა რუსუდან აფციაურმა სემინარის მონაწილეებს დეტალურად გააცნო მენეჯმენტის კურსების დანიშნულება, მიზნები, კურსების წარმატებით დასრულებისთვის აუცილებელი მოვალეობები.

სემინარის პერიოდში სეოკ-ის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, გენერალურმა მდივანმა ემზარ  ზენაიშვილმა, სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გურამ ძაგანიამ, მოწვეულმა სპორტის ექსპერტებმა  და ლექტორებმა  განიხილეს  პროგრამით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის  ოლიმპიური სპორტული ოგანიზაციების მართვა, სტრატეგიული მართვა, მარკეტინგი, მნიშნელოვანი სპორტული ღონისძიების ორგანიზება და სხვა.   

კურსის მონაწილეებს განემარტათ, რომ სპორტის მენეჯმენტის კურსები ძირითადად ეფუძნება თეორიულ ლექციებს სოკ-ის მიერ განსაზღვრულ მენეჯმენტის აქტუალურ საკითხებზე და ასევე  დისტანციურ სწავლებას მათთვის წინასწარ მიწოდებულ თემებზე.

„დღეიდან აქ ყალიბდება სასწავლო საზოგადოება, ჩვენი სიძლიერე მდგომარეობს ინფორმაციის მიღებასა და გაზიარებაში, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ გავაუმჯობესოთ  ჩვენი სპორტული ორგანიზაციების საქმიანობა სპორტის მაღალ დონეზე მართვის კუთხით,"- აღნიშნა რუსუდან აფციაურმა.

კურსის მონაწილეებს დაურიგდათ  MEMOS-ს სამაგისტრო საბჭოს მიერ შემუშავებული  სახელმძღვანელო მასალა და ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მათ ხელს შეუწყობს დეტალურად გაეცნონ სპორტული  მენეჯმენტის სფეროში არსებულ გამოცდილებას.

აღნიშნული პროგრამის ფრგლებში ოლიმპიური კომიტეტი მომდევნო თვეების განმავლობაში აქტიურად ითანამშრომლებს კურსებზე დარეგისტრირებული ეროვნული ფედერაციების, სპორტის სასწავლო უნივერსიტეტის,  სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების სპეციალისტებთან.

 კურსები დასრულდება 2017 წლის ზაფხულში, ხოლო წარმატებული მონაწილეები დაჯილდოვდებიან  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის  სერთიფიკატით.