დოპინგთან დაკავშირებული დისკუსია აშშ-ს კონგრესში

03 მარტი 2017

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში გაიმართა მოსმენა, რომელიც დოპინგთან ბრძოლის გაძლიერებას,  საერთაშორისო დოპინგსაწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტურობის ამაღლებას მიეძღვნა.

მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს ანტისადოპინგო სააგენტოს თავმჯდომარემ ტრევის ტაიგარტმა მკაცრად გააკრიტიკა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი. ტაიგარტის თქმით, პარალიმპური კომიტეტისგან განსხვავებით, სოკ-მა რუსეთის ათეულობით სპორტსმენს საშუალება მისცა მონაწილეობა მიეღო 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში. ამ სპორტსმენებს არ გაუვლიათ სანდო შემოწმება დოპინგზე. ეს იმას ნიშნავს, რომ სოკ-მა ბოლომდე ვერ დაიცვა „სუფთა" სპორტსმენები. „როცა დადგა პრინციპული გადაწყვეტილების მიღების დრო, მიუხედავად არაერთი მამხილებელი ფაქტისა და მტკიცებულებისა, სოკ-ი, ნაცვლად იმისა, რომ დაეკავებინა პრინციპული პოზიცია, მიესალმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გამოჩენას რიოში," - განაცხადა ტაიგარტმა.

მოსმენაზე მიწვეულ ხუთ მოწმეს შორის იყო ლეგენდარული ამერიკელი მოცურავე,  23-გზის ოლიმპიური ჩემპიონი მაიკლ ფელპსი. მან ხაზი გაუსვა სპორტში პატიოსანი თამაშის წესების მნიშვნელობას: „ჩემი ხანგრძლივი სპორტული კარიერის განმავლობაში, რა თქმა უნდა, მიფიქრია იმაზე, რომ ზოგიერთი სპორტსმენი არ იცავდა თამაშის ამ წესს. ჩემი ეს ეჭვი ზოგიერთ შემთხვევაში დადასტურდა კიდეც. მე მიჭირს ამის გაგება."

მოსმენაზე მიწვეულმა სოკ-ის წარმომადგენელმა მარკ ადამსმა აღიარა, რომ ჯერ კიდევ რჩება გაურკვევლობა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) მიერ შემოთავაზებულ სამომავლო ცვლილებებთან დაკავშირებით. მისი თქმით, „კონგრესში გამართული მოსმენების შემდეგ, რომელიც დოპინგის წინააღმდეგ  საბრძოლველად საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერებას მიეძღვნა, რჩება კითხვები WADA -ს როლისა და მოვალეობების, იქ მიმდინარე რეფორმების ირგვლივ."

მარკ ადამსმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სახელით გააკეთა განცხადება. ამ განცხადების თანახმად, სოკ-ი მიიჩნევს, რომ სპორტსმენების ტესტირებისა და სანქციების გამოყენების პროცესზე  გავლენას ვერ უნდა ახდენდნენ სპორტული ორგანიზაციები და ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული ქვეყნების ნაციონალურ ინტერესებზე.  ეს მკაფიოდ გაცხადდა 2015 წელს. სოკ-ი იმედოვნებს, რომ რეფორმების ეს პროცესი მოიპოვებს აშშ-ს და სხვა ქვეყნების მთავრობების მხარდაჭერას.