ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშების დედაქალაქს ფრენკ ფრედერიქსის გარეშე აირჩევენ

09 მარტი 2017

2024 წლის ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქის შესარჩევად შექმნილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის  შეფასების კომისიის თავმჯდომარე, სოკ-ის წევრი, ნამიბიელი  ფრენკ ფრედერიქსპოსტიდან გადადგა და მის ადგილზე დაინიშნა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივანი, შვეიცარიელი პატრიკ ბაუმანი.  ფრედერქსმა ასევე მოიხსნა 2018 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარის ულებამოსილება.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც სოკ-ის ეთიკის კომისიამ დაიწყო გამოძიება ფედერიკსთან დაკავშირებული კომპანიის საბანკო ანგარიშზე 2009 წელს  განხორციელებული საეჭვო გადარიცხვის გამო.

აშშ-ს საგადასახადო ორგანოების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, კორუფციაში ბრალდებული სოკ-ის წევრის, ასევე ნამიბიელი ლამინა დიაკის შვილმა მასატ დიაკმა სწორედ 2009 წელს, 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლად რიო დე ჟანეიროს არჩევამდე სამი დღით ადრე 300 ათასი აშშ დოლარი გადარიცხა ოფშორულ კომპანიაში, რომელთანაც კავშირშია ფრენკ ფრედერიქსი. თავის მხრივ, საფრანგეთის პოლიცია იძიებს ერთ-ერთი გავლენიანი ბრაზილიელი ბიზნესმენის კომპანიის საქმიანობას, რომელმაც 1,5 მილიონი დოლარი გადაუხადა მასატ დიაკის მიერ დაარსებულ ფირმას _  Pamodzi Consulting-ს.

49 წლის ფრედერიქსი უარყოფს ყოველგვარ სამართალდარღვევას, თუმცა, წმინდა ეთიკური მოსაზრებებით, დროებით  ტოვებს ყველა პოსტს სოკ-ში და სხვა საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებში: „მე ასეთი გადაწყვეტილება მივიღე იმის გამო, რათა არ შეფერხდეს სოკ-ის შეფასების კომისიის მუშაობა, ჩრდილი არ მიადგეს ჩემი კოლეგების მნიშვნელოვან საქმიანობას, რომელიც ხორციელდება 2024 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქის ასარჩევად,"-განაცხადა ფრედერიქსმა.

ფრენკ ფრედერიქსი 1990-იან წლებში ერთ-ერთი უძლიერესი სპრინტერი იყო: 1992 და 1996 წლებში 100 და 200 მეტრზე რბენაში ოთხჯერ მოიპოვა ოლიმპიური ვერცხლის მედალი, ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ კი აქტიური სპორტული მოღვაწე გახდა.

სოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს საგანგებო სხდომაზე უკვე იმსჯელეს ფრენკ ფრედერიქსის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებების თაობაზე. სხდომის შემდეგ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სოკ-ი იცავს უდანაშაულობის პრეზუმციის პრინციპებს,  ცნობად იღებს  ფრედერიქსის  გადაწყვეტილებას და სოკ-ის ეთიკის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად,  აკმაყოფილებს მის განცხადებას სოკ-ის შეფასების კომისიის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ.

სოკ-ის აღმასრულებელმა საბჭომ  შეფასების კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება მიანიჭა პატრიკ ბაუმანს, რომელიც აქამდე ამ კომისიის რიგითი წევრი იყო.

2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე პრეტენზიას აცხადებენ   პარიზი და  ლოს-ანჯელესი. სამწლიანი დაძაბული ბრძოლის გამარჯვებულს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის130-ე სესია პერუს დედაქალაქ ლიმაში დაასახელებს. ეს მოხდება 2017 წლის 13 სექტემბერს.

პარიზმა და ლოს-ანჯელესმა აქამდე ორ-ორჯერ უმასპინძლეს ოლიმპიურ თამაშებს (პარიზმა - 1900 და 1924 წლებში, ლოს-ანჯელესმა - 1932 და 1984 წლებში).