სამეგრელოს რეგიონალური ოლიმპიური ორგანიზაცია: გაკეთებული და გასაკეთებელი

10 მარტი 2017

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის  სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის გამგეობის სხდომზე  გაანალიზდა 2016 წლის საქმიანობის შედეგები და დამტკიცდა 2017 წლის სამოქმედო გეგმა. 

აღინიშნა, რომ ორგანიზაციის ახალმა ხელმძღვანელობამ შარშან ჩაატარა არაერთი საინტერესო ღონისძიება: რეგიონის 8 ქალაქში მოეწყო საერთაშორისო ოლიმპიური დღის აღსანიშნავი ღონისძიებები, ოლიმპიური გარბენის მონაწილეებს დარიგდა მაისურები სეოკ-ის  ემბლემებით, მათ ასევე გადაეცა  დიპლომები;  სეოკ-ის დაფინანსებით და ადგილზე მოზიდული სახსრებით ჩატარდა სამეგრელოს რეგიონის ჩემპიონატი 7-კაცა რაგბიში და ლელოში 8 გუნდის მონაწილეობით, მასობრივი ტურნირი ფუტსალში; წარმატებული სპორტსმენები და სპორტის მუშაკები დასაჩუქრდნენ „რიო-2016"-ის ემბლემიანი მაისურებით, სენაკის ფეხბურთელთა გუნდის წევრები კი - პიჟამოებით. რეგიონალურმა ორგანიზაციამ მონაწილეობა მიიღო რეგიონში გამართულ ყველა ღირსშესანიშნავ ღონისძიებაში, მათ შორის - ცოტნეობასა და ეგრისობაში. დეკემბერში 7-კაცა რაგბსა და ლელოში ჩატარდა საშობაო ფესტივალი სამეგრელოს, იმერეთის და გურიის გუნდების მონაწილეობით; სენაკში გაიხსნა რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტის მუზეუმი.

გამგეობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის პრეზიდენტმა დავით კილასონიამ ხაზი გაუსვა ოლიმპიური მოძრაობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა ცალკეული ქალაქებისა და რაიონების ხელმძღვანელებს, განსაკუთრებით კი გამოყო ხობის მუნიციპალიტეტი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ოლიმპიურ ღონისძიებებში.

„წლეულს ჩვენ ვგეგმავთ საქმიანობის გააქტიურებას ყველა მიმართულებით, - ამბობს დავით კილასონია, - პირველ რიგში, ეს ეხება საერთაშორისო ოლიმპიური დღის - 23 ივნისის აღსანიშნავ  მძლეოსნურ გარბენს, რომელიც უფრო მასობრივი უნდა გავხადოთ. ამ დღეს დაბადებულ სპორტსმენებს სპეციალურ პრიზებს გადავცემთ. უფრო ადრე, მაისში სენაკში ჩატარდება სამეგრელოს, აფხაზეთის, იმერეთის, აჭარის და გურიის რეგიონალური ოლიმპიური ორგანიზაციების ერთობლივი სპორტული თამაშები. ასევე ჩავატარებთ რეგიონის ღია ჩემპიონატს 7-კაცა რაგბიში და ლელოში თიბისი ბანკის, სეოკ-ის, რაგბის კავშირის და ლელოს ფედერაციის დაფინანსებით. დაგეგმილი გვაქვს საინტერესო ღონისძიებები ოლიმპიური განათლების მიმართულებით, ოლიმპიური ფასეულობების პოპულარიზაციისთვის."