რა წესით აირჩევენ 2024 და 2028 წლების ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქებს?

11 მარტი 2017

2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მასპინძელი გამოვლინდება 2017 წლის 13 სექტემბერს, პერუს დედაქალაქ ლიმაში, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 130-ე სესიის დელეგატები კენჭს უყრიან ორ კანდიდატს - პარიზსა და  ლოს-ანჯელეს.   თუმცა, შეიძლება ისე მოხდეს, რომ იმავე დღეს გამოცხადდეს 2028 წლის თამაშების მასპინძლის ვინაობაც.

ერთდროულად ორი ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქების შესაძლო არჩევაზე საუბარი დაიწყო გასული წლის მიწურულს, როცა სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა ყურადღება გაამახვილა პროცედურულ ხარვეზებზე და დააანონსა საარჩევნო წეისის შესაძლო ცვლილება: „ჩვენ გვმართებს იმის გათვალისწინება, რომ დღეს არსებული პროცედურა მოძველებულია, რადგანაც კანდიდატი ქალაქების შერჩევის პროცესს ჰყავს ძალიან ბევრი დამარცხებული."   ბახი შიშობს, რომ ამ ეტაპზე  წარუმატებლობის შემთხვევაში, პარიზი ან ლოს-ანჯელესი უარს იტყვიან 2028 წლის თამაშებისთვის  თავისი კანდუდატურის წამოყენებაზე, არასტაბილური ეკონომიკური ვითარების პირობებში კი სოკ-ს არ სურს ასეთი მნიშვნელოვანი პარტნიორების დაკარგვა.

ჯერ დაზუსტებით არავინ იცის, ახალი სისტემით ჩატარდება თუ არა 13 სექტემბერს ლიმაში დანიშნული კენჭისყრა, თუმცა სულ უფრო იზრდება მოლოდინი იმისა, რომ შესაძლოა სწორედ ლიმაში მიიღონ ისტორიული გადაწყვეტილება და ერთბაშად ორი ოლიმპიადის მასპინძლის ვინაობა გამოავლინონ. მაგალითად, თუ  2024 წლის თამაშებისთვის ბრძოლაში პარიზი გაიმარჯვებს, 2028 წლის თამაშებს ავტომატურად მიიღებს ლოს-ანჯელესი, ან - პირიქით.

ამ იდეას კონფიდენციალურად უკვე განიხილავენ მაღალ სპორტულ ეშელონებში. მას მომხრეც ბევრი ჰყავს და მოწინააღმდეგეც. სოკ-თან დაახლოებული წყაროები ადასტურებენ, რომ ე.წ. „ორმაგი კენჭისყრის" გამოყენება სავსებით რეალურია, თუმცა ჯერ არავინ იცის, საბოლოოდ რა პოზიციაზე იქნებიან თავად კანდიდატი ქალაქები. მათი თანხმობის გარეშე ძალიან რთული იქნება რაიმე გადაწყვეტილების მიღება ამ მიმართულებით. პარიზი და ლოს-ანჯელესი აცხადებენ, რომ მათ აინტერესებთ მხოლოდ 2024 წლის თამაშები, თუმცა  ლოს-ანჯელესის წარმდგენი კომიტეტის თავმჯდომარე კეისი ვასერმანი არ მალავს, რომ ერთდროულად ორი თამაშების მასპინძლის დასახელება „საინტერესო კონცეფციაა."

თუ პარიზს და ლოს-ანჯელესს მართლაც შესთავაზებენ  კენჭისყრის ახალ პირობებს და ისინიც დათანხმდებიან, მაშინ სოკ-ს აუცილებლად დასჭირდება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების საერთაშორისო ასოციაციის მხარდაჭერა, ასევე იმ ქვეყნებთან მოლაპარაკება, რომლებმაც უკვე გამოხატეს ინტერესი 2028 წლის თამაშების მიმართ. გარდა ამისა, აუცილებელი იქნება ოლიმპიურ ქარტიაში ცვლილებების შეტანა, რაც საკმაოდ პრობლემატური საკითხია.

„ბახის ეს იდეა  ძალიან ჭკვიანურია, - ამბობს სპორტული მარკეტინგის ცნობილი სპეციალისტი, სოკ-ის სპონსორული პროგრამის ერთ-ერთი შემქმნელი პატრიკ ნალი,  - მან კარგად უწყის იმ პრობლემების შესახებ, რომელთან გამკლავებაც სოკ-ს უწევს. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა შეიძლება წარმოიშვას იმ შემთხვევაში, თუ ლოს-ანჯელესი პარიზთან ბრძოლაში დამარცხდება. კომერციული თვალსაზრისით, პარიზი არც ისე მნიშვნელოვანი ქალაქია სოკ-ის სტრუქტურებისთვის. ბახი თავს უფლებას ვერ მისცემს, გარისკოს და საფრთხის ქვეშ დააყენოს ერთიანი მარკეტინგული სივრცე, რომელზედაც მთლიანად არის დამოკიდებული სოკ-ის მომავალი. ამ სივრცეში განსაკუთრებული ადგილი უკავია ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც დიდი ფინანსური კრიზისის პერიოდში, 1980-იან წლებში მაშველ რგოლად მოევლინა ოლიმპიურ მოძრაობას."

ნალის თქმით, სოკ-ის პრეზიდენტის იდეას  მხარს უჭერენ კომიტეტის ძირითადი წევრები და ამის შესახებ მალე საჯაროდ გახდება ცნობილი: „ეს არის ძალიან პრაქტიკული წინადადება. მოდით, არავის არ დავწყვიტოთ გული - ორივენი გამოვაცხადოთ გამარჯვებულებად და ამავდროულად გაიმარჯვებს ოლიმპიური მოძრაობაც!"

ამ დღეებში ბახის მხარდამჭერთა რიგებს შეუერთდა სოკ-ის ბრიტანელი წევრი ადამ პენგილი.  რიჩარდ პუნდის შემდეგ, პენგილი გახდა საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის მეორე მაღალჩინოსანი, რომელმაც ღიად გამოხატა თავისი დადებითი პოზიცია. მისი აზრით, თუ პარიზი და ლოს-ანჯელესი 2024 და 2028 წლების თამაშების მასპინძლობის უფლებას გაინაწილებენ, ამ გონივრული ნაბიჯით ჩვენ მივიღებთ სტაბილურ ოლიმპიურ ათწლეულს: „ამ აზრამდე მივედი ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ. ჩვენ, სოკ-ის წევრები, ვართ ოლიმპიური თამაშების და ოლიმპიური მოძრაობის მეურვეები და როცა ასეთ უნიკალურ ვითარებაში აღმოვჩნდით, უნდა მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილება ოლიმპიური სტაბილურობის სასარგებლოდ."

თუმცა, ახალ იდეას ასევე ჰყავს კრიტიკოსები და მათ შორის  სოკ-ის მაღალჩინოსნებიც არიან. სოკ-ის ოთხიდან სამმა ვიცე-პრეზიდენტმა  ფრთხილი ეჭვი გამოთქვა ან ღიად გამოხატა უკმაყოფილება კანდიდატი ქალაქების არჩევის წესში შესატანი მოსალოდნლი ცვლილებების გამო. ისინი შიშობენ, რომ პროცესის ფინიშზე თამაშის წესების შეცვლა არადემოკრატიული იქნება და იმოქმედებს იმ ქალაქების განწყობებზე, რომლებსაც სურვილი აქვთ ჩაებან 2028 წლის თამაშებისთვის ბრძოლაში.

სოკ-ის ერთ-ერთმა ვიცე-პრეზიდენტმა, ავსტრალიელმა ჯონ კოუტსმა განაცხადა, რომ „ჯერ ბოლომდე არ ჩამოყალიბებულა იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა გაკეთეს ეს ყველაფერი."  კოუტსის თურქი კოლეგის უგურ ერდენერის აზრით „დღეისათვის ამის გაკეთება შეუძლებელია."  კიდევ ერთი ვივე-პრეზიდენტი, ჩინელი ცაიცინ იუ ამბობს, რომ  რაკი საქმე ეხება ოლიმპიურ ქარტიას, „ეს საკითხი აუცილებლად უნდა განიხილოს სოკ-ის სესიამ."

საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტის პრეზიდენტი ფილიპ კლეივენი აცხადებს, რომ, როგორც წესი, ის არ ემხრობა ცვლილებებს, როცა პროცესი უკვე დასასრულს უახლოვდება. რაც შეეხება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს, შეიხ ახმად ალ-ფახად ალ-საბახს, ის ჯერჯერობით ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად  ცვლილებების მომხრეა. კუვეიტელი შეიხი სოკ-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრია და თომას ბახის ერთგულ თანამოაზრედ ითვლება.

ჯერჯერობით უცნობია, რას ფიქრობს თავად თომას ბახი მას შემდეგ, რაც მან მოისმინა ოპოზიციური მოსაზრებები კოლეგებისგან, რომლებიც მის მოკავშირეებად ითვლებიან;  შეიცვალა თუ არა ბახის პოზიცია მომავალ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით? სოკ-ის პრეზიდენტს გერმანული მედიისთვის მიცემულ ბოლო ინტერვიუში ეს საკითხი საერთოდ არ უხსენებია.

ვარაუდობენ, რომ „ორმაგი კენჭისყრის" თემა შეიძლება იქცეს მსჯელობის საგნად სოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს სხომაზე, რომელიც 16-17 მარტს პიონჩანგში გაიმართება.