იმერეთის საკალათბურთო ოლიმპიური ფესტივალი გოგონებს შორის

12 მარტი 2017

დასასრულს უახლოვდება იმერეთის საკალათბურთო ოლიმპიური ფესტივალი 2002-2004 წლებში დაბადებულ გოგონებს შორის. შეჯიბრების ორგანიზატორია იმერეთის კალათბურთის ფედერაცია, მხარდამჭერი - იმერეთის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტი. ქუთაისის სულიკო თორთლაძის სახელობის სპორტულ სკოლაში ფინალში 18 მარტს ერთმანეთს შეხვდებიან ქუთაისისა და ხარაგაულის გოგონათა გუნდები. ფესტივალი, რომელიც ერთი თვეა გრძელდება, საინტერესო ოლიმპიური საგანმანათლებლო - შემეცნებითი აქტივობებით იყო დატვირთული. მონაწილე გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ოლიმპიურ ვიქტორინაში, მათ ჩაუტარდათ ლექციები ოლიმპიზმის ისტორიაზე. დიდი ინტერესი გამოიწვია ქუთაისის სპორტული მუზეუმის დათვალიერებამ, სადაც ფესტივალის მონაწილეები გაეცვნენ ქართველი სპორტსმენების მიღწევებს ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე. ფესტივალის პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ სხვადასხვა აქტივობებში გამარჯვებული გოგონები იმერეთის რეგიონალურმა ოლიმპიურმა კომიტეტმა დაჯილდოვა სამახსოვრო საჩუქრებით, ოლიმპიური ლიტერატურით.