სოკ-ის საკოორდინაციო კომისია პიონჩანგში

13 მარტი 2017

13-18 მარტს პიონჩანგში იმუშავებს  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისია, რომელიც დეტალურად შეისწავლის  ზამთრის 23-ე ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პროცესს.  კომისიის წევრები ოლიმპიადის სტარტამდე 11 თვით ადრე შეეცდებიან საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად შეიმუშაონ  ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც ერთგვარი საგზაო რუკა იქნება მზადების პროცესში ჩართული ყველა მხარისთვის. კომისიის მუშაობის პერიოდში ოლიმპიადის დედაქალაქში ასევე გაიმართება წარმომადგენლობითი სხდომა საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის უმაღლესი ხელმძღვანელების მონაწილეობით.

სოკ-ი შეეცდება სწორედ მომავალ კვირას შეისწავლოს და მოაგვაროს მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც ზამთრის თამაშებისათვის მზადების ამ ეტაპზე არსებობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 10 მარტს საბოლოოდ დასრულდა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პაკ კინ ჰეს იმპიჩმენტის პროცესი და ქვეყანა უმაღლესი მმართველის გარეშე დარჩა.

სოკ-ს განსაკუთრებით ის ამბავი აღელვებს, რომ ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოცხადებულა ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი. მასპინძლები ირწმუნებიან, რომ პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, მოსამზადებელი სამუშაოები საჭირო ტემპით გაგრძელდება.

 „პიონჩანგი-2018"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ლი ჰი-ბომი და სოკ-ის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარე გუნილა ლინდბერგი მზადყოფნას გამოთქვამენ  ნაყოფიერად ითანამშრომლონ, რათა პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს. საორგანიზაციო კომიტეტის პრეს-მდივნის სუნგ ბაიკის განცხადებით, „კომიტეტი ნაკისრი ვალდებულებების ერთგულია და ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ მომავალი ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები უმაღლეს დონეზე ჩატარდეს და ჩვენი ქვეყანა საუკეთეოსო კუთხით წარმოჩინდეს."

15 მარტს პიონჩანგში ასევე ჩავლენ სოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრები პრეზიდენტ თომას ბახის ხელმძღვანელობით.

დამკვირვებლების ვარაუდით, სოკ-ის მაღალჩინოსნები პიონჩანგის საოლიმპიადო სამზადისის დღევანდელი ტემპებით კმაყოფილნი დარჩებიან, რადგანაც ძირითადმა  ოლიმპიურმა ობიექტებმა წარმატებით გაიარეს ტესტირება.