მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) ყოველწლიური სიმპოზიუმი
13 მარტს ლოზანაში გაიხსნა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) ყოველწლიური სიმპოზიუმი, რომელიც წლეულს მეცამეტედ იმართება. WADA -ს ხელმძღვანელები, საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციები, ეროვნული და რეგიონალური ანტისადოპინგო სააგენტოები, WADA -ს აკრედიტებული ლაბორატორიები, დიდი საერთასორისო შეჯიბრებების ორგანიზატორები, სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები იმსჯელებენ დოპინგთან ბრძოლის აქტუალურ საკითხებზე. სიმპოზიუმში მონაწილეობს საქართველოს ეროვნული ანტისადოპინგო სააგენტოს ხელმძღვანელი პალიკო კასრაძე.
WADA -ს სიმპოზიუმის დაწყებამდე ეროვნული ანტისადოპინგო ორგანიზაციების ინსტიტუტმა (INADO) გამოაქვეყნა წინადადებების ნუსხა, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ხელმძღვანელი სტრუქტურების რეფორმირების „კონკრეტულ ზომებს." INADO-ს ხუთპინქტიანი გეგმის მთავარი გზავნილია აღმოფხვრა ინტერესთა ფუნდამენტური კონფლიქტისა, რომლის არსებობა გარდუალია იმ შემთხვევაში, როცა ანტისადოპინგო გადაწყვეტილებები კონტროლდება სპორტული ორგანიზაციების მიერ.
„INADO-ს წინადადებები მიმართულია იქითკენ, რომ მიღწეულ იქნას რეალური ცვლილებები WADA -ს დღეს მოქმედ მმართველობით სტრუქტურებში და, ბოლოს და ბოლოს, აღმოიფხვრას ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც დიდი ხანია აფერხებს „სუფთა" სპორტსმენების უფლებების სრულ დაცვას,"_ ნათქვამია INADO-ს განცხადებაში.
INADO-ს ასევე აუცილებლად მიაჩნია WADA -ს უფლებამოსილების გაზრდა, რათა მან სრულფასოვნად გამოიძიოს და გააკონტროლოს ანტისადოპინგო წესების დაცვა, სანქციები დაუწესოს ყველა იმ ქვეყანას და ორგანიზაციას, რომლებიც მონაწილეობენ დოპინგით მანიპულაციის სახელმწიფო სისტემის შექმნაში და პასუხისგებაში მისცეს კონკრეტული დამნაშავე პირები.
დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი თემაა „მართლაც დამოუკიდებელი ანტისადოპინგო ორგანიზაციის შექმნა, რომელსაც ექნება შეუვალი გლობალური ავტორიტეტი."
WADA -ს ყოველწლიური სიმპოზიუმის დელეგატები, სხვა არაერთ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, გეგმავენ ეროვნული ანტისადოპინგო ორგანიზაციების ინსტიტუტის ამ წინადადებების პაკეტის განხილვას.